ღია წერილი საქართველოს პარლამენტს
საქართველოს ხელისუფლების მიერ, სამი წლის წინ მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შემდგომში ქვეყნის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებითაც აისახა. ხელისუფლების ეს ნაბიჯი, ისევე როგორც სხვა უამრავი (სიღნაღის, ბათუმის, ქაუთაისის, მესტიის, მცხეთის, ახალციხის, და სხვა მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და მათთვის განსაკუთრებული ზონების სტატუსის მინიჭება) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, ხელისუფლებისთვის მინიჭებული უფლება-მოსილებით იყო გამაგრებული.
კონსტიტუციის ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს იზრუნოს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. პარლამენტის შენობის მშენებლობის პარალელურად, ქუთაისში გადმოტანილ იქნა ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები: კონტროლის პალატა, ენერგო და წყლის მარეგულირებელი კომისია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, დაიწყო ახალი, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ა.შ.
მართალია ჩვენ, ქუთაისელებს არ გვქონია ზემოთაღნიშნული ცვლილებების შესახებ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ამ ცვლილებებით გამოწვეული სიკეთეების არდანახვაც, ვფიქრობთ უმადურობა იქნებოდა. ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ქუთაისში გადმოტანამ, რომელიც დაგვირგვინდა პარლამენტის ქუთაისში დამკვიდრებით, გაზარდა ქალაქის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი საერთაშორისო ცნობადობა, რასაც შესაბამისად მოჰყვა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება; ქუთაისში უძრავი ქონების ღირებულების ზრდა; მოიმატა მოთხოვნამ დამატებით სერვისებზე, რამაც თავის მხრივ მომსახურების სფეროში ახალი ბიზნესობიექტების გაჩენა გამოიწვია.
ქუთაისში საგრძნობლად გაიზარდა შიდა და საერთაშორისო ტურიზმი. ქვეყნის პოლიტიკური ფუნქციების გარკვეული ნაწილის ქუთაისისათვის დელეგირებამ, გააჩინა ქალაქის და რეგიონის საზოგადოების პოლიტიკური აქტივობის გაზრდის იმედი. ქუთაისისთვის გაზრდილი ადმინისტრაციული და ბიზნეს ფუნქციები ქმნიდა იმერეთის მხარის უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების წინაპირობებს.
ყველა ამ ცვლილებამ ქუთაისს, როგორც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, გაუჩინა შანსები გამოსულიყო იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციიდან რომელშიც წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩავარდა და რომლიდან თავის დაღწევას საკუთარი მწირი რესურსებით უშედეგოდ ცდილობდა.
ამჟამად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის მიზანიც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანაა. ამ ინიციატივის გასამართლებლად გამოთქმული არგუმენტები შეიძლება რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბდეს:
• ქუთაისში პარლამენტის შენახვა უფრო ძვირია ვიდრე თბილისში.
• პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებული მანძილი (220 კილომეტრი) გაართულებს კომუნიკაციას.
• პარლამენტის შენობა არაკომფორტულია.
• დეპუტატებს ქუთაისში კომუნალური პრობლემები ექმნებათ.
რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის შენახვის სიძვირეს, არსებობს ალტერნატიული გათვლები, რომლის მიხედვით ქუთაისში პარლამენტის შენახვა უფრო იაფი ჯდება ვიდრე თბილისში. ასეც რომ არ იყოს, წელიწადში რამდენიმე ათეული, ან თუნდაც ასეული ათასი ლარის დაზოგვა ნამდვილად ვერ გადასწონის იმ პოზიტიურ შედეგებს, რასაც პარლამეტის ქუთაისში ფუნქციონირება მოიტანს.
დანარჩენი არგუმენტებიდან ზოგიერთი (კომუნიკაციის სირთულეებზე აპელირება კომუნიკაციების საუკუნეში) ღიმილისმომგვრელია, ზოგიც (ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმთავრებელი შენობის არაკომფორტულობა) მარტივად გადაწყვეტადი. ბოლო კი (პარლამენტარების კომუნალური პრობლემები), გამაღიზიანებელი და გაუგებარი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.
უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ ვდგავართ ფაქტის წინაშე, როდესაც ჩვენი ქვეყნის რჩეულები, დეპუტატები, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობამ ნდობის მანდატი მიანიჭა, განიხილავენ საკონსტიტუციო(!) ცვლილებას, რომლის არსიც მათივე კომუნალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.
პატივცემულო დეპუტატებო, მიგვაჩნია რომ, საქართველოს სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქი, გაგებით ვერ მოეკიდება და მხარს ვერ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის ინიციატივას, ვერ დაირცხვენს იმის გამო, რომ ხალხის რჩეულთა 24 საათიანი წყალმომარაგება ვერ უზრუნველყო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმიტომ აგირჩიათ - პრობლემები გადაჭრათ და არა იმიტომ, რომ პრობლემებს გაექცეთ.
მოგიწოდებთ, არ შეცვალოთ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ, არ წაართვათ ქუთაისსა და რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობის განცდა. დაუტოვეთ შანსი, მიიღონ თქვენი სიახლოვით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი და რაც მთავარია, არ აფიქრებინოთ, თითქოსდა 3500 წლოვანი ისტორიის ქალაქს თქვენს ღირსად არ თვლიდეთ.
ნუ წაგვართმევთ პარლამენტს!
არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები:
„ლიბერალური კლუბი“
„ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი-რეგიონების განვითარებისთვის“
„დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრი“
„ასოციცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის“
„ქუთაისის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია“
„ევროპა ჩვენი სახლია“
„საზოგადოება და სამართალი“
„ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“
აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
„სამოქალაქო ინიციატივა Pro Patria”
დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირი „სავარდი“
„ინერ-ჯორჯია“
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „საჩინო“
პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“
„ განვითარებისა და განათლების ცენტრი“
„ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის კომიტეტი“
რეზო თაბუკაშვილი სახ. დოკუმენტური ვიდეო-სტუდია “DVS”
მედია ორგანიზაციები:
რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“
ტელერადიოკომპანია „რიონი“
გაზეთი „ახალი გაზეთი “
„რეგიონული მედიის ასოციაცია“
დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-TV”
ინტერნეტტელევიზია itv.ge
droni.ge
გაზეთი "P.S"
კომენტარი