საქართველოს მუსლიმთა შეიხი კმაყოფილია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო ანგარიში. იმის გამო, რომ საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2010 წლის ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდს, საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ ნაწილში ვერ მოხვდა ის მნიშვნელოვანი ცვლილება (რელიგიური კონფესიების რეგისტრაციის წესის შეცვლა), რომელიც ქვეყანაში ჩატარდა და რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რადიო „თავისუფლება“ დაინტერესდა, რა სიტიაციაა საქართველოში იმ კუთხით, რა კუთხითაც საკითხებით, როგორც წასი, აშშ-ის სახდეპარტამენტი ინტერესდება და ორი კონფესიის წარმომადგენლის პოზიცია გაახმიანა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად გამოყოფილია ის, რომ, მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, არც ერთი რელიგური კონფესიის სასულიერო პირებს არ ჰქონდათ საშუალება საპატიმროებში მოენახულებინთ მათი კონფესიის მიმდევრები, თუმცა აქვე დადებით ტენდენციადაა გამოყოფილი ის შესაძლებლობა, რომელიც გასული წლის 30 დეკემბრიდან შეინიშნება ამ თვალსაზრისით.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლიდან საპატიმროებში მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ნებართვით შეეძლოთ სხვა კონფესიების სასულიერო პირებს შესვლა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ქორეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი სწორედ ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას და მათი კონფესიისთვის უკვე მოგვარებულ მთავარ პრობლემად ამ საკითხს ასახელებს:
”მიუხედავად დაპირებისა, ჩვენ ვერანაირად ვერ ვაღწევდით იმას, რომ ჩვენი ღვთისმსახური შესულიყო საპატიმროში და ჩვენი მრევლი მოენახულებინა. ამ მხრივ ბოლო პერიოდში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, თავისუფლად შედიან ჩვენი ღვთისმსახურნი საპატიმროებში და ა.შ.”
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური საკუთრების რესტიტუციის საკითხს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ივლისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა რელიგიური კონფესიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება, ეს თემაც ეტაპობრივად გვარდება, - აცხადებს სრულიდ საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს შეიხი ვაგიფ აკპეროვი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან სულ ცოტა ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 30 მეჩეთი სამმართველოს დაქვემდებარებაში გადადის:
”10 წუთის წინ მოვაწერე ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჩვენს საკუთრებაში გადმოდის თბილისის ჯუმა-მეჩეთი. ასევე ყველა ის მეჩეთი, რომელიც აქამდე რეგისტრირებული არ იყო, ახლა ჩვენს ბალანსზე გადმოდის.” - ამბობს საქართველოს მუსლიმთა შეიხი.
კომენტარი