სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამხრეთკორეელი მეცნიერების დასკვნა: ძუძუს კიბოს დადგენა სუნთქვით

სამხრეთკორეელი მკვლევარები ირწმუნებიან, რომ შეიმუშავეს უმარტივესი ტესტი
ძუძუს კიბოს დასადგენად. სუნთქვის ანალიზის დახმარებით შესაძლებელია ამ ვერაგი დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.

სტატისტიკის მიხედვით, ძუძუს კიბო ქალებისთვის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სასიკვდილო ონკოლოგიური დაავადებაა. სამწუხაროდ, არაიშვიათად მისი დადგენა გვიან სტადიაზე ხდება, რადგან სიმსივნე დიდი ხნის მანძილზე არ ავლენს თავის არსებობას ორგანიზმში, ხოლო მეტასტაზირების სტადიაზე კი ძუძუს კიბოს დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ადრეულ სტადიებზე სიმსივნე ძალიან კარგად ექვემდებარება მკურნალობას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი ტესტით ძუძუს კიბოს განსაზღვრისათვის საკმარისია პაციენტისთვის მხოლოდ სუნთქვის ანალიზის გაკეთება. კვლევის პროცესში ტესტირება ჩაუტარდა ძუძუს კიბოს მქონე 35 ქალს და ასევე, 35 ჯანმრთელ ქალს. აპარატმა ასპროცენტიანი სიზუსტე აჩვენა.

როგორც იტყობინებიან, ამ ანალიზის შემუშავებაზე სამხრეთკორეელ მეცნიერებს უბიძგა ძაღლის ყნოსვითმა უნარმა. სუნთქვის ანალიზატორებს შეუძლიათ იგრძნონ იმ არამდგრადი ორგანული კომპონენტების სუნი, რომელთა გამოყოფაც ძუძუს კიბოს საწყის სტადიებზე ხდება.

“სუნთქვის ანალიზატორის დახმარებით ჩვენ მივიღეთ ინსტრუმენტი ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის, რაც ექიმებს მკურნალობის დროულად დაწყების საშუალებას მისცემს”,- აღნიშნავენ კომპანია RNL Natural Co-ის მკვლევარები. აღნიშნული მეთოდი მარტივია და უმტკივნეულო. იგი სრულიად ხელმისაწვდომია ქალებისთვის, რომლებიც შეშფოთებულები არიან ამ დაავადების გამო და სურთ გამოკვლევა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევა არ არის ძვირადღირებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100