სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აგვისტოს ომის სამაგალითო ქართველი გმირი 18 აგვისტოს 26 წლის გახდებოდა (ვიდეო)

„მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია თუ – როგორ მოკვდები. და რის ჩადენას მოასწრებ...“ – გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“.

დღეს საქართველოში თითქმის ყველამ იცის, ვინ იყო გიორგი ანწუხელიძე. იციან, რომ საქართველოს ერთგულმა ჯარისკაცმა, 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილმა, ოსური ბანდფორმირებებისა და რუსი ოკუპანტების მხრიდან სასტიკი წამების მიუხედავად, არც დაიჩოქა, არც საქართველოს დროშას დააბიჯა ფეხი და არც მიწას აკოცა, რასაც ასე დაჟინებით ითხოვდნენ მისგან. მისი წამების დროს, როცა ვერ გატეხეს, რამდენიმე გაოცდა კიდეც. „რა მაგარი ვინმეა, უყურებ?“, – ისმის ვიდეოში, რომელიც ერთ–ერთმა ჯალათმა გადაიღო. მტრები გააოცა ქართველი ჯარისკაცის სიმტკიცემ, მაგრამ ისინი მე–13 საუკუნის მონღოლებზე დაბალი შეგნებისანი აღმოჩნდნენ – გორგი ანწუხელიძეს ცოტნე დადიანის მსგავსად კი არ მოექცნენ, ჯერ წიხლებით შესდგნენ, მერე კი დახვრიტეს. როცა გიორგის ცხედარი, ბოლოს და ბოლოს, იპოვეს, მას არცერთი კბილი არ ჰქონდა შერჩენილი... სახეში ურტყამდნენ, ეკითხებოდნენ, გუშინ რა ადგილას იყავით პოზიციებზეო, თავზე ფეხს ადგამდნენ და ზურგსუკან ხელებშეკრული ჯარისკაცის ქედის მოდრეკას ცდილობდნენ, რათა მას მიწისთვის ეკოცნა, მაგრამ გიორგი, როგორც კი ჩექმას კისრიდან მოაცილებდნენ, თავს მაღლა სწევდა და მხოლოდ სისხლს აფურთხებდა. ყველა კითხვაზე ერთსა და იმავეს ლუღლუღებდა: „აზრზე არ ვარ...“

გიორგი ანწუხელიძე ალვანელი თუში იყო და ომამდე და ჯარისკაცობამდე ისევე ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი, მთის მოყვარული და მთის შვილი ბიჭები ცხოვრობენ. მერე იყო ჯარისკაცობა, ერაყი და 2008 წლის აგვისტო. იგი 41–ე ბატალიონის ჯარისკაცი გახლდათ...

9 აგვისტოს გაუჩინარებული გიორგის ასავალ–დასავალი არავინ იცოდა. 5 თვის განმავლობაში არ ჩანდა. 5 თვის განმავლობაში, მისი ოჯახის წევრებს მისი გამოჩენის იმედი არ დაუკარგავთ. მერე კი საზარელი ამბავი შეიტყვეს. მაგრამ მთავარი გამოცდა წინ ელოდათ. ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ინტერნეტით გავრცელდა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები. დაუდგენელია, ვინ ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯალათებმა, მათდაუნებურად, დიდი სამსახური გაუწიეს გიორგის გმირობის პოპულარიზაციას: მისი გმირობის შესახებ უკვე არამარტო საქართველოში იციან. გიორგის მეუღლემ, მაკამ ამ საზარელი კადრების მხოლოდ დასაწყისი ნახა... დღემდე ვერ სძლია თავს, რომ დანარჩენს უყუროს...

სხვათა შორის, 2009 წელს შსს–ს თანამშრომლებმა ოსი ბოევიკი, ცხინვალის მილიციის ერთ–ერთი შეფი, სოსლან პუხაევი დააკავეს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი კადრებში არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმა, როგორ აგინებს ქართველ ჯარისკაცს და ეუბნება: „მიწას იკოცე!“. ალბათ, ქართველი ჯარისკაცის წამების დროს პუხაევი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მას მოუწევდა ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა.

დღეს გიორგი ანწუხელიძე 26 წლის გახდებოდა. როგორი მძიმეც უნდა იყოს, „დრონი.ჯი“ გთავაზობთ კადრებს, რომლებიც, ალბათ თქვენს უმრავლესობას ნანახი აქვს...

გიორგი ანწუხელიძის გმირობას მის გარეშე დარჩენილი სამშობლო დღეს კიდევ ერთხელ იგონებს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100