სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი ირანის მეჯლისის სპიკერს, ალი ლარიჯანის შეხვდა

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით გამართული სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის დასკვნით სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირანის მეჯლისის სპიკერს, ალი ლარიჯანის შეხვდა.

მხარეებს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ირანის საპარლამენტო ლიდერმა ქართველ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მოხარულია დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობით. „მსურს, გავიხსენო თქვენი ვიზიტი ირანში, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო”, - ასე შეაფასა მან მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი მის ქვეყანაში. დავით უსუფაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ირანის მეჯლისის სპიკერს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ირანში ვიზიტმა მას ახალი მეგობრები შესძინა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრისას შეეხო მიმდინარე წლის 14-15 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში იმართება საქართველოს პარლამენტში და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ღიაობის აღნიშნულ ფორუმზე მსოფლიოს სხვა პარლამენტებთან ერთად მოწვეულნი არიან, აგრეთვე, ირანის პარლამენტის წარმომადგენლები.

ამასთან, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, ორმხრივი ურთიერთობები. დავით უსუფაშვილის თქმით, „საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვანი მექანიზმია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისთვის”, რასაც დაეთანხმა მისი ირანელი კოლეგა.

საქართველოსა და ირანის პარლამენტის სპიკერებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოსა და ირანის ერთობლივი შესაძლო პროექტების შესახებაც და გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანისთან საუბარში დადებითად გამოეხმაურა ირანსა და „ექვსეულს” შორის მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას.

დავით უსუფაშვილისა და ალი ლარიჯანის ორმხრივი შეხვედრის დასასრულს, ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტთაშორის კავშირის (IPU) ფარგლებში გამართული მსგავსი კონფერენციების ფორმატის მნიშვნელობა, რაც მხარეების მიერ შეფასდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა საპარლამენტო ლიდერებს შორის საქმიანი შეხვედრების წარმართვისა და, ზოგადად, ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვის თვალსაზრისით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100