სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კადაფის წასვლა მხოლოდ დროის საკითხია..."

ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ დასავლეთიც და ადგილობრივი მეამბოხეებიც ფრიად „გაახარა“. ჯამაჰარიის ლიდერი ყველას დაპირდა, რომ სამშობლოდან ფეხის მოცვლას სიკვდილამდე არ აპირებს. პოლკოვნიკის ეს აუდიოჩანაწერი ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. კადაფიმ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ არ შეეშინდეთ ნატოს ავიადარტყმების და იქვე დასძინა, რომ თავად არ ეპუება სიკვდილს, რადგან ჯობია გმირულად მოკვდეს, ვიდრე მტერს ჩაბარდეს.

ლიბიის ტელევიზიამ კადაფის გზავნილი მას შემდეგ გაავრცელა, რაც ნატომ ტრიპოლიზე ერთ–ერთი მასშტაბური ავიადარტყმა განახორციელა. ლიბიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დაბომბვის მიზანი რესპუბლიკური გვარდიის კუთვნილი სამხედრო ობიექტები იყო. დამხობისთვის განწირული სახელმწიფოს მეთაური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მტერს არ დანებდნენ, თუმცა ეს როგორ უნდა მოახერხონ, საამისო ინსტრუქციას არ იძლევა.

ლიბიელი პოლკოვნიკი უფრო შორსაც წავიდა და ნატოს მუქარა აქეთ შეუთვალა. კადაფი ირწმუნება, რომ მისი გვარდია მათ რაკეტებსა და თვითმფრინავებზე ძლიერია და ლიბიელი ხალხის ხმა აფეთქებებზე ხმამაღალი. დასავლელი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ლიბიის ხელისუფლებიდან მისი წასვლა გარდაუვალია.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უკანასკნელი დარტყმის შედეგად, კადაფის რეზიდენციის ექვსი თუ შვიდი შენობა დაზიანდა. ლიბიური მხარის ცნობით, დაიღუპა დაახლოებით 15 ადამიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, ნატოს მისიამ მოსახლეობის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. „მთელ ქვეყანაში კადაფის რეჟიმის სამხედრო ძალები პოზიციებს და წინააღმდეგობის უნარს კარგავენ. ვფიქრობ, რომ კადაფის წასვლა მხოლოდ დროის საკითხია“ – განაცხადა ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100