სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბ გაფრინდაშვილი: ტყუილია, თითქოს მეწყერები გააქტიურდება, მოხვდება წყალსაცავში, ეს კი წარმოშობს 30-მეტრიან ტალღას, რომელიც წალეკავს დასავლეთ საქართველოს ნახევარს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, ავტორების მოსაზრებებს არ იზიარებს და იმ დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, რისი მოტანაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესებს შეუძლიათ .

“არავინ აქცევს ყურადღებას იმ დადებითს, რაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესს შეუძლია მოგვიტანოს. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიულ-დატბორვითი პროცესები ხშირია, თუკი ხდება წყლის ნაკადების რეგულირება წყალსაცავების მეშვეობით, ბუნებრივი საფრთხე სულ მცირე, 30-50%-ით მცირდება. ატომღაც გვავიწყდება, რომ ჟინვალისა და ზაჰესის ჰესების სწორმა ოპერირებამ თბილისის რიყის უბანი (ე.წ. პესკები“) ორჯერ დატბორვას გადაარჩინა” - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

რაც შეეხება ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში, ქვედა ონჭეიშში (სოფელ მოლეკურაში) რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მასშტაბის ქვათაცვენის გააქტიურებას, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, გეოლოგიური სამსახურის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად ხორციელდება პოტენციურად საშიში უბნების იდენტიფიცირება, მუშავდება პროგნოზი, გაიცემა რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. ყველა ეს საკითხი გაშუქებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტნში, რომელიც საჯაროა და დაინტერესების შემთხვევაში ყველას შეუძლია გაეცნოს.

“არსებობს მოსაზრება, თითქოს ეს მეწყერები გააქტიურდება, მოხვდება წყალსაცავში, ეს კი წარმოშობს 30-მეტრიან ტალღას, რომელიც წალეკავს დასავლეთ საქართველოს ნახევარს. მსგავს მოსაზრებებს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მეტიც, პირდაპირ გეტყვით, რომ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ქვედა ნამახვანჰესის წყალსაცავი 170 მილიონი კუბური მეტრი ტევადობისა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე არეალის ფარგლებში სხვადასხვა მასშტაბის მეწყრებია იდენტიფიცირებული, წარმოვიდგინოთ თუნდაც ისეთი სცენარი, როგორიც ფილმებშიც კი არ გვინახავს: მეწყრული მასები ერთბაშად მყისიერად ჩავა წყალსაცავში, თან ეს დროში დაემთხვევა წყლის მაქსიმალური დონის პერიოდს, ასევე დაემატება მიწისძვრები… ამ ყველაფრის შედეგადაც კი 100 000, მაქსიმუმ 200 000 კუბური მეტრი დაემატოს წყალსაცავს და შეუძლებელია, ამან 170 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის არეალში 30-მეტრიანი ტალღა წარმოშვას. ხოლო თუ ვინმეს საპირისპიროს დამტკიცება შეუძლია, მზად ვარ, საჯაროდ გავესაუბრო” – განმარტავს გაფრინდაშვილი.

მისი შეფასებით, უბნები, სადაც მეწყრული პროცესებია იდენტიფიცრებული, ნამახვანჰესის საპროექტო კომპანიამ ზედმიწევნით გააანალიზა გარემოზე ზემოქმედების შეფასების წარმოდგენილ ანგარიშში. მასში მითითებულია ის დამცავი ღონისძიებებიც, რომლებიც კომპანიამ ჰესის მშენებლობა-ოპერირების პერიოდში უნდა განახორციელოს.

“როდესაც გაიცემოდა სანებართვო პირობები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კუთხით სხვა პირობებთან ერთად, ერთ-ერთ პუნქტად ჩაწერა, რომ აუცილებლად უნდა დაინსტალირდეს სხვადასხვა ტიპის მონიტორინგული სისტემები ცალკეულ გეოდინამიკურად დაძაბულ უბნებზე. კომპანია აღნიშნულ პირობებს დათანხმდა. მონიტორინგულ სისტემების მოწყობა/ინსტალირებას სჭირდება შესაბამისი დამატებითი კვლევები და მისი შედეგები არა მარტო კომპანიას დარჩება, არამედ ის წარედგინება სამინისტროსაც, ხოლო ჰესის ოპერირების პროცესში მიღებული მონიტორინგული კვლევის შედეგები ასევე მიეწოდება სამინისტროს“ – დასძენს მერაბ გაფრინდაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100