„აღარასოდეს ვენდობი „კაპიტან +“-სს“ - კლიენტის ბრალდება და კომპანიის კომენტარი
ზაფხულთან ერთად აქტუალურია დასვენება - თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიდიხართ, სწორად შერჩეული ტურისტული კომპანია და კონფორტი, რომელსაც ესა თუ ის კომპანია, ქვეყანა გთავაზობთ.
თუ ტურისტულმა კომპანიამ მოგატყუათ ან მისი არაკვალიფიციურობის, არაკომპეტენტურობის, არაკეთილსინდისიერებისა თუ უბრალოდ, უყურადღებობის მსხვერპლი გახდით, შესაძლოა, დასვენების ნაცვლად, „დაღლა“ გამოგივიდეთ.
წარმოგიდგენთ ერთ მაგალითს, როცა, კლიენტთა განცხადებით, ტურისტული კომპანიის უყურადღებობამ თუ არაკვალიფიციურობამ 5 უფროსი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დააზარალა. შემოგთავაზებთ კომპანიის არგუმენტებსა და დოკუმენტურ მასალებსაც.
მაშ ასე, ტურისტული კომპანია „კაპიტან +“-ი. ოპერატორი დოდო ასლანიშვილი. ქვეყანა - ეგვიპტე, ხურგადა. კლიენტის მოთხოვნა: 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, კარგი პლაჟით.
ამ პრინციპით, ტურისტული კომპანიის მიერ შერჩეული და კლიენტისთვის შეთავაზებული სასტუმრო -Cleopatra Luxury Resort - Makadi Bay.„როცა ამ ტურისტულ კომპანიას პრინციპულად ვთხოვეთ ისეთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შერჩევა, რომელსაც კარგი სანაპირო ექნებოდა, რათა ზღვაზე დასვენების შესაძლებლობა გვქონოდა, ქალბატონმა დოდომ ეს სასტუმრო შემოგვთავაზა.
პირადად მე, თანხის გადახდის მომენტში მას რამდენჯერმე ვკითხე, ჰქონდა თუ არა, ამ სასტუმროს კარგი სანაპირო (ადრე ვიყავი ეგვიპტეში და ვიცოდი რომ ზოგიერთ სასტუმროს არ აქვს კარგი სანაპირო, ზღვის მიქცევა-მოქცევის გამო).
ტურისტულ კომპანიაში ხაზგასმით, კატეგორიულად მითხრეს რომ მათ მიერ შერჩეული ეს სასტუმრო კარგი პლაჟით გამოირჩეოდა.
ქალბატონ დოდოს იგივე კითხვა დაუსვა ჩემმა მეგობარმაც, სატელეფონო საუბრის დროს. მაშინაც, „კაპიტან +“-დან დაგვიდასტურეს რომ ეს სასტუმრო შეესაბამებოდა ჩვენ მოთხოვნებს. რომ უბანი - „მაკადი ბეი“, ზოგადად, კარგი პლაჟებით გამოირჩეოდა და ა.შ.
თუმცა, როცა ადგილზე ჩავედით, დაგვხვდა ტალახიანი, საზიზღარი პლაჟი. ზღვაში შესვლა შეუძლებელი იყო. ვცადეთ დაკავშირება ტურისტულთან.
ვესაუბრეთ „კაპიტან +“-ის წარმომადგენელს, ვინმე ქეთის, რომელიც ლამის აქეთ გვეჩხუბა და ყველაფერი „ვიღაცას“ გადააბრალა. მან ასევე გვითხრა რომ ამგვარი შემთხვევები ხშირია და უნდა შევეგუოთ.
ამიტომ, პირადად მე, თავს მოტყუებულად ვგრძნობ და აღარასოდეს ვენდობი „კაპიტან +“-სს. არასოდეს ვისარგებლებ მისი მომსახურებით.
იგივენაირად ფიქრობენ ჩემი მეგობრებიც, რომელთან ერთადაც ამ ტურისტული კომპანიიდან ეგვიპტეში წავედი“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გიორგი იველაშვილმა.
მან მოგვაწოდა ოფიციალურ მიმოწერა ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთან (ასევე სასტუმროს პლაჟზე გადაღებული ფოტოები), რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
- „გამარჯობა.
ქ. დოდო, ძალიან ვწუხვართ რომ აღმოვჩნდით მოტყუებულები და საქმე დავიჭირეთ ისეთ არაპროფესიონალ და ჩვენი აზრით, არაკეთილსინდისიერ ტურისტულ კომპანიასთან, როგორიც კაპიტან+-ი აღმოჩნდა.
რატომ?
პირადად თქვენ, არაერთხელ გთხოვეთ რომ შეგერჩიეთ ისეთი სასტუმრო, რომელსაც ექნებოდა კარგი პლაჟი. ეს თხოვნა კვლავ რამდენჯერმე გაგიმეორეთ, როდესაც თანხის გადასახდელად თქვენთან მოვედით.
ყველა შემთხვევაში, თქვენგან იყო პასუხი რომ "ამ სასტუმროს აქვს ძალიან კარგი პლაჟი" (კლეოპატრა ლაქშარი რისორტ მაკადი ბეი).
ადგილზე კი ასეთი ვითარება დაგვხვდა: (ტალახიანი, უსაზიზღრესი პლაჟი, .... დოლარად, ხომ საუკეთესოა?).
ცხადია, შეცდომა ყველას მოსდის თუმცა, კეთილსინდისიერი კომპანია არაკეთილსინდისიერისგან იმით განსხვავდება რომ პირველი, ამ შეცდომის აღიარების შემდეგ მის გამოსწორებას ცდილობს, მეორე კი ყველაფერს სხვას აბრალებს.
რა გადაცვლა, რა ბოდიში? თურმე "მსგავსი რამ ყოველთვის ხდება და უნდა შევეგუოთ".
სამწუხაროდ, თქვენ ვერ დაგიკავშირდით, თუმცა, ბევრჯერ ვესაუბრეთ ვინმე ქეთის, რომლის ცინიკურმა საუბარმაც, უბრალოდ, გაგვაოგნა.
რაც შეეხება რეაგირებას, დარწმუნებულები იყავით რომ თქვენს ჯერ შეცდომას, შემდეგ კი თქვენი კომპანიის მიერ ამ შეცდომის არაღიარებასა და არაკეთილსინდისიერებას, შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
(თუნდაც ოდნავი წუხილი, სინანულის გრძნობა ან ბოდიში საკმარისი იქნებოდა ყველაფერი რეაგირების გარეშე დასრულებულიყო, თუმცა, თქვენი კომპანიის წარმომადგენლის დამოკიდებულებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა).
ილუსტრაციისთვის გიგზავნით თქვენს მიერ ნაქებ სასტუმროს პლაჟზე გადაღებულ ფოტოებს“.
პასუხი:
- „მოგესალმებით
ვიხილე ფოტოები და ძალიან ვწუხვარ რომ ასე გამოვიდა.
მე არ მქონდა ეს სასტუმრო ნანახი, კარგად მახსოვს რომ მოგეცით არჩევანის უფლება რამდენიმე სასტურმოს შორის და როცა შეჩერდით ამ სასტურმოზე, მახსოვს, რომ გითხარით კიდევაც, რომ ეს სასტუმრო არ გვქონდა კომპანიაში არც ერთ ოპერატორს ნანახი.
თუმცა, არ იქნება კორექტული სხვაზე დაბრალება, მაგრამ ფაქტია პეგასის წარმომადგენელმა ძალიან მიქო მაშინ ეს სასტუმრო და მითხრა რომ vip სასტუმროების სიაში შედიოდა, რომ კარგი პლაჟი ჰქონდა და ა.შ
მივლინებაში ვიყავი თქვენი დასვენების პერიოდში, არ ვიცი ნამდვილად როგორ გაგცეს პასუხი, თუმცაღა, ჩვენი კომპანია 22 წელია ქართულ ბაზარზე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან იშვიათად გვაქვს ასეთი შემთხვევები.
ძალიან სამწუხაროა ასე რომ გამოვიდა, მე პირადად გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ მომავალშიც ისარგებლებთ ჩვენი კომპანიის მომსახურებით, დარწმუნდებით რომ ჩვენი სააგენტო განსხვავებული და მაღალი სერვისით გამოირჩევა.
თქვენთვის იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლებებისა და „upgrade”-ის სერვისი.
p.s: მე მაინტერესებს თვითომ პეგასის წარმომადგენლობას თუ გაესაუბრეთ იქ და გადაცვლა თუ შემოგთავაზეს სასტურმოსი, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა ჯარიმით (ვინაიდან სასტუმრო დაგაჯარიმებდათ), მაგრამ თუ სცადეთ გადაცვლა“.
- „დიახ, როცა პეგასის წარმომადგენელს ვესაუბრეთ, ტურისტულთან - თქვენთან გადმოგვამისამართა. გვითხრა, ჩვენ კი არა, ტურისტულია პასუხისმგებელიო“.
- „ყველა სასტუმროში პეგასს ჰყავს წარმომადგენელი, როცა ჩვენ ვუკავშირდებით პეგასს, ისინი თავიანთ გიდებთან გვამისამართებენ, რომლებიც გვირკვევენ იქვე რა იქნება ჯარიმა სასტურმოდან გადასვლისას.
მაგიტომ ზიან ყველა სასტურმოში რომ პირდაპირ გაარკვიონ მგზავრებთან იქვე ყველაფერი.
გადაიხდიდით იქვე ჯარიმას და გადაგიყვანდნენ ახალ სასტურმოში.
ვინაიდან რეისი პეგას ტურისტიკისაა და არა ჩვენი, ისინი რასაც გვეუბნებიან ჩვენც ისე ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ფაქტიურად მათ პროდუქტს ვყიდით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში,ზოგადად ჩვენი რეისებიც გვაქვს ეგვიპტეზე, მაგრამ წელს არა), წესებს ისინი ადგენენ და არა ჩვენ.
ამიტომ, თუ ამბობდნენ რომ გაცვლა მოხდებოდა ჯარიმით, დანარჩენს იქვე მოაგვარებდით და გადახვიდოდით უფრო კარგ სასტურმოში.
პატივისცემით“.
- „ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ბიუროკრატია ჩვენი ბრალი არ იყო. ჩვენ თქვენ შეგვიყვანეთ შეცდომაში და ჩვენთან თქვენ იყავით პასუხისმგებელი.
თქვენ კომპანიას უნდა მოეგვარებინა ჩვენთვის ეს პრობლემა, თავისი ჯარიმით. ასე ხდება პასუხისმგებლიან კომპანიებში“.
„პრესა.ჯი“ ამ მიმოწერის მოწოდების შემდეგ, ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდა. თუმცა, აღსანიშნავია რომ ამ წერილებიდანაც იკითხება ტურისტული კომპანიის მხრიდან შეცდომის ირიბი აღიარება.
კომპანიის წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს ჩვენ არ ვიცოდით როგორი იყო სასტუმრო, პეგასმა შეგვიყვანა შეცდომაშიო, გვიქო და გვითხრა კარგი პლაჟი აქვსო.
თავის მხრივ კი, გამოდის რომ პეგასის მიერ შეცდომაში შეყვანილმა ტურისტულმა კომპანიამ, კლიენტები დააზარალა.
ისმის კითხვა: ვინ არის პასუხისმგებელი კლიენტთან, როცა ის მოტყუებული აღმოჩნდება?
„ყველაფერი სასამართლოში გაირკვევა. ჩვენი იურისტები სარჩელს უკვე ამზადებენ. ყველა დეტალს გავითვალისწინებთ და სარჩელს შევიტანთ. დაწვრილებით შეისწავლეს კონტრაქტი.
თმცა, ჩვენი მიზანი არ იყო სასამართლოში სარჩელის შეტანა. ვცადეთ მოგვეგვარებინა ურთიერთობა ტურისტულთან, მაგრამ მათი წარმომადგენლის ცინიკურმა, აგდებულმა და უპასუხისმგებლო საუბარმა გადაგვაწყვეტინა ეს ყველაფერი.
კიდევ ვიმეორებ: ერთი ბოდიში, წუხილი, სინანული საკმარისი იქნებოდა, მაგრამ „კაპიტან +“ ასე არ მოიქცა. მან სცადა პასუხისმგებლობიდან გაქცევა“, - ამბობს დაზარალებული კლიენტი.
რაც შეეხება ტურისტული კომპანიის პოზიციას:
„პრესა.ჯი“: „კაპიტან +“-სს, მომხმარებლები უყურადღებობასა და არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებენ... დაზარალებული აცხადებს, რომ მათ მოითხოვეს ეგვიპტეში, კერძოდ, ხურგადაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება, თქვენმა ოპერატორმა Cleopatra Luxury Resort - Makadi Bay შესთავაზა. კლიენტების მთავარი მოთხოვნა კარგი პლაჟი იყო. დაზარალებულები აცხადებდნენ რომ ადგილზე, საზიზღარი პლაჟი დახვდათ . ზღვაში შესვლა შეუძლებელი იყო...
კომპანიის მენეჯერი ანა კირკიტაძე: ზოგადად, ასეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ გვყოლოდა უკმაყოფილო კლიენტები. ეს პირველი ფაქტია, რომელიც თქვენგან მესმის.
ყველაფერი რეგულირდება ჩვენთან კონტრაქტით. კონტრაქტში რა პირობებიც უწერია კლიენტს, ზუსტად ის ხვდება ადგილზე ჩასულს. თუ ამ ადამიანს კონტრაქტში უწერია ზღვა და მან ეს არ მიიღო, ამ შემთხვევაში მას ჩივილის საშუალება ეძლევა.
- კლიენტების განცხადებით, როცა მათ სცადეს თქვენთან გარკვევა რატომ დარჩნენ მოტყუებული, ოპერატომა უთხრა რომ ეს პრობლემა პეგასს უნდა მოეგვარებინა, პეგასი თქვენ კომპანიას აკისრებდა ვალდებულებას...
- მე არ ვიცი რა მოხდა ეგვიპტეში. დარწმუნებული ვარ რომ ამ ადამიანებს აღებული ჰქონდათ ხურგადა, Cleopatra Luxury Resort - Makadi Bay... და პირობებიც გაწერილი იქნება კონტრაქტში. ვერბალურად რაზე შეთანხმდნენ, ამას ვერც ერთი მხარე ვერ დაამტკიცებს. უნდა ვიმსჯელოთ კონტრაქტზე.
- უკმაყოფილო კლიენტი ოპერატორ დოდო ალსანიშვილთან მიმოწერას გვიგზავნის, სადაც ქალბატონი დოდო ამბობს რომ კომპანიის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა პირადად ნანახი სასტუმრო და ისე შესთავაზა კლიენტებს, ხდება ხოლმე ასე?
- არა, არა, პირველად მესმის მსგავის რამ“.
რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი: ქალბატონი კირკიტაძე გვიმტკიცებს რომ არ ჰქონიათ შემთხვევა, როცა კლიენტები მათი მომსახურებით უკმაყოფილო დარჩენილან. რომ ეს პირველი შემთხვევაა.
ეს მაშინ, როცა მისივე თანამშრომელი, ქალბატონი დოდო ოფიციალური მიმოწერის დროს აღიარებს რომ „ასეთი შემთხვევები იშვიათად აქვთ“. ანუ, პირველი არ ყოფილა...
მკითხველმა თავად განსაჯოს, რომელი მხარეა მართალი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ კლიენტის პოზიციას, ოფიციალურ მიმოწერასა და კომპანიის არგუმენტებს...
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ის სერვისი, რომელსაც უკვეთავთ...
P.S: ჩვენ ვნახეთ კონტრაქტი და იქ არსად წერია რომ „კაპიტან +“-ის მიერ შეთავაზებულ სასტუმროს (კლეოპატრა ლაქშარი რისორტი, მაკადი ბეი), ცუდი ზღვა და ცუდი პლაჟი აქვს. ქალბატონ მენეჯერს შეუძლია თავადაც გადახედოს თავისივე კომპანიის კონტრაქტს.
ილუსტრაციისთვის ვაქვეყნებთ Cleopatra Luxury Resort - Makadi Bay-ს პლაჟის ფოტოებს... ვიმედოვნებთ რომ სხვა შემთხვევებში, ტურისტული კომპანიები ბევრად მეტ ყურადღებასა და კვალიფიციურობას გამოავლენენ და კლიენტს შესაბამის სერვისს შესთავაზებენ.
წყარო: http://presa.ge/new/?m=society&AID=30273
კომენტარი