ლაშა ფარულავა: „პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად“
საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი“-ს წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად. - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი
თქმით, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც არის პარტიული სიის კანდიდატი, იცავს საარჩევნო კოდექსის 122 მუხლი, რაც გულისხმობს იმუნიტეტს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. შესაბამისად პოლიციის მხრიდან მისი დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად.
„საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის
მე-2 ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. შესაბამისად, გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ასევე პოლიტიკური ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის’’ საარჩევნო კამპანიის ნაწილს და ხელის შეშლა არ იქნება აღქმული დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელ ქმედებად.“- განაცხადა ფარულავამ.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უზრუნველყოს თანაბარი და მშვიდობიანი გარემო პოლიტიკური სუბიექტებისთვის.
2020 წლის 5 ოქტომბერს თბილისის მერიის შენობასთან პოლიციამ პაატა მანჯგალაძე საარჩევნო კამპანიის პერიოდში დააკავა.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.
კომენტარი