სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10-10 კაცი რომ ერთს დასდევდა, ამას კაცობა ჰქვია?! - პარლამენტის თავმჯდომარე

განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხოს მათი საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ დღეს, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო, ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით სიტყვას მაგრამ, არავითარი მაგრამ! არ შეიძლება, იმის გამართლება, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენ ისტორიულად გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ. რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია.

მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხოს მათი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ კადრები რაც ვიხილე, შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან ეს იყოს მკაცრად გაკრიტიკებული. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ.

მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება?! ეს ყოვლად მიუღებელია. ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯია – მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ალბათ ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ.

ოფისების დარბევის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება იყოს რამენაირად გამართლებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებული ეს ადამიანები. ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. არსებობს კადრები და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. მსურს, მოსახლეობამ, პირველ რიგში, იხილოს თუ რაოდენ გამჭვირვალე იქნება გამოძიება. ეს ვერც დაიმალება, კადრებზეა ყველაფერი ასახული. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. ველოდებით შესაბამის რეაგირებას და რაც მთავარია, მკაცრ რეაგირებას ამ ქმედებებზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100