შიმშილობის მე-9 დღე გლდანის ციხეში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 24 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, დღეს ბიძინა ივანიშვილისა და რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ პონტას შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით დახმარებისთვის. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს. ბიძინა ივანიშვილმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთანაც. ჟანი ბუკიკიოსთან საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმა იყო. ვენეციის კომისიის დასკვნის მსგავსად, პრემიერის განცხადებით, რეკომენდაციებს ქართული მხარე სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ელის და მათ აუცილებლად გაითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტი, შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამტრედიისა და ბაღდათის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება არჩევნების მნიშვნელობასა და იმერეთის რეგიონის განვითარებაზე გაამახვილა. მოსახლეობასთან საუბრისას პრეზიდენტმა კომენტარი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ქალაქის მერიის განთავსებაზეც გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ არათუ უნივერსიტეტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, არამედ შენობის ადმინისტრაციული მიზნებისთვის გამოყენებაც გადაწყვიტა, რაც, პრეზიდენტის განცხადებით, დაუშვებელია. ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები დეცენტრალიზაციის პროცესს შეაფერხებს.
"საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. გურამ ოდიშარიამ 7 თვის განმავლობაში სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განმარტებები გააკეთა ბოლო პერიოდის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიც კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია და სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაა. მინისტრი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რეაბილიტაციის საკითხსაც შეეხო.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა განმუხურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად 2 ათასი წიგნი გადასცა. სკოლისთვის ეს დიდი პრობლემა იყო, რადგან 2008 წლის რუსული აგრესიის დროს განადგურდა სკოლა და ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები. ლევან ყიფიანი გაესაუბრა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს და მათი პრობლემები მოისმინა. მოგვიანებით მინისტრი მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში ჩავიდა და საჯარო სკოლას საჩუქრები გადასცა.
ფინანსთა მინისტრი ესტონური საინვესტიციო კომპანიის "ტრიგონ კაპიტალის" დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი შეხვედრა სამინისტროში გაიმართა და დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძლედა. ესტონურ დელეგაციას საინვესტიციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი იოაკიმ ჰელენიუსი ხელმძღავნელობს. კომპანიის ძირითად ინტერესს ენერგეტიკა და აგრარული სექტორი წარმოადგენს. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა და მიმდინარე სამთავრობო პროგრამები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "მარშალისა" და "ბოშის" ფონდების ექსპრეტებს შეხვდა. შეხვედრას გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენელი დიტერ ბოდენიც ესწრებოდა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო. დავით უსუფაშვილმა უცხოელ ექსპერტებს საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხეიძის კანდიდატურა წარადგინა. ჩხეიძე ამ დრომდე გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. ჩხეიძემ პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე ანდრო ბარნოვი შეცვალა. ანდრო ბარნოვი შიდა ქართლის გუბერნატორად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. გუშინ ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წარმომადგენლებმა 26 აპრილს დაგეგმილი სხდომის შესახებაც გააკეთეს განცხადება და იმედი გამოთქვეს, რომ ამ დღეს დეპუტატების საგამოძიებო ორგანოებში დაბარება არ მოხდება და დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ხელი არ შეეშლება. კოკი იონათამიშვილის თქმით, მათ მიმართ ზეწოლა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. მისი განცხადებით, პრაღაში მიმავალი დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ საკრებულოს წევრებს საზღვრის გადაკვეთის დროს პრობლემები შეუქმნეს.
გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოთავსებული სამუდამო პატიმრობამისჯილი მსჯავრდებულების მდგომარეობა, რომლებიც მე-9 დღეა შიმშილობენ, საკმაოდ მძიმეა. ზოგიერთ მათგანს საუბარიც კი უჭირს. 75-მა პატიმარმა შიმშილობა მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით გამოაცხადა, ვინაიდან "ამნისტიის კანონი" მათ არ შეხებიათ. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც განაცხადა,რომ იუსტიციის სამინისტროში მზად არის კანონპროექტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიხედოს მართლმსაჯულების შეცდომები.
აქცია სოფელ ციხისძირში - სოფლის მცხოვრებლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ციხისძირის ინციდენტში მონაწილე სამხედრო პოლიციის ორი თანამშრომელი 15-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ინციდენტის მონაწილეები მკაცრად უნდა დაისაჯონ და სასამართლოს მათ მიმართ ლოიალობაში ადანაშაულებენ. აქციას აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილიც შეუერთდა. ციხისძირელთა მოთხოვნებს იზიარებს პროკურატურაც. აქციაზე აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსი დავით თორდიაც მივიდა.
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ კირბალთან 75 წლის მამაკაცი დააკავეს. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლიდან 75 წლის გიორგი დოთიაშვილი მაშინ აიყვანეს, როდესაც ის სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა. ოჯახმა დილით შეიტყო რომ დოთიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ღრომის მილიციის განყოფილებაში, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა გახდა. სოფელ კირბალის მოსახლეობა ამბობს, რომ ე.წ. საზღვართან მავთულხლართები ან რამე სხვა სახის ნიშანი არ არის, რაც ხშირად ხდება სოფლის მოსახლეობის დაკავების მიზეზი
სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული თეზებეი კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის ახალციხის რაიონის სოფელ კარტახში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული უზბეკეთის 3 მოქალაქის საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–344–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს–ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული პირველი სამმართველო აწარმოებს
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიმ ა, ხოლო ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გიორგი ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა გიორგი ა. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე აიყვანეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია "ოპიუმი". გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ნასიმ ა–სგან შეიძინა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასევე "ოპიუმი" ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ირაკლი აბსანძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ადვოკატის ინფორმაციით, აბსანძეს ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანაში ედება და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი აბსანძეს საფრანგეთიდან მეგობარმა ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც, სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, მას ამანათში ნარკოტიკის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, ფოსტიდან კი წერილი იმის შესახებ, რომ ირაკლის სახელზე ამანათია მოსული, რედაქციაში დაახლოებით 6 დღის წინ მივიდა.
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის კოლექციის ჩვენება თბილისის ცირკში გაიმართა. კოლექციის მთავარი გმირი მსახიობი ქალია. დიზაინერის თქმით, მან სამოსით მსახიობი ქალის ცხოვრება,სიხარული და ტკივილი გადმოსცა. კოლექციაში დიზაინერმა ბეწვეული, სვაროვსკის კრისტალები, ნატურალური აბრეშუმი, შალი და ტყავი გამოიყენა. ჩვენებაზე 25 კოსტიუმი იყო წარმოდგენილი.
კომენტარი