„დიად ქართველთა“ მიმოწერა 25 თებერვლამდე: „დასტურია, შეუტიე, აიღე ქალაქი!“ (ვიდეო)
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას „წითელი ცუნამი“ 1921 წლის 25 თებერვალს დაატყდა. თუმცა, 25 თებერვალი ფინიში იყო. „დრონი.ჯი“ აქვეყნებს მიმოწერას, მათ შორის, არქივში დაცულ საიდუმლო, დაშიფრულ მიმოწერას „კავბიუროს“ წევრებსა და კრემლში მყოფ ლენინსა და სტალინს შორის, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ ვიწროვდებოდა საქართველოს ირგვლივ „წითელი ყულფი“.
რასაკვირველია, საქართველოს გასაბჭოების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი მოგვიანებით „ხალხთა ბელადად“ წოდებული სტალინი იყო, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც არ ისვენებდა და საქართველოსთვის მორიგი წნეხის გამოგონებაზე ფიქრობდა. აი, ბოლოს რა მოიფიქრა: „საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი“ - (სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წ. ივნისი).
საქართველოში (და, ზოგადად, კავკასიაში) სტალინს მთავარ შემსრულებლად სერგო ორჯონიკიძე ჰყავდა. 1921 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა, რაც ფრთიან ფრაზაშია ნათქვამი და რაც დღესაც აქტუალურია: „ხემ თქვა, ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა არ ერიოსო...“ (სტატიაში გამოყენებულია „პირველი არხის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელის, მიხეილ ბასილაძის მიერ სხვადასხვა დროს პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები).
ამიერკავკასიაში სამხედრო ინტერვენცია ბოლშევიკურმა რუსეთმა 1920 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ზამთარში კომუნისტებმა სამოქალაქო ომში ადმირალ კოლჩაკის დამარცხება შეძლეს, რამაც მათ დასავლეთის ფრონტზე დამატებითი ძალების გადასროლის საშუალება მისცა. მარტში ბოლშევიკთა მე-11 არმიამ სამხრეთ რუსეთში წარმატებული ოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასია მთლიანად კომუნისტების კონტროლის ქვეშ მოექცა. ბოლშევიკთა მორიგი სამიზნე უკვე ამიერკავკასია იყო. სერგო ორჯონიკიძე, რომელიც XI არმიის ფაქტობრივი ხელმძღვანელი გახლდათ, შემდგომი მოქმედების დირექტივებს პირადად ლენინისგან იღებდა. 1920 წლის 17 აპრილს ორჯონიკიძემ ლენინისგან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო:
"ლენინი - ორჯონიკიძეს. ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ.ამასთან აუცილებელია განცხადებებში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ... იგივე ეხება საქართველოს,თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ."
დეპეშის მიღებიდან 11 დღეში აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. XI არმიის ნაწილეებმა 1920 წლის 28 აპრილს ბაქო ფაქტობრივად, ბრძოლის გარეშე დაიკავეს. აზერბაიჯანში მიღწეული წარმატების შემდეგ ბოლშევიკებმა საქართველოს მყისიერი გასაბჭოებაც სცადეს. კავბიუროს თავმჯდომარემ სერგო ორჯონიკიძემ, 4 მაისს მოსკოვში ოპტიმისტური დეპეშა გააგზავნა, სადაც კრემლს აცნობებდა, რომ XI არმიის აზერბაიჯანში გამოჩენამ საქართველოში საძულველი მენშევიკების წინააღმდეგ მშრომელთა მასების აჯანყება გამოიწვია:
"მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს. ბაქო 1920 წ. 4 მაისი. ამბები ისე დატრიალდა, რომ იმედი მაქვს თორმეტს მაინც თბილისს ვიქნებით. საამისოდ ყველაფერი გაკეთებულია. ბრწყინვალედ გამოვა. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აჯანყებულთა საშინელ ხოცვა-ჟლეტვას გამოიწვევს. ორჯონიკიძე."
1920 წლის 4 მაისს რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ ორჯონიკიძის დეპეშა განიხილა და დაადგინა, რომ საქართველოს გასაბჭოებისაგან კავბიუროს დროებით თავი უნდა შეეკავებინა. იმავე დღეს ორჯონიკიძემ ლენინისა და სტალინის ხელმოწერით შესაბამისი დეპეშაც მიიღო:
"ცენტრალური კომიტეტი გავალებთ თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისაგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ ზავი საქართველოსთან გამორიცხული არ არის. დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ზუსტი ცნობები საქართველოში აჯანყების შესახებ. ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს დავალებით ლენინი, სტალინი."
მოსკოვის მიერ საქართველოს გასაბჭოებაზე უარის თქმა, დასავლეთის ფრონტზე გართულებული მდგომარეობით აიხსნებოდა. 1920 წლის მაისის დასაწყისში, პოლონეთის ჯარებმა უკრაინაში წარმატებული ოპერაცია განახორციელეს და 5 მაისს კიევი დაიკავეს. პოლონელთა გააქტიურებით ისარგებლა თეთრმა გენერალმა ვრანგელმაც და მთელი ყირიმი დაიკავა. ბოლშევიკების ხელისუფლებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ასეთ ვითარებაში მოსკოვმა კავკასიაში ახალი ომის წარმოება სარისკოდ მიიჩნია, მითუმეტეს, რომ XI არმიის მოწინავე ნაწილებმა ქართულ არმიასთან სასაზღვრო შეტაკებაში მარცხი განიცადეს. რუსეთმა საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიწყო ფიქრი. 6 მაისს ორჯონიკიძეს მოსკოვიდან სტალინი დაუკავშირდა:
სტალინი ორჯონიკიძეს: "შენ ალბათ უკვე მიიღე დეპეშა ლენინისა და ჩემი ხელმოწერით, რომ ცეკა გავალებს შენ მიიღო ყველა ზომა გაიყვანოთ სამხედრო ნაწილები რუსეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისაკენ და ხელი აიღოთ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე შეტევითს მოქმედებაზე. მე მოვედი აპარატთან იმისთვის, რომ გავიმეორო ცეკას ეს მოთხოვნა. მხედველობაში მქონდა, რომ ცეკას მოთხოვნა ნაკარნახევია საერთაშორისო მდგომარეობის თანამედროვე ვითარებით. გარდა ამისა, პოლიტბიუროს სურს იცოდეს აჯანყებულთა მდგომარეობა, რომლის შესახებ შენ გვაცნობებდი და მივიღოთ მათს შესახებ რაც შეიძლება დაწვრილებითი ცნობები."
ორჯონიკიძე იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოს გასაბჭოებაზე დროებით უარი ეთქვა. მაგრამ, საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ აეხსნა მოსკოვისთვის თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ოკუპაციას რუსეთისთვის:
"ორჯონიკიძე, კიროვი - ლენინს, სტალინს, ჩიჩერინს. სრულიად საიდუმლოდ (დაშიფრული). "თქვენს ბრძანებას ზუსტად შევასრულებთ. წინა მოსაზრების გარდა მოგვყავს შემდეგიც:
1. თუ საქართველოს არ დავეუფლეთ, თითქმის შეუძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აზერბაიჯანი საბჭოთა რუსეთის იყოს. საქართველო უკვე ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აზერბაიჯანში კონტრრევოლუცია ასაზრდოოს, აგრეთვე ინტრიგებს ეწევა მთიელთა შორის, მილიონებს ყრის იქ, აქეზებს მთიელებს დამოუკიდებლობისთვის. იმავდროულად საქართველო ზოგიერთ აგრესიულ ზომებს იღებს საბჭოთა აზერბაიჯანის წინააღმდეგ;
2. საქართველო სამხრეთში კონტრრევოლუციურ კერად იქცა, უთუოდ განუწყვეტლივ ასაზრდოებს კონტრრევოლუციას ჩრდილო კავკასიაში. ამ მხრივ საქართველოს არავითარი ხელშეკრულების, არავითარი განცხადების ნდობა არ შეიძლება;
3. საქართველოში არის ფართლეულობა, რომლითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ ყუბანი, სტავროპოლი და გამოვიტანოთ პური, რომელიც თერგს, დაღესტანს, აზერბაიჯანს სჭირდება;
4. თუ საქართველოს დავეუფლებით, ინგლისელებს გავაპანღურებთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან და გზას გავხსნით თურქეთისაკენ;
5. საქართველოს მებრძოლ ძალთა მდგომარეობა ერთობ ხელსაყრელია ჩვენი ჩარევისთვის. აქ შესაძლებელია მცირედი ცვლილებებით იგივე განმეორდეს, რაც აზერბაიჯანში მოხდა. მეამბოხეთა რაიონებია: სამხრეთ ოსეთი, დუშეთის მაზრა, ლაგოდეხისა, აფხაზეთი და თითქმის მთელი ქუთაისის გუბერნია. თუ ჩვენ საზღვრისკენ დავიძარით, აღნიშნულ რაიონებში აჯანყება გარდაუვალია. რას გვიბრძანებთ მხარი დავუჭიროთ მას თუ არა?! ჩვენი აზრით, საქართველოსთან დასადები ზავის პირობებში აუცილებლად უნდა იყოს მოთხოვნა: საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება საქართველოში. ჩვენი ცნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მენშევიკები მზადარიან ამისთვის, ოღონდ ძალიან ივაჭრებენ. 7 მაისი 1920 წ."
იმავე დღეს ორჯონიკიძემ მოსკოვიდან დაშიფრული დეპეშა მიიღო, სადაც სტალინი კავბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს გასაბჭოების ოპერაციის გადადების მიზეზებს უხსნიდა.
"სტალინი - ორჯონიკიძეს. ის რასაც შენ ლაპარაკობ საქართველოს მთავრობის შესახებ, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ვითარება ახლა ისეთია, რომ ახლა სიჩქარე საქართველოსთან მისი საბჭოთად გადაქცევის თვალსაზრისით, ჩვენ არ მიგვაჩნია აუცილებლად - სულერთია, რამდენიმე თვის შემდეგ თუ კომუნისტები იქნებიან ლეგალიზებულნი, იგი ისედაც გახდება საბჭოთა, სხვა გზა მისთვის არ არსებობს.
გირჩევ დაარწმუნო საქართველოს როგორც სასაზღვრო ნაწილები, ისე სხვა აჯანყებულები საქართველოს შიგნით,რომ არ იჩქარონ გამოსვლებში და შეინარჩუნონ თავიანთი ძალები უახლოესი მომავლისთვის. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ჩვენი ჯარების, ასევე აზერბაიჯანის ჯარების მხრივ შეტევითი მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება და ჩვენ ხვალვე, უკიდურეს შემთხვევაში ზეგ, დავდებთ ხელშეკრულებას საქართველოსთან, რის შესახებაც შენ დაწვრილებით გაცნობებთ.
თქვენს უკანასკნელ დეპეშას 12 მაისისთვის თბილისის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩვენს პოლიტიკასთან აბსოლუტურად შეუთავსებლად ვთვლით. სომხეთთან, ისევე როგორც საქართველოსთან დამოკიდებულებაში აზერბაიჯანმა უნდა დაიკავოს თავისი ტერიტორიის ყოველმხრივ დაცვის პოზიცია, დაიცვას თავისი საზღვრებიმთელი ძალებით, მაგრამ არ გადავიდეს მოსაზღვრე სახელმწიფოთა ტერიტორიაზე."
1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. ოთხი ძირითადი პუნქტის გარდა, დოკუმენტი საიდუმლო მუხლებსაც შეიცავდა, რომლებიც საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციას და ქვეყნიდან რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოთა ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.
საქართველოს ხელისუფლება კრემლის პირობებს უსიტყვოდ დათანხმდა. მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მოლაპარაკებაზე ქართული მხარის წარმომადგენელს გრიგოლ უროტაძეს მოსკოვში მისალოცი დეპეშა გაუგზავნა:
"საქართველოს წარმომადგენელს მოსკოვში გრიგოლ უროტაძეს. მოგილოცავთ საზავო ხელშეკრულების დადებას. გადაეცით "სოვნარკომს", რომ ზავის ამბავს ხალხი ღრმა კმაყოფილებით და აღტაცების გრძნობით შეხვდა. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოისპობა ყველა გაუგებრობა და ორივე მოძმე ხალხი მშვიდობიანად და თანხმობით იმუშავებს ცხოვრების სოციალისტურ საფუძველზე გარდასაქმნელად. ნ. ჟორდანია1920 წლის 7 მაისი."
1920 წლის შემოდგომაზე ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ლენინის პარტიამ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლო. კომუნისტებმა მოიგერიეს უცხოური ინტერვენცია, ქვეყნის შიგნით ჩაახშეს აჯანყებები, დაამარცხეს ვრანგელის არმია და რუსეთის თითქმის მთელი ტერიტორია საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს. შიდა ფრონტზე წარმატების შემდეგ, ბოლშევიკებმა ყურადღება კვლავ კავკასიაზე გადაიტანეს.
1920 წლის 28 ნოემბერს სომხეთის რამდენიმე ქალაქში ბოლშევიკებმა შეიარაღებული გამოსვლა მოაწყეს. იმავე დღეს სომეხ კომუნისტებს დახმარება აზერბაიჯანში დისლოცირებულმა XI არმიამ გაუწია. რუსებმა ერევანი სამ დღეში დაიკავეს. 1921 წლის დამდეგისთვის კავკასიაში დამოუკიდებლობას მხოლოდ საქართველო ინარჩუნებდა. თუმცა, კომუნისტები ამას დროებით მოვლენად თვლიდნენ.
ბოლშევიკთა ხელმძღვანელები საქართველოს ანექსიის შესახებ ღიად საუბრობდნენ. კომუნისტური პარტიის მეორე პირს ლევ ტროცკის 1920 წლის ნოემბრის ბოლოს მოსკოვის პარტორგანიზაციის აქტივის წინაშე გამოსვლისას საქართველოს მიმართ აგრესიულ გეგმებზე საუბრობდა:
"სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს ჯერიც დგას. საკმარისია სულ პატარა ძალისხმევა იმისთვის, რომ ბათუმი ბაქოს შევუერთოთ."
საქართველოში ინტერვენციას ყველაზე მეტად კავბიუროს ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე ითხოვდა. დეკემბრის დასაწყისში ორჯონიკიძემ ზედიზედ ორი დეპეშა გააგზავნა მოსკოვში, სადაც იგი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას ითხოვდა.
"12 დეკემბერი 1920. ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს: საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩვენ მას დიდიძალისხმევის გარეშე მოვუღებთ ბოლოს: ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ აჯანყებები ბორჩალოს მაზრაში, აფხაზეთში,აჭარაში, დუშეთის მაზრაში. კიდევ ერთხელ გაცნობებთ ამას და ველით განკარგულებას. 15 დეკემბერი 1920 წელი”
„კავბიურო - ლენინს. კავბიუროს გაფართოებულმა თათბირმა, განიხილა სერგო ორჯონიკიძის მოხსენება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისთვის ბრძოლის შესახებ. კავბიურომ, კავკასიის ფრონტის წარმომადგენლებისა და პარტიული და საბჭოთა მუშაკების მონაწილეობით, ერთხმად და საიდუმლოდ გადაწვიტა გარიჟრაჟზე საქართველოს საზღვრების გადალახვა. ყველაფერი მომზადებულია."
საქართველოს გასაბჭოებაზე ორჯონიკიძემ კვლავ უარი მიიღო. 1920 წლის მიწურულს სამოქალაქო ომების შედეგად გაპარტახებული რუსეთის მთავარ ამოცანას ევროპასთან და პირველ რიგში, ანტანტის ქვეყნებთან ურთიერთობის მოგვარება წარმოადგენდა.
რუსეთის ბოლშევიკური მთავრობა საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას ცდილობდა. კატასტროფული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსკოვისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენდა. ვითარების გარკვევამდე, საქართველოსთან ომი მოსკოვის გეგმაში ჯერჯერობით არ შედიოდა.
გარდა ამისა, ბოლომდე არ იყო ცნობილი თურქეთის პოზიცია. მართალია, თურქეთის ახალ ლიდერთან ქემალ ათათურქთან რუსებს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ბევრი საკითხი დაუზუსტებელი რჩებოდა. ამის გამო, კრემლმა კავბიუროს ხელმძღვანელის ენთუზიაზმი არ გაიზიარა.
"17 დეკემბერი 1920 წელი. ლენინი, ტროცკი - ორჯონიკიძეს. ეს-ეს არის წავიკითხეთ ნომერი პირველი დაშიფრული წერილი. აი პასუხი; ეს ძირეულად ეწინააღმდეგება ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას. შეიძლება დამღუპველი შედეგები მოჰყვეს. ცენტრალური კომიტეტი არავითარ შემთხვევაში არ გრთავთ ნებას. კატეგორიულად მოვითხოვთ გადაწყვეტილების შესრულების შეჩერებას და გაუქმებას."
ორჯონიკიძე ცეკას მითითებას კიდევ ერთხელ დაემორჩილა:
"17 დეკემბერი 1920 წ ბაქო. ორჯონიკიძე - ლენინს, ტროცკის. მივიღეთ ლენინისა და ტროცკის პასუხი, ნათელი და გასაგებია. გთხოვთ გადასცეთ ლენინსა და ტროცკის, რომ ყველაფერს შევასრულებთ."
ამიერკავკასიას რუსეთი საკუთარ გავლენის სფეროდ განიხილავდა, მაგრამ იძულებული იყო ამ რეგიონში ევროპისა და თურქეთის ინტერესებიც გაეთვალისწინებინა. ორჯონიკიძემ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოების დრო დადგებოდა. მაგრამ, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, კავბიუროს ხელმძღვანელი მოუთმენლობას იჩენდა და საკითხის სწრაფ გადაწყვეტას ითხოვდა.
საქართველოსთან მიმართებაში თავის აგრესიულ პოზიციას იგი ყველა თათბირზე ღიად აფიქსირებდა. 1920 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა გაბო ხუნდაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევგენი გეგეჭკორს დაშიფრული წერილი გაუგზავნა, სადაც კავბიუროში გამართული ერთ-ერთი თათბირის შინაარსი იყო გადმოცემული:
"დაახლოებით ორი კვირის წინ ბაქოში თათბირი ჩატარდა, რომელიც საქართველოს მიეძღვნა. თათბირს 27ადამიანი ესწრებოდა. კრება მოსკოვიდან ჩამოსულმა კომუნისტმა გახსნა. ვეჭვობ, რომ ეს პირი გაზეთ "პრავდის"რედაქტორი მეშერიაკოვი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ტფილისში იმყოფებოდა. მოსკოველმა ასეთი რამ სთქვა: "მოსკოვი, როგორც პროლეტარული რევოლუციის ცენტრი მიისწრაფის ყველგან დაამყაროს საბჭოთა სისტემა დათუ საჭირო გახდა, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში სამხედრო ჩარევაზეც არ დაიხევს უკან. მაგრამ ამავედროს, მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია მოვლენების ფორსირებისა, რისი ინიციატივითაც გამოდიან ადგილობრივი ამხანაგები. კრების უმრავლესობა სერგო ორჯონიკიძის მხარეს გამოდიოდა, რომელიც პროტესტსგამოთქვამდა და საქართველოს გასაბჭოების საქმეში სისწრაფეს მოითხოვდა."
1921 წელს, ორჯონიკიძე კიდევ უფრო გააქტიურდა. 2 იანვარს სერგომ ცეკას წევრების სახელზე სპეციალური მოხსენება გააგზავნა, სადაც საქართველოს დაუყოვნებლივი გასაბჭოების საჭიროებას ასაბუთებდა:
"2 იანვარი 1921 წ.
რკპ (ბ) ცეკას კავბიუროს სახელით ორჯონიკიძე, კიროვი - ცეკას წევრებს (ასლი ტროცკის). "სრულიად საიდუმლოდ. მოკლედ გაცნობებთ ჩვენს მოსაზრებას იმაზე, თუ რატომ მიგვაჩნია საჭიროდ მენშევიკური საქართველოს ახლავე გასაბჭოება.
1. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აღვნიშნავდით, რომ მაშინვე უნდა გაგვესაბჭოებინა საქართველოც, როგორც კონტრრევოლუციის ბაზა საქართველოში. ამის შემდეგ კავკასიაში დატრიალებულმა ამბებმა უცილობლად დაამტკიცეს ეს:
საქართველოს მთავრობამ საქართველოსკენ დახეული ყველა დენიკინელი ყირიმში გადაისროლა; ჩრდილოკავკასიასა და აზერბაიჯანში მომხდარ ყველა აჯანყებაში საქართველო უშუალოდ მონაწილოებდა. ჩრდილოკავკასია მტკიცედ რომ დავიმკვიდროთ, საჭიროა საქართველო გავასაბჭოოთ;
2. საბჭოთა სომხეთი საბჭოთა საქართველოს გარეშე ფაქტობრივად უფრო თურქეთის გავლენის ქვეშ რჩება, ვიდრე ჩვენი გავლენის ქვეშ, რადგან სომხეთისკენ მიმავალი რკინიგზა საქართველოზე გადის. ამჟამად საქართველო სომხეთისკენ პურსაც კი არ ატარებს;
3. ამიერკავკასიაში შექმნილი ვითარება გვაიძულებს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები ვიყოლიოთ აზერბაიჯანში, რაც ერთობ არასასურველია მოსახლეობისათვის და მავნეა ჯარის ნაწილებისათვის. ასეთმა ვითარებამ შეიძლება სახიფათო ფორმები მიიღოს და გართულებები შექმნას თვით აზერბაიჯანში;
4. ჩვენგან საქართველოს გასაბჭოება, ბათუმის დაკავება ანტანტას წაართმევს წინააღმდეგობის უკანასკნელ ბაზას სამხრეთში;
5. საქართველოს გასაბჭოება ახლა ამიტომაც არის საჭირო, რომ ანტანტამ ჯერ ვერ მოასწრო ვრანგელის არმიის ნაშთების ორგანიზება და არ ჰყავს საკმაო ძალები ჩვენს წინააღმდეგ;
6. იმის იმედი, რომ თვით საქართველოში შიგნიდან მოხდება გადამწყვეტი აფეთქება არ უნდა გვქონდეს. ამას ამტკიცებს ის ამბები, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ჩვენს დაუხმარებლად გასაბჭოება არ ძალუძს;
7. საბაბი საქართველოს საქმეებში ჩვენი ჩარევის გვაქვს. საამისოდ საჭირო არ არის აშკარად თავს დავესხათ საქართველოს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოძრაობა აფხაზეთში, აჭარაში, ბორჩალოს მაზრაში, სადაც საამისო ნიადაგია. ამ მხრივ ჩვენი დახმარება შეუძლია აგრეთვე თურქეთსა და სომხეთს და შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მხსნელებად მოვევლინოთ საქართველოს, რომელიც იხრწნება და ანარქიას ეძლევა."
კრემლში ორჯონიკიძის მოსაზრებები განიხილეს და საქართველოს გასაბჭოებაზე კვლავ უარი უთხრეს. კავბიუროს ხელმძღვანელს მოსკოვმა პასუხი 10 დღეში გამოუგზავნა. დეპეშის ტონის მიხედვით, კრემლი გაღიზიანებული იყო. ორჯონიკიძე თავისი მოუთმენლობით, რუსეთის გეგმებს არღვევდა:
"12 იანვარი 1921 წ. "კავბიუროს საქართველოს გასაბჭოებაზე უარი ეთქვას. დირექტივა მიეცეს კავბიუროს ზუსტად დაიცვან ამ საკითხზე უკვე არსებული ცეკას გადაწვეტილება."
1921 წლის დასაწყისში მოსკოვი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის მთავარ მოთამაშესთან - ინგლისთან და ათათურქის ხელისუფლებასთან. ამ პროცესის დასრულებამდე რუსეთი კავკასიაში აქტიურობას ერიდებოდა.
იანვარის ბოლოს ბოლშევიკებმა ფაქტობრივად, დაასრულეს დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკება, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მჭიდრო ურთიერთობის დამყარება უნდა მოჰყოლოდა. ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთი ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთის ინტერესებს უპირობოდ ცნობდა. თავის მხრივ, ლონდონი აღიარებდა, რომ კავკასია რუსეთის შიდა პოლიტიკის საქმეს წარმოადგენდა.
რუსეთმა ფარულ შეთანხმებას თურქეთთანაც მიაღწია. ათათურქის მთავრობა საქართველოს ისტორიულ კუთხეს - ტაო-კლარჯეთს ითხოვდა. 1921 წლის იანვარის ბოლოს საბოლოოდ გაირკვა, რომ თუ თურქეთი არდაგანის, ართვინის და ოლთისის ოლქებს მიიღებდა, იგი საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოების წინააღმდეგი არ იქნებოდა.
ვითარების გარკვევის შემდეგ, რუსეთმა აქტიური მოქმედება დაიწყო. ბოლშევიკთა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის საჭირო საბაბი ლენინის მისამართით 20 იანვარს გაგზავნილ წერილში ასახა:
ჩიჩერინი - ლენინს. "საქართველო ისე გავიდა თავს, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ და გავასაბჭოოთ იგი. თქვენ იცით მოვლენათა თანამიმდევრობა: საქართველომ უარი თქვა მთლიანად შეესრულებინა ხელშეკრულებაზედაფუძნებული შეთანხმება, რომელიც მის ნავსადგურში შესული ჩვენი გემების დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დააპატიმრა ჩვენი თანამშრომლები, მასობრივ რეპრესიებს მიმართა კომუნისტთა წინააღმდეგ და უარი თქვა შეესრულებინა ამ საკითხზე ჩვენთან დადებული შეთანხმება."
ამ წერილზე ბოლშევიკთა პარტიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა:
"24 იანვარი 1921 წ. სტალინი - ცეკას წევრებს. წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში."
სტალინის წინადადება კომპარტიის ცეკას პლენუმმა მოიწონა. 26 იანვარს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია საბოლოოდ გადაწყვიტა. საქართველოს გასაბჭოებისთვის მოსკოვმა კავბიუროს მწვანე შუქი 1921 წლის 26 იანვარს აუნთო:
"რუსეთის რკპ (ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის პლენუმის დადგენილების პროექტი:
1. დაევალოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატს გააჭიანუროს საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა, ამასთან სისტემატურად შეკრიბოს ზუსტი მასალა მის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შესახებ და უფრო დაჟინებით მოითხოვოს სომხეთში სურსათ-სანოვაგის გატარება;
2. შევეკითხოთ კავკასიის ფრონტს, რამდენად მომზადებულნი არიან ჩვენი არსებული სამხედრო ძალები საქართველოსთან დაუყოვნებელი, ან მოახლოებული ომისათვის;
3. მივცეთ დირექტივა რესპუბლიკის სამხედრო-რევოლუციურ საბჭოს და კავკასიის ფრონტს, თუ საჭირო იქნა, მოემზადონ საქართველოსთან ომისათვის. დაევალოს სარკინიგზო გადაზიდვის უმაღლეს საბჭოს უახლოესვადებში მოახსენოს შრომისა და თავდაცვის საბჭოს, რა შესაძლებლობა გააჩნია იმისთვის, რომ გაადიდოს ჯარების გადაყვანა კავკასიაში და კავკასიის ფარგლებში.“
ცეკას გადაწყვეტილების შესახებ, კავბიუროს ხელმძღვანელმა სტალინისგან შეიტყო. ორჯონიკიძემ ბაქოში დაშიფრული დეპეშა მიიღო, რომელსაც ხელს სტალინი აწერდა. მოსკოვი კავბიუროს ომის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ავალებდა.
"სტალინი - ორჯონიკიძეს. ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომშესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, რომ თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელცნობებს."
ორჯონიკიძეს შექმნილ ვითარებაზე ცნობების მიწოდება დააგვიანდა. მომლოდინის პოზიციაში ამჯერად უკვე მოსკოვი აღმოჩნდა. ეს კი მეტროპოლიის უკმაყოფილებას იწვევდა. 5 თებერვალს, აგრესიის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ორჯონიკიძემ კრემლიდან მკვახე დეპეშა მიიღო:
"ლენინი - ორჯონიკიძეს.
26 იანვარს სტალინმა გამოგიგზავნათ დაშიფრული დეპეშა N1225, რომლის პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ძალიან შეშფოთებული ვართ და გთხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ."
"6 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - ლენინს და სტალინს. “საქართველო საბოლოოდ გადაიქცა მსოფლიო კონტრრევოლუციის შტაბად ახლო აღმოსავლეთში. აქ მოქმედებენ ფრანგები, აქ მოქმედებენ ქიაზიმ-ბეი და მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები.
ჩრდილო-კავკასიის მთიელ აჯანყებულთა დასახმარებლად იგზავნება მილიონები. სასაზღვრო ზოლში ქმნიანბანდ-ფორმირებებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს სასაზღვრო ნაწილებს. აუცილებელად მიმაჩნია, კიდევერთხელ გავუსვა ხაზი იმ სასიკვდილო საფრთხეს, რომელსაც უქმნის საქართველო ბაქოს რაიონს. ამ საფრთხისთავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში აჯანყების დაწყებითა და მისი სწრაფი გასაბჭოებით."
საქართველოს გასაბჭოების საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კრემლს ორჯონიკიძისგან სწორედ მსგავსი შინაარსის დეპეშა სჭირდებოდა, რათა ამ დეპეშის საფუძველზე ცეკას ინტერვენციის ფორმალური გადაწყვეტილება მიეღო. 8 თებერვალს რუსეთის კომპარტიის ცეკამ განიხილა 6 თებერვალს ბაქოდან ორჯონიკიძის მიერ გამოგზავნილი დეპეშა და საქართველოს გასაბჭოების ოპერაცია საბოლოოდ დაამტკიცა.
11 თებერვალს ლორეს რაიონში კომუნისტური აჯანყების პროვოცირება მოხდა. დივერსიულმა ჯგუფებმა ბორჩალოში დისლოცირებულ ქართულ ნაწილებზე მიიტანეს იერიში, რასაც მალე საქართველოში XI არმიის რეგულარული ნაწილების შემოსვლა მოჰყვა.
13 თებერვალს აჯანყების ორგანიზატორმა სომეხმა კომუნისტმა იოსებ ლაზიანმა ბაქოში, ერევანში და მოსკოვში ოპტიმისტური დეპეშა გააგზავნა:
"ბაქო. მე-11 არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს. ერევანი - სომხეთის რევკომს. მოსკოვი - ჩიჩერინს. ძლევამოსილად დამთავრებული აჯანყების ამბავი, მეხივით გავარდა საქართველოში, აჯანყებულთა მოძრაობის ტალღა ლორედან შეუკავებელი ძალით მოედო მთელ საქართველოს.
ნეიტრალური ზონის წითელი მეამბოხენი მრისხანე ნაკადით მიექანებიან თბილისისკენ. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებდა მშრომელთა ლაშქრის აჯანყების ამ ძლევამოსილ სვლას. დიადი მუშურ-გლეხური რუსეთის წითელი არმია მოვალეა რევოლუციონერ აჯანყებულთა მწკრივებში მყოფი თავისი ფოლადისებური რაზმები შეუერთოს იმ რწმენასა და სასოებას, რომ წითელი არმია მალე მხარს დაუჭერს მათ. წითელ აჯანყებულთა პასუხისმგებელი ხელმძღვანელი ლაზიანი."
ლაზიანის დეპეშის საპასუხოდ, კრემლმა XI არმიას შესაბამისი დირექტივა 14 თებერვალს მისცა. საქართველოში XI არმიის შეჭრის ბრძანებას ხელს თავად ლენინი აწერდა:
"ლენინი - XI არმიის სამხედრო რევოლუციურ საბჭოს: ცეკა თანახმაა, რომ მე-11 არმიამ აქტიურად დაუჭიროსმხარი საქართველოში მომხდარ აჯანყებას და დაიკავოს თბილისი. ამასთანავე, მე-11 არმიამ ქალაქის აღების დროს უნდა დაიცვას ყველა საერთაშორისო ნორმა. გაფრთხილებთ, რომ ტრანსპორტის უქონლობის გამო, უპუროდ ვსხედვართ და ვერც ერთ ვაგონს ვერ მოგცემთ. იძულებულები ვართ კავკასიიდან მარტო პური და ნავთი ვზიდოთ. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ პირდაპირი მავთულით, პასუხს ხელი მოაწეროს მე-11 არმიის რევოლუციური საბჭოს ყველა წევრმა."
ამ დეპეშის შემდეგ, 15 თებერვალს ორჯონიკიძემ, მოსკოვისგან ოფიციალურად მოითხოვა XI არმიის საქართველოში შეყვანაზე თანხმობა და კონკრეტული ოპერაციის დადასტურება:
ორჯონიკიძე, ელიავა - ლენინს, სტალინს: "ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთაწინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ. ჩვენი აზრით, წარმატების მისაღწევად ამაზე ხელსაყრელი მომენტი აღარ გვექნება. ქართული არმიის მორალური მდგომარეობა დაბალ დონეზეა. ამას მოწმობს სადახლოს რაიონში თითქმის მთელი ქართული ბრიგადის ბრძოლის გარეშე დანებება და სადახლოს აღება, სადაც ქართველები ოთხჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. დაყოვნება მხოლოდ გააუარესებს ჩვენს შანსებს."
რამდენიმე საათში მოსკოვიდან პასუხი მოვიდა.
"სტალინი ორჯონიკიძეს: "ეხლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე,დასტურია, აიღე ქალაქი."
რამდენიმე წუთში ორჯონიკიძემ უკვე კრემლის ოფიციალური დადასტურებაც მიიღო, სადაც დასაბუთებული იყო XI არმიის საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციის წარმოება. კრემლი უცხო ქვეყანაში შეიარაღებული ძალების შეჭრას, აჯანყებულთა დაცვის მოტივით ამართლებდა:
"15 თებერვალი 1921 წელი. ლენინი მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოს: "ცეკას მიაჩნია, რომ XI არმიის ოპერაციაწარმოადგენს ნეიტრალურ ზონაში მყოფი აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ოპერაციის ამ პოლიტიკურ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ენერგიულ დასწრაფ მოქმედებას. თუ ნეიტრალურ ზონაში მყოფ აჯანყებულთა დასაცავად, სამხედრო თვალსაზრისით, საჭიროა თბილისის აღება, XI არმია არც ამას უნდა მოერიდოს."
ამ დეპეშას ჰქონდა სტალინის მიერ ხელით მინაწერი:
"სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ."
იმავე დღეს საქართველოში რუსეთის ელჩმა აარონ შეიმანმა ბაქოდან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო:
"გადაწყვეტილია რუბიკონის გადალახვა. იმოქმედეთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად."
1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის მიერ დაკავებულ შულავერში, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა. რევკომში ძირითადად ის ქართველი კომუნისტები შედიოდნენ, რომლებიც 1918-1920 წლებში საქართველოს მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ქვეყნიდან გააძევა. რევკომის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბესარიონ კვირკველია. რევკომის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სტალინი ორჯონიკეძეს შემდეგ რჩევას აძლევდა:
სტალინი ორჯონიკიძეს: "რევკომის შემადგენლობაში დატოვეთ რამდენიმე ადგილი ფედერალისტებისა და მემარცხენე მენშევიკებისათვის. გარდა ამისა, რევკომში გირჩევ შეიყვანო თათარი, სომეხი და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი. თორემ სხვანაირად რევკომი კოჭლობას დაიწყებს. ჟორდანიას შეცდომა ის იყო,რომ მისი მთავრობა თითქმის სულ გურულებისაგან შედგებოდა და ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში არ სარგებლობდა მხარდაჭერით. მენშევიკების ეს შეცდომა ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ."
პირველსავე სხდომაზე, რომელიც 16 თებერვალს შულავერშივე გაიმართა, რევკომმა რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მეთაურს ვლადიმერ ლენინს დახმარების შესახებ თხოვნა გაუგზავნა:
"საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც იშვა მენშევიკების კონტრრევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ ხალხის მასების აჯანყების ცეცხლსა და კვამლში, აღფრთოვანებულ სალამს უგზავნის დიდი პროლეტარული რევოლუციის ბელადს. საერთაშორისო იმპერიალიზმის მიერ სამი წლის მანძილზე ნასაზრდოებმა მენშევიკების მთავრობამ შექმნა საკუთარი პოლიციური და სამხედრო აპარატი მშრომელთა დასათრგუნავად.
საერთაშორისო რეაქციის და ქართველი მენშევიკების კოალიციის წინააღმდეგ საქართველოს მშრომელები მოისუსტებდნენ და ყველა ცდა დაემხოთ მოძალადეთა უღელი, დამარცხებით მთავრდებოდა. მაგრამ ხალხის მასების უკანასკნელი აჯანყება ძლევამოსილი აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ისწრაფიან ევროპის რეაქციის ძალები.
გაერთიანებული შავი ლაშქრის დაწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ შეერთებულ წითელსოციალისტურ ლაშქარს შეუძლია. ჩვენ ვიმედოვნებთ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არამარტო დიადიპროლეტარული რევოლუციის, არამედ დიდი მატერიალური შესაძლებლობის ქვეყანა არ დაგვტოვებს ჩვენუთანასწორო ბრძოლაში და დახმარებას აღმოუჩენს ახლადშობილ საქართველოს სოციალისტურ საბჭოთარესპუბლიკას."
16 თებერვლიდან რუსეთმა საქართველოზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ბორჩალოს მაზრის გარდა, XI არმიამ საქართველოს საზღვარი წითელი ხიდიდან და ფოილოს სარკინიგზო ხიდიდანაც გადალახა. კრემლი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვდა. ორჯონიკიძე იძულებული იყო კრემლში მოხსენებითი დეპეშები დღეში რამდენჯერმე გადაეცა:
სტალინი - ორჯონიკიძეს. "ცეკა მოითხოვს თქვენგან რეგულარულ ინფორმაციას ორჯერ დღეში. შენ კი უკვე ორი დღეა ცნობას არ იძლევი. ცეკა მოითხოვს დირექტივის შესრულებას. ამ წუთშივე მოგვეცი ცნობა აჯანყებულთა მიღწევების შესახებ. საჭიროა დააჩქაროთ ქალაქის აღება."
"17 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - სტალინს. ფოილოდან წითელი არმიის დიდებული მწყობრი რიგები მოსახლეობისა და აჯანყებულებთა აღტაცებულ მისალმებებში გადავიდნენ მტკვარზე. ყველაგან იმართებახალხმრავალი მიტინგები და მანიფესტაციები წითელი არმიის პატივსაცემად. აჯანყებულები თვითონვე გადადიან წითელი არმიის სამხედრო ნაწილში, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დგას."
"18 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - სტალინს. "ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანი ცნობები, შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ... და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ... და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიის ღრეობის ამ საძულველ კერას. თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარიატის დიქტატურის წითელი დროშა."
საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან ომის დაწყების მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდა:
21 თებერვალი 1921 წელი. "ჟორდანია - ჩიჩერინს: რას ითხოვთ ჩვენგან? გვაცნობეთ ის მიზნები, რომლის გამოცდაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შესაძლოა ჩვენ შევძლოთ სისხლისღვრის გარეშე მოლაპარაკება."
რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჟორდანიას ეს დეპეშა პასუხის გარეშე დატოვა.
1921 წლის 24 თებერვალს თბილისს ალყის საფრთხე შეექმნა. ასეთ ვითარებაში მთავრობამ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს 25 თებერვალს 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან საქართველოს დედაქალაქში XI არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. იმავე დღეს ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ცნობილი დეპეშა გააგზავნა:
25 თებერვალი 1921 წელი. "ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს. ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოსსაბჭოთა საქართველოს!"
საბოლოოდ კი, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...
კომენტარი