REUTERS: თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა (განახლებადი)
განახლებულია: 24.10.2011; 09.00სთ.
როგორც "როიტერი" იტყობინება, ვანის პროვინციაში კვირას, შუადღისას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ იმავე პროვინციაში კიდევ ერთი მიწისძვრა გვიან ღამით, თბილისის დროით 01.05 საათზე მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ ამჟამად 6.1 ბალი შეადგინა და დამატებითი ნგრევა გამოიწვია.
მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი ვანიდან 33 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. "როიტერის" ცნობით, განმეორებითი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებზე ჯერჯერობით ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა, თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ზარალი მინიმალური იქნება, რადგან მოსახლეობა ბიძგების შესაძლებელ განმეორებაზე წინასწარ გააფრთხილეს.
ამავე დროს, ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ დღისით მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპული ასი მოქალაქის ვინაობა უკვე დადგენილია, საერთო ჯამში კი ამ დროისთვის (თბილისის დროით 09.00) არსებული ცნობით, 217 ადამიანია დაღუპული, 600-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საბედნიეროდ გადაჭარბებული აღმოჩნდა ინფორმაცია ათასზე მეტი დაღუპულის შესახებ.
ამის მიუხედავად, გამორიცხული არ არის, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, ასობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება, ოღონდ ჯერ გაურკვეველია, ეს ადამიანები ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ დაზარალებულთა შორისაა ორი ქართველი ქალი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაენგრათ. - ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ 24 ოქტომბერს, დილით გაავრცელა.
კომენტარი