სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსები უმაროვს პანკისში ეძებენ

რუსები დოკუ უმაროვს საქართველოს ტერიტორიაზე ეძებენ. მათ მიერ მრავალჯერ მოკლულად გამოცხადებული უმაროვი, კრემლის მიერ მართული მედიის ინფორმაციით, ახლა პანკისის ხეობაში იმალება.

როგორც ცნობილია, ჩეჩნურ–ინგუშურ მსხვილ დაჯგუფებაზე თავდასხმის შემდეგ, რუსულ მედიაში უმაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ხელისუფლება და მედია უნისონში ირწმუნებოდა, რომ უმაროვი ლიკვიდირებულია. საბოლოო ჯამში, ეს ცნობა თავად უმაროვმა არ დაადასტურა. მას შემდეგ, ჩეჩენი მეამობოხეების ერთ–ერთი ლიდერი, როგორც სჩვევია, უკვალოდ დაიკარგა. თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ მან თურქეთში გადასვლა მოახერხა და ამჟამად თავის ძმასთან, სტამბოლის ერთ–ერთ ბინაში ცხოვრობს.

თუმცა რუსმა სამართალდაცველებმა შემდეგ დაასკვნეს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში, ის აუცილებლად მოხვდებოდა თურქეთის სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში და დააპატიმრებდნენ. უმაროვს არც ევროპულ ქვეყნებში გადასვლა შეუძლია, აშშ–ის მიერ კი საერთაშორისო ტერორისტად და ძებნილად არის გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სპეცსამსახურებმა ლოგიკურად დაასკვნეს, რომ თავისი დაჯგუფების განადგურების შემდეგ, უმაროვი საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, პანკისის ხეობაში გადავიდა და ამჟამად იქ იმყოფება.

მას აუცილებლად სჭირდება სამედიცინო დახმარება, მოყინული აქვს ფეხები და დაავადებულია დიაბეტით. ამას გარდა, უმაროვი სპეცოპერაციის დროს, დაჭრილ იქნა. რუსები ირწმუნებიან, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლებისათვის სპეციალური ჰოსპიტალია, სადაც უამრავი ჩრდილოკავკასიელი, სხვადასხვა დაჯგუფების წევრი რეაბილიტაციის კურსს გადის. კრემლის ვარაუდით, შესაძლოა, ერთერთი მათგანი სწორედ დოკუ უმაროვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100