"ფრანს პრესი": "ოლიმპიადის გამო სოჭში რუსებს თავიანთი სახლებიდან ყრიან"
"ფრანს პრესი" სოჭში, 2014 წლის ოლიმპიადის სამზადისის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "ოლიმპიადის გამო რუსებს საკუთარი სახლებიდან ყრიან".
"სოჭში მცხოვრებმა ვლადიმერ ტკაჩენკომ თავისი მცირე ხელფასით სახლი ააშენა. რამდენიმე ხნის წინ კი, მას 11 საათი მისცეს იმისთვის, რათა სახლი დაეცალა, რადგან ის ახალ გზაზე მდებარეობდა და უნდა დაენგრიათ. ტკაჩენკოს ძალადობრივმა გამოსახლებამ სოჭის მაცხოვრებლები აღაშფოთა. ტკაჩენკოს სახლის დანგრევა იმ მუქი მხარის ნაწილია, რომელიც 2014 ოლიმპიადის სამზადისს უკავშირდება", - აღნიშნულია სტატიაში.
ფრანს პრესი წერს, რომ როდესაც ორი შვილის მამამ ტკაჩენკომ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან სასამართლო მანდატურმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენა. ტკაჩენკომ განაცხადა, რომ "ეს ნამდვილი ფაშიზმია".
"ჩვენ ვიძახით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ გამოქვაბულების დროინდელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ", - განაცხადა ტკაჩენკომ.
ოლიმპიური სამზადისის დროს და გზების დაგებისას 1000 ოჯახი შეიქმნა იძულებული საკუთარ ადგილ-მამული დაეტოვებინათ.
ფრანს პრესის ინფორმაციით, Human Rights Watch-მა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ უმეტეს შემთხვევაში სოჭში ქონების კონფისკაცია იძულებითი წესით ხდება და ეს არ არის სამართლიანი და გამჭვირვალე. "ფრანს პრესმა" მიმართა სოჭის ადმინისტრაციას, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადგილობრივები სათანადო კომპენსაციას იღებენ ნებისმიერი იძულებითი გამოსახლების დროს და ეს მათ შესაბამისი დოკუმენტებითაც შეუძლიათ დაამტკიცონ.
"ჩვენ ადეკვატურ კომპენსაციას ვთავაზობთ ყველას, ვისაც რამე ჰქონდა და სამზადისის პერიოდში იძულებული გახდა დაეთმო. მაგრამ თუ არაფერი გაქვს, სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ქველმქოდები არ ვართ", - განაცხადა კრასნოდარის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე საურინმა "კომერსანტ ვლასტს" ამ კვირაში მიცემული ინტერვიუსას.
საპირისპირო მოხდა ტკაჩენკოს საქმეში. ტკაჩენკოს სახლის დანგრევის მიუხედავად, მისთვის კომპენსაცია არ გადაუხდიათ, რადგან სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ მისი სახლი იყო უკანონოდ აშენებული.
ტკაჩენკოს თქმით, მას აქვს შესაბამისი დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია, რომ სოჭის ხელისუფლებამ მას 1996 წელს სახლის აშენების ნებართვა მისცა. ამის შემდეგ სავარაუდოდ აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლების სახლებიც იგივე ბედს გაიზირებენ.
"სასამართლომ ჩემი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს მტკიცებით, ჩემს ანგარიში გაიხსნა ბანკში, სადაც 1.6 მილიონი რუბლი (55 000 ამერიკული დოლარი) ჩამერიცხა, ისე, რომ მე არაფერი ვიცი", - განაცხადა სოჭელმა ნატალია გორდიენკომ. მისი თქმით, ეს თანხა სრულიად არ არის საკმარისი, რადგან უძრავი ქონების ფასები ქალაქში ძალიან მაღალია.
უკმაყოფილებას გამოხატავენ ქალაქის სხვა მაცხოვრებლებიც და ამბობენ, რომ ქალაქის მთავრობა არაფერს ეკითხება მათ.
კომენტარი