ბინ ლადენის სიკვდილზე აწყობილი ბიზნესი
სპორტული მაისურები, ფინჯნები, შალითები iPhone – ბისთვის, წინსაფრებიც კი... სულ რაღაც რამდენიმე დღეში ბაზარი უამრავმა საქონელმა წალეკა, თემა კი... უსამა ბინ ლადენია.
გულახდილად რომ ვთქვათ, ისინი დიდი გემოვნებით არ გამოირჩევიან: „ობამამ შეუსრულა უსამას“; „ბინ ლადენ, ჯოჯოხეთში დაიწვები“; „ჩვენ ეს შევძელით“; „სამართლიანობა“ – ყველა ეს და სხვა, მსგავსი წარწერა მეტნაკლებად მხატვრული გამოსახულებების ფონზე.
პაკისტანში ჩატარებული ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე შესაბამის სავაჭრო ქსელებში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ფასად სპორტული მაისური აირჩიოთ, ალ–ქაიდას მრავალტანჯული მეთაურის გამოსახულებით. სულ რაღაც ოც ევროდ თქვენ სეგიძლიათ შეიძინოთ ეს ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც ინტერნეტ–მაღაზიებმა უკვე დაარქვეს „ისტორიული“.
ქსელში გავრცელებულ პროდუქციებს შორის საკმაოდ უცნაურებსაც შეხვდებით.
მაგალითად, სკეიტბორდს ბინ ლადენის გამოსახულებით – 53 ევროდ ან სულაც „ბათინკებს“, საფირმო, ბინ ლადენის ნიშნით. ამის სემდეგ კი აბა ვის უნდა გაუკვირდეს ჩანთები (8–დან 30 ევრომდე) ან ჰალსტუხები (26 ევრო) – ბინ ლადენის სხვადასხვა გამოსახულებით.
ყველაზე მოულოდნელ პროდუქციად მაინც iPhone – სა და iPad – ისთვის განკუთვნილი შალითები (40–50 ევრო) უნდა ჩაითვალოს. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ერთ–ერთი, რომელზეც „ფეისბუქში“ ბინ ლადენის ყალბი პროფილია გამოსახული, პროფილის ბოლო სტატუსი კი ასე გამოიყურება: „მგონი, კართან ვიღაცაა..“
ან კიდევ ერთი, „ალ–ქაიდას“ ლიდერის პორტრეტითა და წარწერით Mayday. ეს ფრაზა საყოველთაოა და გამოიყენება რადიოკავშირის დროს, რათა ყველას გააგებინონ, რომ თვითმფრინავი ან საზღვაო ხომალდი საფრთხეშია. ამას გარდა, ეს ფრაზა ბინ ლადენის სიკვდილის დღეზე მინიშნებაცაა: „მაისის დღე“.
მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი არ არის: მათთვის, ვისაც ბინ ლადენის მიმართ ბოღმის გადმონთხევა სამზარეულოში სურს, ეს სულ 16 ევრო დაუჯდება და შეიძენს წინსაფრებს სხვადასხვა შინაარსის წარწერებით. შეგხვდებათ სხვადასხვა ზომის კეპები, მაგალითად, ერთ–ერთზე კონსერვის ქილაა გამოსახული, ფრიად მინიშნებითი წარწერით ბინ ლადენის „დაკრძალვის“ რიტუალზე: „თევზების საკვები „უსამა“.
ამერიკულ მაგიდებზე კი უკვე გაჩნდა ფინჯნები ბინ ლადენის გამოსახულებით (18 ევრო). აქაც მარაზმობამდე მისული იუმორის სუნი ტრიალებს. მაგალითად, ერთ–ერთზე ბინ ლადენი წყალქვეშაა გამოსახული და ამბობს: „კარგი, გნებდებით!..“ ან ასეთი წარწერით: „ეი, უსამა! ჩემგან მოკითხვა გადაეცი სადამს!“. ან, სულაც, ტყვიით დახვრეტილი ბინ ლადენის გამოსახულებიანი ჭიქა წარწერით: „თავისუფლების გემო“ – არჩევანი თქვენზეა.
სტატია გამოქვეყნდა ფრანგულ გაზეთ le pointe –ში.
კომენტარი