სუხიშვილების ქველმოქმედება და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 28 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
100 კილოვატ/საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებლებს ტარიფი ნახევარი თეთრით შეუმცირდება. მოლაპარაკებები დასრულებულია და გაფორმდება ხელშეკრულებები ოთხი წლის ვადით "თელასთან", ხოლო ორი წლით "ენერგოპრო ჯორჯიასთან", რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის ტარიფები იგივე დარჩება. ცვლილება შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც 100 კვ./საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით, ანუ ჯამში 4 თეთრით შეუმცირდებათ. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ მიაწოდა.
ახალი მონაცემები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ. გუშინდელის შემდეგ მონაცემები შეიცვალა და ცნობილი გახდა, რომ ზარალმა 6 მლნ ლარი შეადგინა. თანხა პრემიერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის. ამის შესახებ "შრომის პარტიის" ლიდერმა ჭადრაკის სასახლეში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ნათელაშვილმა ოპონენტი პოლიტიკური პარტიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პირადი ფინანსური ინტერესების გამო ჩაერთო.
მთავარი პროკურორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. კბილაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უწყების საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის პროკურატურაში საკადრო ცვლილებების შესახებ. გახმაურებული საქმეები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და 2008 წლის რუსული აგრესიის გამოძიება, - ეს ის მთავარი შეკითხვებია, რომელიც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მთავარ პროკურორს დაუსვეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს "აი-სი-სი ჯორჯიას" ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს თესლი შემოიტანა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს. საბაჟო სამსახურის თანამშრომლების მიერ იმპორტის ნებართვის გაცემის გამო, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება.
ეგრეთწოდებული ზაკვოს შენობაში მყოფი სოციალურად დაუცველი პირები ივანიშვილის რეზიდენციასთან რჩებიან. აქციის მონაწილეები დაშლას მანამადე არ აპირებენ, სანამ დამაკმაყოფილებელ პასუხს არ მიიღებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია - ისინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ მთავრობის კანცელარიაში განცხადება შეიტანეს, თუმცა საპასუხო გამოხმაურება არ მოჰყოლია. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეკრებილი სოციალურად დაუცველი პირები უკვე მეცხრამეტე დღეა ღამეს ქუჩაში ათევენ.
ქუთაისში ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფალიაშვილის ქუჩა გადაკეტეს და გზის სავალი ნაწილი პარალიზებული იყო. მოვაჭრეები ხელისუფლებისგან გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ. მათი თქმით, მომხმარებელი სასურველ პროდუქტს ქუჩაში ყიდულობს, რის გამოც მათ მუშაობა ეზღუდებათ. მოძრაობის აღდგენა საპატრულო პოლიციის ჩართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მსგავსი აქცია ქუთაისში იმავე მოთხოვნით რამდენჯერმე მოეწყო. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წამომადგენლების განცხადებით, მათ გარემოვაჭრეების დაჯარიმების საშუალებას კანონმდებლობა არ აძლევს და ისინი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.
დღეიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი განთავსდება. ჩამონათვალში მითითებული იქნება ყველა უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, სადაც 2013 წელს აბიტურიენტთა მიღებაა გამოცხადებული. ინფორმაცია საინფორმაციო ბუკლეტების სახით სკოლებშიც დარიგდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყება და 20 აპრილს დასრულდება.
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობას "სუხიშვილების" სტუდია უერთდება. "ქართული ნაციონალური ბალეტის" ძირითადი შემადგენლობა უკვე ერთ წელზე მეტია მშენებლობის პროცესში იღებს მონაწილეობას, ახლა კი "სუხიშვილების" სტუდიის თითოეული მოსწავლე, თავისი სურვილის მიხედვით, გარკვეულ თანხას შესწირავს ტაძრის მშენებლობას.
კომენტარი