სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე: თბილისის მერიაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, პროგრამული ხედვის წარდგენისას ქალაქის მართვის პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სისტემაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება.

კალაძის თქმით, ასევე, აუცილებლად განხორციელდება მერიის არსებული სტრუქტურის ანალიზი, რომლის საფუძველზეც მერიის მართვის, კოორდინაციის, ანგარიშ-ვალდებულებისა და კომუნიკაციის ახალი სისტემა განისაზღვრება.

მისივე განცხადებით, შეისწავლიან მოქალაქეთა მომსახურების ხარისხს, გამოვლინდება არსებული ნაკლოვანებები და დაისახება მათი აღმოფხვრის გეგმა.

მერობის კანდიდატმა თბილისის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მისივე თქმით, მთავრობასთან კოორდინაციითა და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოხდეს.

„არსებული ბიუჯეტით, რომელიც მერიას გააჩნია, მერწმუნეთ, შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რაზეც ვსაუბრობთ და გვაქვს დაგეგმილი. ამიტომ, მთავრობასთან მოგვიწევს მუშაობა, რათა მოვახერხოთ ბიუჯეტის გაზრდა, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

მართვის პოლიტიკის განსაზღვრისას მერობის კანდიდატი პროცესში ხაზს უსვამს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისი პარტია „ქართული ოცნების“, ან კონკრეტულად რომელიმე სუბიექტს არ ეკუთვნის - ის ქალაქში მცხოვრები თითოეული მოქალაქისაა. შესაბამისად, ქალაქის განვითარებასა და მართვაში მათი ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია.„მუნიციპალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაიხვეწება თბილისელების მონაწილეობის მექანიზმები. დაინერგება მათი მონაწილეობის ინოვაციური მოდელი, რომლის საფუძველზეც, თბილისელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი უბნის განვითარების შესახებ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი, თუ რომელი პროექტია მათი უბნისთვის პრიორიტეტული“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100