ერთი ლექსით თქმული სათქმელი: ია სულაბერიძის „საქართველოა, ჩემო ძამია!..“
აქ
მავანო მგზავრო, წარსულისგან გამოკვეთილო,
წინ მყობადია, გასაცნობი ბორგვა და ფეთქვა,
შენ საით წახვალ, ეგ არ ვიცი,ჩემო კეთილო –
მე, ჩემდაწილად, ცოტა რაღაც მინდოდა მეთქვა.
გიყვარდეს დარდიც – სიყვარულის ტყუპისცალია,
ღიმილს და ცრემლებს განსასჯელად ნუ გააბოძებ;
„ვეფხისტყაოსნის“ სამშობლოა, ჩემო ძამია,
აქ სიყვარულით ვერავისაც ვერ გააოცებ.
ეჭვის მარწუხმა თუ მოწურა გული ძალიან,
განრისხებული, ამბოხებას ნუ დააპირებ:
მეფე გიორგის სამშობლოა, ჩემო ძამია –
ეჭვიანობით აქ ვერავის ვერ გააკვირვებ.
ნუ დაიჩივლებ, მე – საბრალოს, არ მაქვსო ბედი,
ნურც იმას მოთქვამ, თუ რა სასჯელს ზეცა გპირდება:
ბარათაშვილის სამშობლოა, რა გითხრა მეტი –
აქ უბედობა არავის არ გაუკვირდება.
ცხოვრება ჩვენი არც ფარსია და არც წამია,
ერთს გეტყვი, ვიდრე დანისაკენ ხელს გააცოცებ,
გალაკტიონის სამშობლოა, ჩემო ძამია –
აქ თვითმკვლელობით ვერავისაც ვერ გააოცებ.
ჩვენი ვალია, რომ გვიყვარდეს სულზე ძალიან,
გავყვეთ ბილიკებს: ღვთით ნაბოძებს და დანალოცებს;
საქართველოა! სა–ქარ–თველო! ჩემო ძამია –
ჩვენ აქ:
ვერავის
ვეღარაფრით
ვერ გავაოცებთ...
ია სულაბერიძე
კომენტარი