სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი საწვავის ფასებზე ალაპარაკდა

ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბისვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„რა ფასი ეღირება ნავთობი...
ანუ გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში

რა იწვევს ნავთობის ფასების ფორმირებას? რამდენია ნავთობის მოპოვების თვითღირებულება? შესაძლებელია თუ არა საქართველოში ბენზინის ფასის შემცირება?

საზოგადოების მოლოდინი საწვავზე ფასების საგრძნობი კლების შესახებ საფუძველს არის მოკლებული. ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს არ ჩამოსცილდება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ბენზინის ფასი კლებისკენ არ შეიცვლება. ჩვენი კეთილდღეობა ფასების კლებაზე არ უნდა დავამყაროთ. გამოსავალი ერთია - შეუქცევადი ეკონომიკური განვითარება, რაც თითოეული ოჯახის შემოსავლების ზრდის ერთადერთი შანსია.

„მილიარდერის მთავრობის“ მოსვლით ბენზინზე ფასების მკვეთრი კლების ოცნება უკვე ისტორიას ჩაბარდა. ამიტომ წინა პლანზე იწევს ზოგადად ეკონომიკაზე და კონკრეტულად ბენზინის ფასზე პრაგმატული მსჯელობა.

საშუალოდ განვითარებულ ქართულ ეკონომიკაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის ხარჯებში ბენზინის ხარჯის წილი დიდ როლს თამაშობს. დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ბენზინის ფასს არა მთავრობა, არამედ ნავთობზე საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს.

თუ ნავთობის საერთაშორისო ფასების წარმოქმნაზე უამრავ საფუძვლიან თუ სპეკულაციურ სტატიას, სამეცნიერო შრომას და პროგნოზებს გავეცნობით, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე გაბატონებული კლიშე:

კლიშე #1 - ერთ ბარელ ნავთობის ფასს განსაზღვრავს არა თავისუფალი ბაზარი, არამედ ბირჟის სპეკულიანტები;

კლიშე #2 - ერთ ბარელ ნავთობის ფასს განსაზღვრავს „ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია“ – OPEC (ნავთობის მსხვილ მომპოვებელთა კარტელი);

კლიშე #3 - მაღალი ფასის შენარჩუნებას იწვევს სანქციები ირანის წინააღმდეგ და ირანული ნავთობის ბაზარზე მოხვედრის შეზღუდვა;

კლიშე #4 - რუსეთი, საერთაშორისო დაძაბულობის წახალისებით (ჯერ მუამარ კადაფის, შემდგომ კი ბაშარ ასადის მხარდაჭერის გზით) ფასების ზრდას უწყობს ხელს, რათა ნავთობის ვაჭრობისგან მეტი მოგება მიიღოს;

კლიშე #5 - საერთაშორისო ნავთობმომპოვებელი კომპანიები ხელოვნურად ქმნიან დეფიციტებს და ინარჩუნებენ მაღალ ფასებს, რათა კომპანიების კაპიტალიზაცია გაზარდონ;

კლიშე #6 - ფასებზე დიდ გავლენას აშშ-ს ნავთობის სტრატეგიული რეზერვების მოცულობა ახდენს;

კლიშე #7 - ყველა, ან ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი იწვევს ერთი ბარელი ნავთობის ფასის 100 აშშ დოლარზე მაღლა შენარჩუნებას.

ყველა ამ კლიშეს შეიძლება გააჩნდეს გარკვეული საფუძველი. შეიძლება, ზოგიერთი ამ ფაქტორის გააქტიურება ხანდახან იწვევს ფასების გარკვეულ კორექციას. თუმცა არსებობს ამ კლიშეების საწინააღმდეგო უამრავი არგუმენტიც. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

- ბაზრის მოქმედების კანონის მიხედვით, ბირჟის სპეკულიანტები ბაზარზე მხოლოდ ეპიზოდურ, მოკლევადიან გავლენას ახდენენ;

- OPEC ნავთობის მსოფლიო მოპოვების მხოლოდ 42%-ს აკონტროლებს და ორგანიზაციას წევრი ქვეყნებისთვის კვოტების კონტროლის ეფექტური მექანიზმი არ გააჩნია;

- ირანი მაინც ახერხებს ნავთობით ვაჭრობას, თუმცა, ხშირად, ნაკლებად მომგებიანი გარიგებებით, მაგალითად ჩინეთთან და ინდოეთთან;

- საერთაშორისო კონფლიქტები ვერ ახდენს სერიოზულ გავლენას ნავთობის ფასზე. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „მშვიდობიანობის“ დროს ფასები არ მცირდება;

- ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდი საერთაშორისო კომპანიები სულ უფრო ნაკლებად აკონტროლებენ ნავთობმოპოვების პოლიტიკას. დღეს ეს გიგანტები ნაციონალურმა ნავთობკომპანიებმა ჩაანაცვლეს. ერთ დროს გავლენიანი „ExxonMobil“, „BP“, „Shell“ და სხვები მკვეთრად ჩამორჩებიან ჩინურ, არაბულ, რუსულ, ბრაზილიურ, ვენესუელურ და სხვა სახელმწიფო კომპანიებს რესურსების კონტროლსა და გავლენაში;

- ბოლო წლების ე.წ. „ფიქალის რევოლუციის“ წყალობით აშშ-მ მკვეთრად შეამცირა ენერგორესურსების იმპორტი (აშშ-მ წელს მესამე ადგილიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა ენერგორესურსების მოპოვებაში, გაუსწრო რა საუდის არაბეთს და რუსეთს). არც ამ ფაქტს გამოუწვევია ნავთობის ფასის მნიშვნელოვნად კლება;

ამ არგუმენტებსაც, ზემოთ ჩამოთვლილ კლიშეებთან ერთად აქვთ გარკვეული საფუძველი. თუმცა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტი ძირითადად თეორიულ და ანალიტიკურ აზროვნებას ეყრდნობა და შესაბამისად არ არის ბოლომდე სანდო. საბოლოოდ ნავთობის ფასზე ძირითად გავლენას ახდენს ერთი რამ - ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი ნავთობის მოპოვების და მიწოდების თვითღირებულება.

ისმის ლოგიკური შეკითხვა - რამდენია ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულება? ამ შეკითხვაზე მოკლედ რომ ვუპასუხოთ - დღეს, მსოფლიოში ნავთობზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ერთ ბარელ ნავთობზე ფასი 100 აშშ დოლარზე ქვემოთ ვერ ჩამოვა.

შეიძლება ვინმე შემომედავოს და დაასაბუთოს, რომ ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში ან ზოგიერთ საბადოზე ერთი ბარელი ნავთობის მოპოვება და ტრანსპორტირება 10 აშშ დოლარს არ აღემატება. მეც დავეთანხმები ამ ციფრების სიზუსტეში. მაგრამ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ერთ საბადოზე, ერთ ქვეყანაში ან თუნდაც ერთ რეგიონში მოპოვებული ნავთობის თვითღირებულება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მოთხოვნის (დღიური მოპოვება 93-97 მილიონი ბარელი დღეში) ყველაზე ძვირი 5-10 მილიონი ბარელის მოპოვების თვითღირებულებას. თუ ამ უკანასკნელის თვითღირებულებამ გადააჭარბა ფასს, მისი მოპოვება შეჩერდება და ნავთობის ბაზარი დეფიციტს მყისიერად „დააბალანსებს“ ფასის ზრდით.

მოკლედ განვიხილოთ სხვადასხვა ქვეყნებში და განსხვავებული მეთოდებით მოპოვებული ნავთობის თვითღირებულება. წარმოგიდგენთ მონაცემებს სხვადასხვა ფორმით მოპოვებული ნავთობის თვითღირებულებისა და მარაგების შესახებ:

1. არაბეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საბადოებში ტრადიციული მეთოდებით მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულება - 10-30 აშშ დოლარი, რეზერვი 1120 მილიარდი ბარელი, ანუ მსოფლიო რეზერვების 20%;

2. სხვა საბადოებში ტრადიციული მეთოდებით მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულება - 10-75 აშშ დოლარი, რეზერვი 1220 მილიარდი ბარელი, ანუ მსოფლიო რეზერვების 23%;

3. ნავთობშემცველი ქვიშების გადამუშავებიდან მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულება - 50-90 აშშ დოლარი, რეზერვი 1500 მილიარდი ბარელი, ანუ მსოფლიო რეზერვების 28%;

4. კირქვის დამუშავებისგან მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულება - 40-100 აშშ დოლარი, რეზერვი 1070 მილიარდი ბარელი, ანუ მსოფლიო რეზერვების 20%;

5. რთულ პირობებში მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულება - 60-100 აშშ დოლარი, რეზერვი 240 მილიარდი ბარელი, ანუ მსოფლიო რეზერვების 5%;

6. ღრმა ზღვის ფსკერიდან მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულება - 70-90 აშშ დოლარი, რეზერვი 160 მილიარდი ბარელი, ანუ მსოფლიო რეზერვების 3%;

7. სხვა წყაროებით მოპოვებული ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულება - 40-100 აშშ დოლარი, რეზერვი 90 მილიარდი ბარელი, ანუ მსოფლიო რეზერვების 1.6%;

ეს მონაცემები იძლევა საკმარის საფუძველს, რათა ვივარაუდოთ, რომ გრძელვადიანად ერთ ბარელ ნავთობზე ფასის 100 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოსვლას არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად არც ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასის დაწევას არ უნდა ველოდოთ. უფრო მეტიც, გასული წლების გამოცდილებით, ნავთობზე ფასების მუდმივი ზრდა გარდაუვალია.

გამოსავალი მხოლოდ ერთია - საქართველოს ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეუქცევადი უნდა იყოს. ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას ნავთობის და ბენზინის ფასებზე, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი შემოსავალი გავზარდოთ.“ - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100