გერმანელი თეოლოგი - ადოლფ ფონ ჰარნაკი
ადოლფ ფონ ჰარნაკი - გერმანელი თეოლოგი 1851 წელს, ჰაიდელბერგში დაიბადა. იყო პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი (1901 წლიდან). ავტორია მრავალი თეოლიგიური გამოკვლევისა („დოგმების ისტორია“ სამ ტომად (1885-1890), „ძველი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია ევსებიოსმდე“ სამ ტომად (1893-1904), „ქრისტიანობის არსი“ (1900), „მონაზვნობა, მისი იდეალები და ისტორია“ (მე-6 გამოცემა, 1903)].
1900-იან წლებში, ჰარნაკთან პეტერბურგის უნივერსიტეტიდან მიავლინეს ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ ჰარნაკის კომენტარებითურთ (1901). 1903 წელს, ნიკო მარის შრომის - „სინის მთაზე მუშაობის წინასწარი ანგარიში“ - გაცნობამ გააღრმავა ჰარნაკის ინტერესი საქართველოსადმი. მან მოუწოდა გერმანელ მეცნიერებს შეესწავლათ საქართველოს ისტორია და კულტურა, რამაც დიდი გამოძახილი იქონია დასავლეთ ევროპაში.
კომენტარი