1988 წელს ვ. პუტინი წითელ მოედანზე რონალდ რეიგანს КГБ-ს აგენტის რანგში შეხვდა?
პიტ სოუზი, რომელიც ახლა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ფოტოგრაფად მუშაობს და რომელიც 30 წელზე მეტია, ამ პროფესიას მისდევს, დღესაც დარწმუნებულია, რომ რონალდ რეიგანის მოსკოვში პირველი ვიზიტის დროს, 1988 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე ვლადიმირ პუტინია გამოსახული და ის, ტურისტის ფორმაში გამოწყობილი, ფოტოაპარატით მკერდზე, ერთ-ერთი იყო იმ „ტურისტებიდან“, რომლებიც სინამდვილეში სუკ-ის აგენტები იყვნენ და აშშ-ის პრეზიდენტს საგანგებოდ დაახვედრეს, რათა მისთვის მწვავე კითხვები დაესვათ.
2009 წელს გამოქვეყნებულ ამ ფოტოს დიდი აურზაური მოჰყვა. რუსეთის პოლიტიკურმა წრეებმა მაშინ მიიჩნიეს, რომ ბარაკ ობამამ სპეციალურად დართო ნება საკუთარ ფოტოგრაფს, რათა პუტინის იმიჯის შესარყევად ეს ფოტო გამოექვეყნებინა. თვითონ პუტინს გასული ორი წლის განმავლობაში ამ თემაზე კომენტარი არასდროს გაუკეთებია, მაგრამ რუსი ექსპერტები ეჭვობენ, რომ ფოტოზე ვ. პუტინი არაა გამოსახული.
მათი ვარაუდი რამდენიმე არგუმენტს ემყარება: ჯერ ერთი, 1988 წელს, როცა რონალდ რეიგანის ეს ვიზიტი შედგა და როცა ის სსრკ-ს კპ ცკ-ის გენერალურ მდივანთან, მიხეილ გორბაჩოვთან ერთად წითელ მოედანზე სეირნობდა, პუტინი სუკ-ის განხრით კი მსახურობდა, მაგრამ არა მოსკოვში, არამედ დრეზდენში და არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა მისი იქედან გამოხმობა. მეორეც, ამ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი აშკარად უფრო გამხდარია, ვიდრე პუტინი უნდა ყოფილიყო იმ წელს. მაშინ პუტინი, მისივე თქმით, კვირაში 7 ლიტრამდე ლუდს სვამდა და მესამეც, ამ ფოტოზე მამაკაცს ხშირი თმა აქვს და არც სიმელოტის ნიშნები ეტყობა...
მაგრამ პიტ სოუზი დარწმუნებულია, რომ მან 1988 წელს სწორედ ვლადიმირ პუტინი გადაიღო. რადიოში გამოსვლისას მან გაიხსენა, რომ როცა წითელ მოედანს მიუახლოვდნენ და ირგვლივ მიმოიხედეს, დაცვის ოფიცერმა ჩასჩურჩულა - ირგვლივ რამდენ ტურისტსაც ხედავ, ყველა სუკ-ის აგენტიაო. სოუზის თქმით, რონალდ რეიგანს მაშინ ამ „ტურისტებმა“ აშშ-ში ადამიანის უფლებათა დარღვევბის შესახებ რამდენიმე მწვავე, სავარაუდოდ, სუკ-ის მიერ წინასწარ მომზადებული შეკითხვა დაუსვეს.
მომზადებულია The Telegraph მიხედვით
კომენტარი