სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი: „მე-9 არხი“ ივანიშვილს ღალატობს? - კოლექტივი მორიგი წმენდის მოლოდინშია...

ყველაფერი მართლაც შეკითხვით იწყება: რა ხდება "მე-9 არხზე?"

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ „მე-9 არხის“ ოფისში მორიგი, „მრისხანე“ თათბირი დასრულდა. თათბირი თავად ბექაურმა ჩაატარა და, როგორც თანამშრომლები ჰყვებიან, მის კაბინეტში დაბარებულ თამარ რუხაძეს, იმედა დარსალიას და გამომშვებ-რედაქტორებს, ასევე ტექპერსონალზე მეთვალყურე რამდენიმე პირს შავი დღე აყარა. ჟურნალისტების თქმით, ბექაურის კაბინეტიდან კარგა ხნის განმავლობაში ისმოდა ყვირილისა და მაგიდაზე მუშტების ბრახუნის ხმა.

მანამდე თვითონ ბექაური ერთადერთმა ცოცხალმა ქართველმა მილიარდერმა შეჯორა. მიზეზი კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დიდი რუდუნებით წარდგენილი მანანა კობახიძის დამახინჯებული, შეკვეცილ-დამონტაჟებული ინტერვიუ გახდა, რომელიც „მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. ინტერვიუში კობახიძე ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ქდმ-სა და ლეიბორისტებს ადანაშაულებდა, მაგრამ, როგორც თავად მისი ნათქვამიდან ჩანს „მე-9 არხმა“ გამოიყვანა, რომ მანანა კობახიძემ იგივეში ნინო ბურჯანაძეც დაადანაშაულა. ბუნებრივია, როცა ინტერვიუ დამახინჯებული სახით მოისმინა, მანანა კობახიძე ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდა, შემდეგ კი მოვლენები ჯაჭვური რეაქციით განვითარდა: ივანიშვილმა ტრიპოლსკის, ტრიპოლსკიმ ბექაურს დაურეკა, ამ უკანასკნელმა კი „მე-9 არხის“ საინფორმაციო პოლიტიკის „მეტრები“ შეკრიბა და სულ თავბედი აწყევლინა. ისიც კი თქვეს, რომ ბექაურის კაბინეტიდან გამოსული თამარ რუხაძე ცრემლებს მალულად იმშრალებდა...

შესაბამისად, რეინკარნირებული „მე-9 არხის“ კოლექტივში სრული დაბნეულობა და პანიკაა: არავინ იცის, ვინ მოჰყვება წმენდაში და ამჯერად რამდენ თანამშრომელს მოუწევს ტელევიზიის დატოვება. ალბათ, ჭრელ ქართულ მედიაშიც კი ძნელია მეორე ისეთი მედიასაშუალების მოძებნა, სადაც იმდენი შიდა ინტრიგა ტრიალებს, რამდენიც „მე-9 არხზე“. ეს არცაა გასაკვირი: იქ მისულთა უმრავლესობას ხომ არა რაიმე იდეოლოგია, არამედ მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი აერთიანებთ. ამას, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელ პირებზე ვამბობთ და არა ჟურნალისტებზე ან ტექპერსონალზე.

სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა იმან, რომ „ალიას“ დღევანდელ ნომერში გელა ზედელაშვილმა, რომელსაც ორშაბათს ივანიშვილი პირადად, დიქტოფონის გარეშე ესაუბრა, გამოაქვეყნა სტატია „ბიძინა ივანიშვილის „ალიაში“ გამოქვეყნებული სკანდალური ინტერვიუს სკანდალური გაგრძელება“, სადაც ყველაფერთან ერთად, მანანა კობახიძესა და „მე-9 არხს“ შორის მომხდარი გაუგებრობაც (მოდით, რბილად ვთქვათ) ახსენა და გაშიფრა კიდეც - მანანა კობახიძეს დაუკავშირდა:

მოკლედ, დავიწყოთ თავიდან: "მე-9" არხმა ეთერში გაუშვა მანანა კობახიძის დამონტაჟებული ინტერვიუ, საიდანაც გამოდის, რომ კობახიძე ხელისუფლებასთან გარიგებულებად მიიჩნევს ქდმ-ს და ლეიბორისტებს. "ალიას" დღევანდელ ნომერში კობახიძე განმარტავს, რომ "მე-9 არხმა" მისი განცხადება არასწორად გადასცა:

"მოხდა ისე, რომ მე-9 არხმა ეს კითხვა მოჭრა, ჟურნალისტმა რაც მკითხა და, ფაქტობრივად, წარმოჩინდა ისე, თითქოს გარიგებაში დავადანაშაულე ბურჯანაძეც. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, როგორც მერე ამიხსნეს, ტექნიკურად იჩქარეს თუ რაღაც შეცდომა დაუშვეს... ამის თაობაზე თვითონ ჟურნალისტი დამიკავშირდა, თამარ რუხაძე... დამიკავშირდა იმედა დარსალიაც და ახსნეს ეს სიჩქარით, რაღაც ტექნიკური მიზეზით. ჩემთვის გასაგები იყო, ბოდიშიც მოიხადეს ამის გამო, ეს არ იყო შეგნებულად გაკეთებული, მონტაჟის პროცესში ასე მოხდაო... თუ მონტაჟის დროს ხდება დამახინჯება, ეს არის ძალიან ცუდი, რომელი ტელევიზიაც არ უნდა იყოს, ეს იქნება "რუსთავი2", "მე-9 არხი" თუ "რეალ.ტვ“, მე ყველასთან მექნება ერთი და იგივე პრეტენზია. ... როგორც ჩანს, „ლეიბორისტების“ თუ „ქრისტიან-დემოკრატების“ ასეთი კუთხით დაფიქსირება იქ ვიღაცას არ აწყობდა, არ ვიცი, უბრალოდ, ეჭვები მიჩნდება... ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს მოხდა შემთხვევით და ტექნიკური შეცდომის გამო“. - "ალია", №33, 03.05 - 07.05, 2012წ.

როგორც ბოლოსკენ ჩანს, „მე-9 არხიდან“ ღალატის ფაქტორს ვერც მანანა კობახიძე გამორიცხავს. თითქმის იგივეს ამბობს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილიც:

„მე არ ვამბობ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ტელევიზია ღალატობს-მეთქი, მაგრამ მე მგონი, უნებლიედ ასე გამოდის...“

ყოველივე ამის შემდეგ, არცაა გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც, როგორც ამბობენ, ბუნებით პათოლოგიურად ეჭვიანი ადამიანია, ღალატის სუნი იყნოსა და ტრიპოლსკი-ბექაური-რუხაძე ააწრიალა...

"მე-9 არხზე“ კი, სავარაუდოდ, თამარ რუხაძის ადგილი (საინფორმაციო სამსახურის უფროსი), უკვე მერამდენედ, შესაძლოა, ისევ ვაკანტური გახდეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100