სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი გამოჩნდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი „მი 8“ შემოფრინდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფასებს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად.

„ფაქტზე გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ დისევს შორის. უკანონო სამუშაოები ამ სოფლების დამაკავშირებელ გზასთან მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ძელებს დგამენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიდან გუგუტიანთკარის სიღრმეში. დღემდე ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვარი 7 აგვისტოდან გაჰყავთ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა ორი სახლი, მიწის ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სარწყავი არხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100