რატომ ვერ ვმაღლდები სიძულვილზე, ანუ გულახდილი ფბ-ჩანაწერი
ამბობენ და, კაცმა რომ თქვას, სწორადაც ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია: უმეტესწილად, მართლაც ასეა. ასე რომ არ იყოს და ადამიანს ყველა ტკივილი ისე ახსოვდეს, როგორც ერთ დროს განიცადა, მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცეოდა და აზრიც არ ექნებოდა სულზე ზრუნვას, სიკვდილის შემდგომი ჯოჯოხეთის შიშს და სამოთხის მოლოდინს. მაგრამ გამონაკლისი, როგორც ყველგან, ამ გამოთქმასთან მიმართებაშიც არსებობს, ანუ, არის ისეთი ტკივილი, რომელსაც დრო ვერაფერს შველის, არ გავიწყდება და თან გდევს, რომელიც გადატანილია, სულშია დალექილი, მაგრამ მაინც გტკივა - ყრუ ტკივილით.
არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია მეცნიერული ან სამედიცინო თვალსაზრისით, გტკიოდეს ის, რასაც ჩემში ვერაფერს ვარქმევ, გარდა ტკივილისა: მე გემო მტკივა და ეს გემო მახსენებს მასთან დაკავშირებულ მთელ პერიოდს. იმ პერიოდთან დაკავშირებული სხვა ტკივილები სწორედ ამ გემოშია თავმოყრილი და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სხვა ტკივილები უფრო მტკენია, ყველაზე მტკივნეულად მაინც გემო მტკივა.
ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, ცოტა შორიდან დავიწყებ.
ჩემმა სტუდენტობამ 1990-95 წლებში განვლო და გემო, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, სწორედ იმდროინდელია. ვისაც ახსოვს, ხომ კარგი და ვისაც არ ახსოვს, ღმერთმა ნუ განაცდევინოს - ფიჩხების შესაგროვებლად სასაფლაოებზე გასული თბილისელები და მერე, სიმწრით მოგროვილი ფიჩხით დანთებული ცეცხლი ყინვასა და წკვარამში, მეზობლებთან გადაძახებები და დიდი ქვაბით ადუღებული წყალი, როცა არც შუქი იყო, არც გაზი და ერთადერთი, წყალი გვქონდა თავზესასხმელად...
იმდროინდელი თბილისის ყველაზე დამახასიათებელი სურათი ჩემთვის სწორედ ასეთია და, ხატვის ნიჭი რომ მომმადლებოდა, სწორედ ასეთ თბილისს დავხატავდი: სადარბაზოსთან მიმსხდარი, შეძლებისდაგვარად შეფუთული მეზობლები, მათი ნატანჯი, უძილო სახეები და იქვე, ახორხოლავებულ და აალებულ ფიჩხებზე, გაშავებულ სამფეხაზე შემოდგმული ქვაბი, ქვაბში კი წყალი ყველაფრისთვის: ხელ-პირის დასაბანად, გასაციებლად და მერე დასალევად, ჩაისთვის თუ თავის სახელდახელოდ გადასაბანად...
ჩაი ვახსენე და გემოც სწორედ ჩაის უკავშირდება: ასე, ფიჩხების კოცონზე ადუღებული წყლისგან დამზადებულ ჩაის ერთნაირი, დაუვიწყარი და საზიზღარი გემო ჰქონდა: ერთხელ რომ გასინჯავდი ასეთ ჩაის, მეორედ აღარ მოგინდებოდა, მაგრამ აბა როგორ - ჩაი და პური აუცილებელი იყო და იყო საუზმეც, ზოგჯერ სადილიც და ვახშამიც. ეტყობა, ისეთ გემოს, რომელიც ჩემთვის ეპოქალური მნიშვნელობის გახდა, წყალი სწორედ კოცონზე ადუღების შემდეგ იძენს - ის გემო მახსენებს ყველაფერს, რაც მაშინ, ჩემი სტუდენტობის მეორე წელიწადს ხედბოდა:
გადამწვარ, დანაგვიანებულ რუსთაველს, ქუჩაში ამაყი სახით მოსეირნე, ავტომატგადაკიდებულ ახალგაზრდებს, „პლანის“ სუნს ასახვევებში და სადარბაზოებში, ერთნაირად უსიხარულო, უემოციო სახეებს - ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი გემოა - დასავიწყებელი ცხოვრების გემო.
მას შემდეგ არ გამისინჯავს კოცონზე ადუღებული წყლისგან დამზადებული ჩაი. ერთხელ, ლაშქრობაზეც კი არ გავსინჯე, სრულიად უწყინარ სიტუაციაში - გავურბივარ და იმიტომ. სწორედ ამ გემოს ვერ უდასტაქრა ჩემში დრომ...
ახლა ჩემი უფროსი შვილი პირველ კურსზეა. თვლის, რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობს და რომ არასდოს წავა საზღვარგარეთ, სამუდამოდ დასარჩენად. ბევრი რამ არ მოსწონს, მეკამათება კიდეც, მაგრამ იმაში ყოველთვის მეთანხმება, რომ შემდგარ სახელმწიფოში ცხოვრობს და რომ მისი ქვეყანა ახლა სწავლობს ნაბიჯების გადადგმას.
ამ წერილის დაწერისკენაც იმან უფრო მიბიძგა, რომ ბექას ჩაი ძალიან უყვარს და როცა აღმოვაჩინე, რომ სრულიად რეალური იყო, მისი ამჟამინდელი ყოფა და მისი ცხოვრება მეორე კურსიდან თითქმის გაჭრილი ვაშლივით დამსგავსებოდა ჩემსას, როცა ვიფიქრე, რომ მასაც უნდა ესვა დღეში სამჯერ კოცონზე ადუღებული ჩაი, მაშინვე გავეცი პასუხი ჩემთვის მტკივნეულ კითხვას, რომელიც ხშირად მიჩნდებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის შემხედვარეს - რატომ ვერ ვმაღლდები მათდამი სიძულვილზე, ვისაც უნდა, წარსულში დამაბრუნოს...
ახლა, ამ აღიარებას გინდ პიმოთნეობა უწოდეთ, გინდ მლიქვნელობა, გინდ „შეტენვა“: გულწრფელი კია და, ჩემთვის მთავარი ეგაა...
კომენტარი