"ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” დაეშალა - იყიდა პირველი ჯგუფი ”გირჩი” და მეორე ჯგუფი გიორგი ვაშაძე"
ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” დაეშალა. მან იყიდა პირველი ჯგუფი ”გირჩი” და მეორე ჯგუფი გიორგი ვაშაძე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაგმენტირებას მომავალშიც ეცდება, თუმცა, უშედეგოდ, რადგან პარტია ქართული სახელმწიფოებრიობის იდეაზეა აგებული.
ექსპრეზიდენტი ე.წ პროდასავლურ პარტიებსაც აფასებს და აცხადებს, რომ მათი უმეტესობა დაქირავებულ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ივანიშვილისგან თანხებს იღებდნენ.
”საქართველოში ყოველთვის ხდება პოლარიზება, სხვებს იდეოლოგია არ ჰქონდათ, ვიძახით პროდასავლურები, მაგრამ ჩვეულებრივი დაქირავებული ჯგუფები იყვნენ, რომელიც ივანიშვილმა იყიდა, ბალი ათიშაური ყველა ერთად. თავის დროს ის ყველას კონვერტით აძლევდა ფულს. ადამიანი, რომელიც ივანიშვილისგან ყოველთვე ფულს იღებდა, რანაირად შეიძლება ყოფილიყო ქმედუნარიანი ოპოზიცია ან პროდასავლური? ისინი იყვნენ პროივანიშვილისეული პარტიები. შემდეგ რაღაც მომენტში ფული შეუწყვიტა ვიღაცას, ვიღაცას აწყენინა, ვიღაცას ვიღაც დაუჭირა, მაგრამ ისინი არასდროს ყოფილან სერიოზული მოთამაშეები.
ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” დაეშალა. მან იყიდა პირველი ჯგუფი ”გირჩი” და მეორე ჯგუფი გიორგი ვაშაძე და სულ ცდილობდა ასე ფრაგმენტირება მოეხდინა. ივანიშვილი ახლაც შეეცდება ფრაგმენტირების მოხდენას, ეს იყო თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის თამაში, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს იმდენად დიდი იდეაა, როგორც კაჩინსკის პარტია, რომელიც შალეს, შალეს და ვერ დაშალეს. ამ ჯგუფმა და მე მათთან ერთად, შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს კი იმდენად დიდი რაღაცაა, რომ ამას ვერავინ ვერაფერს წაართმევს. ერთი გავა, მეორე გავა, ანუ ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას ემიჯნებიან, რომელიც არის არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის იდეა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარი