ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიცია, სხვათა შორის, ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი
ოპოზიციის ყველა ბრალდება არის მოგონილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა. მისივე განმარტებით, კრიტიკა დღესაც ერთკაციანი პარტიებისგან მოდის, რომელთაც ელემენტარული ეკონომიკური ანალიზის გაკეთების რესურსიც არ აქვთ.
„ბრალდებების ნიაღვარია. ვერც ერთ ბრალდებას ვერ დაასახელებენ, რომ ის იყოს ლეგიტიმური. ყველა არის მოგონილი. გადაბრუნებული - კარგი გამიკეთებია და ცუდად აფორმებენ ან ყურით მოთრეული და მოგონილი, რომელთანაც კავშირი საერთოდ არ მქონია. ოპოზიცია სხვათა შორის, ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი, საზოგადოებაზე იგივეს ვერ გადავიტან. ოპოზიცია ნამდვილად მაფასებს და აფასებს ჩემს როლს. მაკრიტიკებენ დაჟინებით, რამეთუ იციან, რომ მე საზოგადოება მენდობა და თუ ჩემი პერსონის დაკნინებით მიიღებენ შედეგს, შეუძლიათ სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ. დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს. დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ ან ერთკაციანი პარტიები და მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ელემენტარული ანალიზი მაინც გააკეთონ ეკონომიკური. გამოდიან ეს ერთკაციანი პარტიები და პირდაპირ მლანძღავენ. არა მარტო მე, ჩემი ოჯახის წევრებს და ძირითადად ამით არიან დაკავებული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ პასუხობენ მმართველი გუნდის წევრები ხშირად ოპოზიციის ბრალდებებს, ყოფილი პრემიერის თქმით, არ ადანაშაულებს გუნდის წევრებს, რადგან მისი დაცვა არაა მარტივი. „უხერხულია, გუნდი შევკრიბო და ვუთხრა, ადექით ახლა და მე დამიცავით. მე არ მინდა დავადანაშაულო გუნდის წევრები, რამეთუ არ იყო მარტივი ჩემი დაცვა... თუმცა ზოგიერთმა, მაგალითად ნათელაშვილმა რომ შეგაქოს, თავი უნდა მოიკლა კაცმა და მისი გინება შეიძლება პოზიტივში ჯდებოდეს საზოგადოებაშიც. ესეც არაა ტრაგიკული“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
კომენტარი