სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეფობამისჯილები ანუ საქართველოს სამეფო ოჯახის ჩახლართული უახლესი ისტორია

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიამ „საქინფორმში“ განცხადება გამოაქვეყნა. ვრცელ განცხადებაში მოთხრობილია ბაგრატიონების საგვარეულო ოჯახის ისტორია 90–იანი წლების დასაწყისიდან დღემდე. „დრონი. ჯი” ამ განცხადებას მცირე შემოკლებით, კომენტარის გარეშე გთავაზობთ:

„90-იანი წლების დასაწყისში ქართული მონარქისტული წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროს ქალიშვილს – ბატონიშვილ ანას, იმ მიზნით, რათა მათ, როგორც პატრიოტული სულისკვეთებით აღძრულთ, ერთხელ კიდევ შეეხსენებინათ მისთვის, რომ ის ჩვეულებრივი გოგონა არ არის, რომ ის სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეა და რომ ისინი აუცილებლად იზრუნებდნენ ბატონიშვილისათვის შესაფერისი სასიძოს მოსაძიებლად. ბატონიშვილმა ანამ გულთან მიიტანა უფროსი ადამიანების დარიგება და განუცხადა, რომ დაელოდებოდა მათ შესაბამის ქმედებებს. სამწუხაროდ, წარჩინებული გვარის წარმომადგენელთა დაპირებებმა 10 წელს გასტანა. დადგა დრო გათხოვებისა...

პირველი ქორწინება

ბატონიშვილი ანა, თავისი თაობის გოგონათა მსგავსად, სიყვარულით ირჩევს მის მომავალ მეუღლეს – არქიტექტორ გრიგოლ მალანიას, რომელიც, მართალია, არა პირდაპირი ხაზით, მაგრამ დედის მხრიდან, ასევე, საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი XII-ს ჩამომავალი გახლდათ.

საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარი, სამშობლოსა და სამეფო დინასტიის წინაშე პასუხისმგებლობის გამო ეახლა საქართველოს პატრიარქს ილია II-ს რჩევისათვის. მისმა უწმიდესობამ მოისმინა და ბრძანა: „სიყვარულს წინ არ უნდა აღვუდგეთ, მომიყვანეთ ორივე და მე მათ ვთხოვ, რომ შვილები დედის სამეფო გვარზე დასწერონ, რათა სამეფო ხაზი გაგრძელდეს“.

ბატონიშვილმა ნუგზარმა, შეთანხმებისამებრ, მისი ქალიშვილი და სასიძო წარუდგინა მის უწმიდესობას. პატრიარქმა დალოცა წყვილი და სასიძოს სთხოვა, რომ მომავალი შვილი სამეფო გვარზე დაეწერა, რაზეც სასიძომ თანხმობა განუცხადა. პატრიარქმა მისცა კურთხევა ქორწინებაზე.

სამეფო სახლის მეთაურმა გასცა „ქორწინების წიგნი“ – ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უბოძა მის მომავალ სიძეს – გრიგოლ მალანიას, თავადობა და სახლთუხუცესის თანამდებობა.

სასიძომ, აწ უკვე მისმა კეთილშობილებამ, თავადმა გრიგოლ მალანია-სახლთუხუცესმა შეასრულა პირობა და ქორწინებიდან კეთილშობილად დაბადებული ქალიშვილები ბაგრატიონ-გრუზინსკებად დასწერა, რაც, ასევე, ქართულ ისტორიულ ზედსიძეობის ტრადიციასაც ემყარებოდა (იხ. დ. ნინიძე „ბაგრატიონთა სახლის განშტოებათა ისტორია“ (XII-XVIII სს.), თბილისი, 2004 წ. გვ. 41.), თავად კი სახლთუხუცესობას მოჰკიდა ხელი, დიდი ღვაწლი დასდო სამეფო სახლს, შემოიკრიბა ისტორიკოსები, გენეალოგიური საზოგადოება, რის შედეგადაც 2006 წელს ბაგრატოვანთა გვარის სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა შორის ხელი მოეწერა ისტორიულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარებულ იქნა ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი.

გრიგოლმა პარალელურად 4 წელი ისწავლა თბილისის სასულიერო აკადემიაში და როცა იგი აპირებდა დიპლომის დაცვას და, შესაბამისად, სასულიერო გზაზე შედგომას, ამან, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაართულა ცოლ-ქმარს შორის ისედაც უკვე დაძაბული ურთიერთობა და 2007 წელს წყვილის დაშორება გამოიწვია...

ბატონიშვილი ნუგზარი დღესაც დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მის ყოფილ სიძეს, რომელთანაც დღესაც კარგი ურთიერთობა აქვს.

მეორე ქორწინება

პატრიარქის მიერ 2007 წლის ოქტომბრის საკვირაო ქადაგებაში გამოთქმული მოსაზრება საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის, როგორც შესაძლო სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმის, შემოღებასთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ სიხარულით იქნა აღქმული როგორც ქვეყნის გამთლიანების გზა.

აღნიშნულ ფაქტს კი მოჰყვა საქართველოში არსებული მონარქისტული ორგანიზაციების გააქტიურება და მათი პოლიტიკურ თამაშში ჩაბმა, რის შედეგადაც ზოგიერთი მათგანი, ისევე როგორც საპატრიარქოში არსებული პოლიტიზებული ფენები, მიხვდნენ რა, რომ თავიანთი პირადი მიზნებისათვის ვერ გამოიყენებდნენ ბატონიშვილი ნუგზარის ჭეშმარიტ სამეფო ოჯახს, აცხადებდნენ, რომ ბატონიშვილ ნუგზარს ქალიშვილები ჰყავს და ამიტომ სამეფო ხაზი არ გაგრძელდებაო.

ეძებდნენ ბაგრატიონთა არასამეფო შტოებიდან ვაჟ წარმომადგენლებს სამეფო კანდიდატურად. როდესაც მიუთითეს ქართულ და, ასევე, ევროპულ დინასტიურ სამართალზე, მათ შეცვალეს თავიანთი უსაფუძვლო პოზიცია და ახლა უკვე ბატონიშვილი ანას ქალიშვილები დაიწუნეს ტახტის მემკვიდრეებად და წამოაყენეს ახალი წინადადება, რომ თუ ბატონიშვილი ანა არ გათხოვდებოდა რომელიმე არამონათესავე გვერდითი თავადური შტოს ბაგრატიონზე და არ გააჩენდა ვაჟს, ტახტის საკითხი კვლავ გაურკვეველი დარჩებოდა.

ასე ხელოვნურად ქმნიდნენ სამეფო ოჯახის გარშემო მძიმე დამთრგუნველ ფონს. სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის, ბატონიშვილი ნუგზარის გვერდის ავლით ეძებდნენ ახალ-ახალ პრეტენდენტ ვაჟებს ქართლის, კახეთისა და იმერეთის ბაგრატოვანთა არასამეფო შტოებში; ასახელებდნენ კანდიდატებს და შემდგომ თავად ახდენდნენ მათ დისკრედიტაციას მასმედიის საშუალებებით. კანონიერი მემკვიდრის ხელოვნურმა იგნორირებამ თავისი შედეგი გამოიღო...

ბატონიშვილი ანას განქორწინებიდან ორი წლისთავზე საპატრიარქომ ყურადღება შეაჩერა და სასიძოს კანდიდატურად მისაღებად მიიჩნია ესპანეთიდან საქართველოში გადმოსახლებული, მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური შტოს წარმომადგენელი – დავით ბაგრატიონი, რომელსაც საპატრიარქოში გამართულ სხვადასხვა წვეულებაზე პატრიარქი ახვედრებდა ბატონიშვილ ანას მშობლების თანდასწრებით.

პატრიარქის მიერ კურთხეული და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მხარდაჭერილი ბაგრატოვანთა ქორწინება არ გულისხმობდა მისი სამეფო უმაღლესობის, საქართველოს დე იურე მეფის, ბატონიშვილ ნუგზარის, ასევე, არც მისი კანონიერი მემკვიდრის, ბატონიშვილ ანას და, მით უმეტეს, ბაგრატიონთა გვერდითი, არასამეფო შტოს წარმომადგენლის გამეფებას.

საქართველოს ტახტის მემკვიდრის ოჯახს ნამდვილად არ სჭირდებოდა თავისი ქალიშვილის ხელმეორედ გათხოვება მემკვიდრეობის გასაგრძელებლად, რადგან ტახტის მემკვიდრეობის რიგში მამის შემდგომ კანონიერად იდგა და დგას ბატონიშვილი ანა და შემდგომ შვილიშვილი – ირინე ბაგრატიონი-გრუზინსკი.

ბატონიშვილი ანა ამ დროისათვის სრულიად ახალგაზრდა იყო, 32 წლის, ამიტომ მისი ხელმეორედ გათხოვება მშობლებისათვის, ზოგადად, მისაღები იყო. სხვა მხრივ, დინასტიური სამართლიდან გამომდინარე, მეორე ქორწინება ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახს არც არაფერს ჰმატებდა და არც არაფერს აკლებდა.

ბატონიშვილი ნუგზარი ვარაუდობდა და იმედოვნებდა, რომ პატრიარქის ჩანაფიქრი – ბაგრატოვანთა ორი ოჯახის ქორწინების გზით გაერთიანება, მოხსნიდა ყოველგვარ დაპირისპირებას ამ ორ ოჯახს შორის, რაც, კერძოდ, გამოწვეული იყო ემიგრაციაში (ესპანეთში) XX საუკუნის 40-იან წლებში მყოფი მამა-შვილის, თავადიშვილების – გიორგისა და მისი ვაჟის – ირაკლი ბაგრატიონი-მუხრანელების მიერ საქართველოს სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრეების – ბაგრატიონი-გრუზინსკების სამეფო უფლებების მითვისებით (იხ. ვალერიან კიკნაძე, „საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ოჯახი“, თბილისი, 2006 წელი). ეს ქორწინება დაპირისპირების საფუძველს გამოაცლიდა ბაგრატოვანთა 1300-წლოვანი დინასტიის, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის იდეისადმი განწყობილ მტრულ ძალებს. ამასთანავე, ყოველივე ძველი წყენა ამ ორ შტოს შორის დავიწყებას მიეცემოდა. სწორედ ამიტომაც მიენდო ბატონიშვილი ნუგზარი პატრიარქს.

ახალი ურთიერთობა ნელ-ნელა თითქოს ლოგიკური შედეგისაკენ მიემართებოდა, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბატონიშვილი ანას პირველი მეუღლე დიდხანს განქორწინებაზე თანხმობას არ იძლეოდა და ადამიანურად ეს სრულებით გასაგებია...

გასაგებია ისიც, რომ ბოლოს ამ ღვთისნიერმა ადამიანმა ანგარიში გაუწია პატრიარქს, სამეფო ოჯახს და დათანხმდა განქორწინებაზე.

2008 წლის დეკემბერში, მისი უწმიდესობა ილია II მოსკოვში რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს დაკრძალვიდან დაბრუნებისთანავე, შეხვდა სამეფო სახლის მეთაურს, ბატონიშვილ ნუგზარს და მის სასიძოს – დავითს, შესთავაზა მათ, ქორწინება დანიშნულიყო 2009 წლის (აპრილში) აღდგომისათვის. თავის მხრივ, ბატონიშვილმა ნუგზარმა შეხვედრის დროს (სასიძოს – დავითის თანდასწრებით), მოითხოვა დინასტიურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ქორწილამდე გაფორმებულიყო საქორწინო ხელშეკრულება ან ჯვრისწერის ცერემონიალში დაცული ყოფილიყო ტახტის მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას უპირატესობა მისი მომავალი მეუღლის მიმართ, სადაც დაფიქსირდებოდა დასაქორწინებელთა სტატუსები, რის შესაბამისად ამ ქორწინებიდანაც შობილი შვილი სამეფო სტატუსს ისევე მიიღებდა დედის მხრიდან, როგორც პირველი ქორწინებიდან შობილმა შვილებმა მიიღეს. თავადი დავითი გახდებოდა მეუღლე-კონსორტი (ისევე, როგორც ამ სტატუსს ატარებდა ბატონიშვილი ანას პირველი მეუღლე), როგორც მომავალი ტახტის მემკვიდრის მამა და ოჯახის უფროსი და არა სამეფო სახლის ან დინასტიის მეთაური, რაც დინასტიური კანონმდებლობით ბატონიშვილი ნუგზარის უფლებაა და ეს უფლება შემდგომ ბატონიშვილი ანას მეშვეობით მის მომავალ ძეზე მემკვიდრეობით გადავიდოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქორწინება არადინასტიურ ქორწინებად ჩაითვლებოდა და შობილი შვილი იქნებოდა მუხრანელთა თავადური შტოს და არა სამეფო შტოს გამგრძელებელი.

პატრიარქმა, მოისმინა რა ბატონიშვილი ნუგზარის კანონიერი მოთხოვნა, ბრძანა, რომ აღდგომამდე საკმარისი დრო იყო, რათა ორივე მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოემზადებინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია. დინასტიური ქორწინების კანონიერად აღსრულებისათვის ბატონიშვილმა ნუგზარმა ყველა საჭირო ისტორიულ-გენეალოგიური დოკუმენტაცია საპატრიარქოს გადასცა.

ტრადიციისამებრ, სასიძო – თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ეწვია სამეფო სახლის მეთაურს სახლში ხელის სათხოვნელად. მას ბატონიშვილთან ძალზედ გულწრფელი საუბარი ჰქონდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, მან ბოდიში მოიხადა იმ ქმედებებზე, რასაც ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში მისი უშუალო წინაპრები უნებლიეთ სჩადიოდნენ ემიგრაციაში ცხოვრების დროს. თავადმა დავითმა მათი საქციელი იმით გაამართლა, რომ მისმა წინაპრებმა, უბრალოდ, არ იცოდნენ, რომ ბაგრატიონი-გრუზინსკების ჭეშმარიტი სამეფო შტო გადაურჩა საბჭოთა რეპრესიებს და სიტყვიერად დააფიქსირა, რომ ის აღიარებდა ბაგრატიონი-გრუზინსკების უპირატესობას.

2009 წლის იანვარში, ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პატრიარქმა იხმო ბატონიშვილი ნუგზარი სასიძოსთან ერთად და სთხოვა მათ ქორწინების 8 თებერვლისათვის გადმოტანა. საპატრიარქო შეუდგა წინასაქორწინო მზადებას. მისი უწმიდესობა ილია II უეცრად ავად გახდა და ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზემოხსენებული ხელშეკრულების დადება ვერ მოესწრო. მოსაწვევები საპატრიარქოს მიერ უკვე დაგზავნილი აღმოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა მონარქიულ სახლებში, ამიტომ 2009 წლის 8 თებერვალს დანიშნული ქორწილის გადადება შეუძლებელი შეიქნა. პატრიარქის არყოფნის გამო ჯვრისწერის ცერემონიალშიც არ იქნა დაცული დინასტიური სამართლის მოთხოვნები. თუმცა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარმა ქორწილში მისასალმებელ სიტყვაში, დინასტიური კანონმდებლობის თანახმად, ოფიციალურად დააფიქსირა ქორწინებაში შესული მისი ქალიშვილის, როგორც მომავალი ტახტის მემკვიდრის, სტატუსი და მისი უპირატესობა მომავალ მეუღლესთან მიმართებაში. ეს განცხადება მიღებულ იქნა დამსწრე უცხოელი და ადგილობრივი საზოგადოების მიერ როგორც სამეფოს სახლის მეთაურის სიტყვიერი დეკრეტი.

როგორც უკვე ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ქორწინებიდან სულ რაღაც თვე-ნახევარში ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა დავითის უღირსი საქციელების გამო. ასევე, თავადმა დავითმა საკუთარ ინტერნეტგვერდზე თავი სამეფო სახლის მეთაურად და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, რითაც ხელყო ბატონიშვილი ნუგზარის უფლებები. საქორწინო ხელშეკრულების გაუფორმებლობამ, როგორც ჩანს, თავისი შედეგი გამოიღო.

ლომის წილი კი ამ ყოველივეში მართვად მასმედიასაც ეჭირა. თვეების განმავლობაში ტელეეკრანზე და გაზეთების ფურცლებზე ეწეოდნენ მონარქიის „შორენიზაციას“ (იხ. გაზეთი „ასავალ-დასავალი“. 26.04.2010), ასევე, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ 12 აპრილის ნომერში, ინტერნეტსაიტ „კომუნა.გე“-ზე დაყრდნობით ჟენევაში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციას, სახელწოდებით – „საერთაშორისო რესპუბლიკური ლიგა“, თავისი ყოველწლიური ჯილდო გაუცია მავანისთვის – „ევროპის რუკაზე კიდევ ერთი მონარქისტული სახელმწიფოს არგაჩენისათვის...“

შექმნილი ვითარების გამო, ბატონიშვილმა ნუგზარმა თავისი ქალიშვილი სახლში დააბრუნა. მდგომარეობა დაიძაბა...

დრო გადიოდა... ქართველი საზოგადოება სწორი ინფორმაციის უქონლობის გამო გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა. საჭირო იყო ვითარების დარეგულირება.

სწორედ ამ მიზნით 2009 წლის 1 მაისს საქართველოს ინტელიგენციის ნაწილმა მიმართა თხოვნით ბატონიშვილ ნუგზარს, შექმნილიყო საქართველოს სამეფო სახლის კანცელარია, რაც, თავისთავად, შეძლებდა სამეფო სახლის ღირსების დაცვას. ბატონიშვილმა გამოსცა შესაბამისი დეკრეტი, სადაც მადლობა გამოუცხადა თავის მხარდამჭერებს გაწეული შრომისათვის და ამავე წლის 7 ნოემბერს დააარსა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის კანცელარია.

სამეფო სახლის კანცელარიამ საერთაშორისო დინასტიურ სამართალზე დაყრდნობით მოიძია ყველა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაცია საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით კიდევ ერთხელ დაადგინა ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონის ლეგიტიმურობა საქართველოს ტახტთან მიმართებაში.

2009 წლის 15 დეკემბერს ბატონიშვილი ნუგზარის სამეფო კანცელარიამ საქართველოს პატრიარქს გაუგზავნა წერილი და მიაწოდა თანდართული მასალა (62 გვერდი), სადაც დოკუმენტურად გაანალიზებული იყო შექმნილი სიტუაცია. სამეფო კანცელარიამ ითხოვა შეხვედრა მის უწმიდესობასთან, რათა შექმნილი ვითარებიდან მოძებნილიყო ღირსეული გამოსავალი.

პატრიარქთან საუბრისას გადაწყდა, რომ ორივე მხარის წარმომადგენლებს შეემუშავებინათ დინასტიური ქორწინების დაგვიანებული ხელშეკრულება.

ორივე მხარეს შორის გაიმართა ოთხი შეხვედრა. ხელმოწერილი ოქმები პარალელურად ეგზავნებოდა პატრიარქს, ბატონიშვილ ნუგზარსა და დავითს.

დინასტიური ხელშეკრულებით, სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარი თავის სიძეს – დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, აძლევდა საქართველოს სამეფო სახლის წევრობას, მეუღლე-კონსორტის სრული უფლებებით, ქორწინებიდან გაჩენილი ვაჟი კი სამეფო ღირსებას მიიღებდა დედის ხაზით. რაც შეეხება მისი ოჯახის მიერ სამეფო სახლის სახელით დაარსებულ ეგრეთ წოდებულ ორდენებს, ეს ორდენები უნდა გამხდარიყო როგორც აწ უკვე სამეფო სახლის წევრის – მეუღლე-კონსორტისა და მომავალი ტახტის მემკვიდრის მამის – დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირადი და არა როგორც სამეფო სახლის მეთაურის ორდენები, შესაბამისად, მას უნარჩუნდებოდა ამ ორდენებიდან შემოსავალი.

მიუხედავად იმისა, რომ დავითი თავიდან თანახმა იყო ხელშეკრულების გაფორმებაზე, ყველასათვის გასაკვირად მან ამ საქორწინო ხელშეკრულებას აღარ მოაწერა ხელი და იგი ესპანეთში გაემგზავრა (ოქმები და ხელშეკრულება ინახება სამეფო სახლის კანცელარიაში, საპატრიარქოში და თავად დავითთან).

საზოგადოებაში მრავალი ეჭვი გაჩნდა მისი არალოგიკური საქციელის გამო. ფაქტობრივად, მან უარი თქვა მეუღლე-კონსორტობაზე, მისი ვაჟის ტახტის მემკვიდრედ აღიარებაზე და მისი ოჯახის მიერ უკანონოდ დაარსებული ორდენების ლეგიტიმაციაზე.

პატრიარქი ბატონიშვილ ანას ყოველი შეხვედრისას მოუწოდებდა, ოჯახის გადარჩენის მიზნით შერიგებოდა მეუღლეს, რამაც ბოლოს თავისი შედეგი გამოიღო, რადგან 2010 წლის ოქტომბერში, მისი უწმიდესობის გერმანიაში მორიგი მკურნალობიდან დაბრუნებისთანავე, დაიბარა ბატონიშვილი ანა და სთხოვა, სასწრაფოდ გამგზავრებულიყო ესპანეთში მეუღლესთან, საიდანაც მის დაუკითხავად არ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში.

პატრიარქს მინდობილმა ბატონიშვილმა ანამ ესპანეთში გამგზავრებისას დაიბარა, რომ იგი აუცილებლად გაარკვევდა თავის პირად ცხოვრებას, თუმცა აღნიშნა, რომ მამის ლეგიტიმური უფლებების წინააღმდეგ არასოდეს წავიდოდა.

2010 წლის 12 ნოემბერს ბატონიშვილი ანა გაემგზავრა ესპანეთში თავის მეუღლესთან, სადაც დღემდე იმყოფება. მისი ინფორმაციით, იგი სამოქალაქო ქორწინებაში შევიდა მის მეუღლესთან – თავად დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან, რომლისგანაც 27 სექტემბერს შეეძინა ვაჟი.

სამწუხაროდ, საქორწინო ხელშეკრულებას დღემდე ხელი არ მოეწერა, ამიტომ საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლით დაბადებული ვაჟი დარჩება ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ხაზის გამგრძელებელი და არა ბაგრატიონი-გრუზინსკების სამეფო ხაზისა. საქართველოში ისტორიულად მეფის ასულები ხშირად თხოვდებოდნენ თავადიშვილებზე, როგორებიც იყვნენ ერისთავები, ციციშვილები, ორბელიანები, მუხრანბატონები და ა.შ. ამ ქორწინებებიდან შეძენილი ვაჟები აგრძელებდნენ მამების თავადურ შტოებს და არა სამეფო ხაზს.

ბატონიშვილი ნუგზარი, როგორც სამეფო სახლის მეთაური, იმედოვნებდა, რომ საქორწინო ხელშეკრულება, რომელსაც ითხოვს ქართული დინასტიური სამართალი, მეორე ქორწინებაშიც ისევე იქნებოდა გაფორმებული, როგორც პირველში.

ვინაიდან ზემოთ ხსენებული საქორწინო ხელშეკრულება დღემდე ძალაში არ შესულა, შესაბამისად, ამ ქორწინებიდან შობილი ვაჟი, ქართული და საერთაშორისო დინასტიური წესის თანახმად, ჯერჯერობით აგრძელებს ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადურ ხაზს, იქამდე, სანამ ქორწინება არ მოექცევა სამართლებლივ ჩარჩოში.

მისი უწმიდესობისა და ბატონიშვილი ნუგზარის ვარაუდი, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ქორწინებით ყოველივე ძველი უსიამოვნება დავიწყებას მიეცემოდა და დაპირისპირების საფუძველს გამოაცლიდა მონარქიული იდეისადმი მტრულად განწყობილ ძალებს, სამწუხაროდ, არ მართლდება სწორედ ამავე ძალების ზეწოლის გამო.

მანამდე კი, მასმედიის მიერ ახალშობილის წინასწარ „საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ“ მოხსენიება არასწორია, რადგან ყველა უმაღლესი პრეროგატივა –სამეფო გერბი, ტიტული და „დე იურე სუვერენული სამეფო სახლის“ მეთაურობა – ექსკლუზიურად ეკუთვნის მის სამეფო უმაღლესობას, ბატონიშვილ ნუგზარს, ღვთის ნებითა და მემკვიდრეობის უფლებით; მის შემდეგ – მისსავე შთამომავლებს, მემკვიდრეობითი წესის დაცვით, ქალი იქნება თუ კაცი, იქამდე, სანამ ეს ხაზი იარსებებს დედამიწაზე.

მხოლოდ მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილი ნუგზარის, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, პრეროგატივაა, სპეციალური დეკრეტით განსაზღვროს თავისი მომავალი მემკვიდრეობითი თანმიმდევრობა.

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარია თხოვნით მიმართავს ყველას, დაიცვან კორექტულობა საქართველოს სამეფო ოჯახთან მიმართებაში და არ იქცნენ იარაღად მავანთა ხელში.

შევთხოვოთ ღმერთს, ბედნიერი გვიმყოფოს ახალშობილი.

უფალი გვფარავდეს !“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100