ტანსაცმლის კოლექცია ქართული ფრაზებით
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თიბისი გალერეაში თანამედროვე არტისტის, ზურაბ არაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტი, რომელიცჟურნალ „ამარტასთან“ ერთად მომზადდა, გულისხმობს ზურაბ არაბიძის ნამუშევრების ერთ-ერთი სერიის, F63.9-ის სამოსზე გადატანას. F63.9 არის სიყვარულის თემაზე შექმნილი პროექტი, თითოეულ ნამუშევარზე ერთი და იგივე ფრაზა მანტრას პრინციპით მეორდება და მიზნად ისახავს ადამიანების დამუხტვას მხოლოდ დადებითი ემოციებით.
ეს ფრაზებია: „მე შენ მიყვარხარ“„ჩამეხუტე“„მე ყველაზე ლამაზი ვარ“„ჩემში სიყვარულია“„მოდი ჩემთან, შენთან მინდა“„სიყვარული არის, სიყვარული მოვა“ ჟურნალ „ამარტასთვის“ გაიმართა ამ თემაზე შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის ფოტოსესია. სამოსის თითოეული მოდელის მთლიანი ქსოვილი დაპრინტულია ერთი რომელიმე ფრაზით, ტანსაცმელი მარტივი გეომეტრიული ფიგურებითაა შექმნილი.
კოლექციისთვის ფოტოსესია სარკის ოთახში მოეწყო, ოთხივე მხრიდან დამონტაჟებული სარკე ობიექტის ანარეკლს უსასრულოს ხდის, რითაც ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება. ტანსაცმლის კოლექცია ეკუთვნის ახალ ბრენდს „404“, რომელიც ზურაბ არაბიძემ დაარსა. ზურაბ არაბიძემ ქართული შრიფტის პოპულარიცაზია 2015 წელს ბათუმში გამართულ Grafikart Festival - ზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მან მოხატა კედელი მხოლოდ ერთი ფრაზით „მე შენ მიყვარხარ“.
მსგავსი პროექტი ქუთაისშიც განხორციელდა. ზურაბ არაბიძის პროექტი F63.9 2016 წლის აპრილში გამოფენილი იყო დ.შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში. პროექტიდან ორი ნამუშევარი მოხვდა კრებულში „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. სამოსზე გადატანილი ქართული ფრაზებით, ახალგაზრდა ხელოვანი ეხმაურება პროექტს #წერექართულად, ახლა უკვე ქართული ანბანის პოპულარიზაციას მოდის სფეროც უერთდება.
კომენტარი