სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ კაპას ფოტოების გამოფენა ქუთაისის თიბისი გალერეაში

20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის თიბისი გალერეაში (აღმაშენებლის მოედანი #2) გენიალური უნგრელი ფოტოგრაფის, რობერტ კაპას გამოფენა სახელწოდებით „ქართული დღიურები, რობერტ კაპა საქართველოში“ გაიხსნება.

მე-20 საუკუნის ლეგენდის, ომის რეპორტიორისა და სააგენტო „მაგნუმის“ დამაარსებლის რობერტ კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების სერია თიბისი ბანკის კოლექციის ნაწილია. ფოტოები 1947 წელს, რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობის დროსაა გადაღებული.

კაპამ თბილისში, გორსა და ბათუმში 500-ზე მეტი ფოტო გადაიღო. საქართველოში ის მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად ჩამოვიდა. სტეინბეკმა სწორედ ამ მოგზაურობას მიუძღვნა თავისი „რუსული დღიური“. ეს წიგნი, რუსულმა იმპერიალისტურმა მთავრობამ დაიწუნა, რის გამოც მომდევნო 40 წლის თაროზე იდო და მისი გამოცემა მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა.

კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების ნაწილის ჩამოტანა 2003 წელს, ამერიკის საელჩოს ინიციატივით და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა, სწორედ მაშინ მოეწყო ამ სერიის პირველი გამოფენა. ქუთაისის დამთვალიერებელი კაპას ისტორიულ ფოტოებს პირველად ნახავს.

სულ მალე, თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით გამოიცემა კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების ალბომი, რომელშიც შევა ბანკის კოლექციაში არსებული 80 ფოტო. ამასთან, სპეციალურად ამ ფოტოალბომისთვის სრულად ითარგმნება სტეინბეკის „რუსული დღიურის“ ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეძღვნება. ფოტოალბომი 2015 წელს გამოიცემა.

ქუთაისის თიბისი გალერეაში რობერტ კაპას გამოფენა 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100