შსს-ს 2013 წლის ანგარიში
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების წლიური ანგარიში წარადგინა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "2013 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული თუ მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება, კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს მიერ ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება".
2013 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შს სამინისტროს დეპოლიტიზებას და რესტრუქტურიზაციას, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის ნოემბერში გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი), ხოლო მათ ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
"2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკანონმდებლო ბაზის დახვეწას. 2013 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო შსს-ს მიერ ინიცირებული ახალი კანონი "პოლიციის შესახებ", რომელშიც ზედმიწევნით გაიწერა მთელი რიგი საპოლიციო ღონისძიებები, რასაც წინა კანონი არ ითვალისწინებდა. განხილვის ეტაპზეა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი და "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი. შსს-ს მიერ შემუშავებულია "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. შემუშავებული კანონპროექტების ნაწილი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილველად, ნაწილი კი მზადდება წარსადგენად", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას.
"აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით 30%-ით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა, რამაც გაზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი და დაიფარა აქამდე აუთვისებელი რეგიონები – 2013 წლის 18 მარტს ფოთში, ხოლო 23 აგვისტოს ზესტაფონში გაიხსნა პოლიციის ახალი შენობები; 2013 წლის ბოლომდე დასრულდება 100–მდე სამშენებლო პროექტი, მათ შორის ჭიათურაში, საჩხერესა და გუდაურში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა.
მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის ორი ახალი შენობის მშენებლობა იმერეთშიც. მიმდინარე წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება რიგი ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმების ბაზების რემონტი. უკვე აღდგენილია 6, ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია 4 სათვალთვალო კოშკურის აღდგენა", - განმარტებულია ანგარიშში.
გარდა ამისა, 2013 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ შეიძინა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კონტეინერი და მესაზღვრეებისთვის საგუშაგო ჯიხურების მოწყობა დაიწყო.
"პირველად გაიმართა ოპერატიული შემადგენლობის ტესტირება. უცხოელი ექსპერტების დახმარებით სხვადასხვა ქვედანაყოფები წლის განმავლობაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან. სამინისტროში, სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა, მათი ნაწილი სხვადასხვა სამსახურებში დასაქმდა", - აცხადებენ სამინისტროში.
კომენტარი