სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგა ხაინდრავას საიდუმლო სატელეფონო საუბარი...

„დიახ, გია გაჩეჩილაძემ გაახმოვანა ჭექა-ქუხილის იდეა, მაგრამ რას ჩააცივდით ახლა ამ ჭექა-ქუხილს? შემდეგ ეს სხვებმაც გაიმეორეს. რაც შეეხება პარლამენტში შეჭრას, შეიჭრან, თუ შეიჭრებიან. რა ვიცი, რევოლუციის გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არის მიღებული. ხელისუფლება კვლავ არჩევნების გაყალბებით არის დაკავებული და რა ვქნათ ახლა, შევეგუოთ ამას? მე ამასთან შეგუებას არ ვაპირებ, ეტყობა, არც უცნობი და სხვები აპირებენ და ვისაც იმის უნარი აქვს, რომ ამას შეეგუოს, კი ბატონო, შეეგუოს“, - განაცხადა „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას `დაიცავი საქართველოს~ წევრმა, გოგა ხაინდრავამ.
„დრონი.ჯი“: შალვა ნათელაშვილის ინიციატივით ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილი ერთმანეთს შეხვდა, ნათელაშვილმა ამ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა, თქვენ როგორ აფასებთ ოპოზიციის შეკრებას?
გოგა ხაინდრავა: როდესაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეხვდნენ და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ერთმანეთს თავისი მოსაზრებები გაუზიარონ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩემი აზრით, შალვა ნათელაშვილის ინიციატივა, შემდგარიყო ფართო ოპოზიციური დიალოგი, დროული და მისაღები იყო.
რაც შეეხება იმას, რომ აღმოჩნდნენ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რადგან ამ თავყრილობაზე ზურაბ ნოღაიდელი იმყოფებოდა, ამიტომ პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციას შორის მიზანშეწონილი არ არისო, რას ვიზამთ, ასეთია ამ საკითხისადმი მათი ხედვა და მათ პოზიციას პატივს ვცემ.
ყველას აქვს უფლება, ამა თუ იმ საკითხზე თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს. შალვა ნათელაშვილმა თავისუფალი დღის წესრიგი იმიტომ გამოაცხადა, რომ ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. მე, მაგალითად, ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც არამზადებითაა სავსე, ასეთი ადამიანები ბევრნი არიან ხელისუფლებაში, თუმცა ასეთი ხალხის ნაკლებობა ოპოზიციაშიც არ არის. ამის მიუხედავად, არ მიმაჩნია, რომ განზე უნდა ვიდგე და პროცესებში მონაწილეობა არ მივიღო.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ „ეროვნული ფორუმი“ ანგარიშგასაწევი ძალაა და ამ პროცესებში მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა „ფორუმი“ ამ პროცესებში მონაწილეობას ნოღაიდელის ფიგურის გამო არ აპირებს, რამდენად სწორია მათი გადაწყვეტილება?
- რა გავაკეთო ახლა, არ აპირებენ და ნუ აპირებენ. ქართული მოსახლეობაც ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელიც ქვეყანაში ამ ხელისუფლების არსებობას ითმენს. „ეროვნული ფორუმის“ ნაბიჯები სწორია თუ არა, ამას ამომრჩეველი და ქართული საზოგადოება თავად განსაზღვრავს.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლა იქნება მძიმე და დამთავრდება გამარჯვებით, როგორ აპირებთ მიზნის მიღწევას?
- დიახ, ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. როგორ ვაპირებთ? მივიჩნევ, რომ მე ერთ-ერთი იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ბევრ თაობასთან ერთად ბოროტების იმპერია დაამარცხა. საბჭოთა იმპერიას ვგულისხმობ და ეს ჩემთვის საამაყოა. მე იმ ერთ-ერთ ბოლო თაობაში ვიყავი, ვინც, ასე ვთქვათ, წინა თაობების ძალისხმევა ბოლომდე მიიყვანა და ახლა ჩემთვის ამ ხელისუფლების დასრულება რა ბედენაა?
- თქვენ ეს არაერთხელ გითქვამთ, ოპოზიცია გასულ წელსაც იმუქრებოდა, სააკაშვილს დავამთავრებთო, თუმცა... და მაინც, როგორ ან რა გზით აპირებთ ბრძოლას, იქნებ დააკონკრეტოთ?
- როგორ და ბუნებრივია, პოლიტიკური გზით. ვფიქრობ, რომ საჭიროა საერთო სახალხო ძალისხმევა და მწვავე დაპირისპირება. მიზნის მისაღწევად საჭიროა საერთო სახალხო ერთობა. ისტორიიდან მახსოვს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები, რომელშიც ქართულ მხედრობას მიუღია მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ, რომ იქ უამრავი თავადი, აზნაური და წინამძღოლი იყო, რომლებსაც, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ზნეობრივი კატეგორიების თვალსაზრისითაც ჰქონდათ პრეტენზიები. პოლიტიკური ასპარეზი ეკლესია არ არის. ბუნებრივია, კარგი იქნებოდა, რომ ზნეობრივი მაგალითებით იყოს პოლიტიკური ბრძოლა გაჯერებული. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და რა ვქნათ.
- ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ გასამარჯვებლად ერთი გზა არჩევნებია, მეორე გზა კი რევოლუციაო, რას ნიშნავს ეს განცხადება?
- გაჩეჩილაძეს მსგავსი რამ არასდროს უთქვამს. ლევანიც, როგორც ყველა დანარჩენი გონიერი ადამიანი, მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. მეტსაც გეტყვით, ეს სანატრელი გზაა. სამწუხაროდ, ამის კულტურა ამ ქვეყანაში არ არის და ეს ერთადერთი ცივილიზებული ფორმა არ ხორციელდება. კარგი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით რომ ხდებოდეს, მაგრამ არ ხდება. ამიტომ რა ვქნათ ახლა, დაველოდოთ, ხელისუფლება როდის დაძაბუნდება?Eე.ი. თუ ხელისუფლება სხვა შესაძლებლობას არ გიტოვებს, ის შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, რომლის უფლებაც საერთაშორისო კრიტერიუმებით და წესებით გვაქვს, ხომ!
- გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ჭექა-ქუხილისთვის ემზადება, ე.წ. პრაიმერისტებიც აქციებით იმუქრებიან, კუკავას თქმით, პარლამენტშიც კი შეიჭრებიან. რა ხდება, რისთვის ემზადებიან ისინი?
- როგორც ჩანს, საქართველომ იუმორის გრძნობა დაკარგა და საერთოდაც, საზოგადოება პრიმიტიული გახდა, განსაკუთრებით მედია. დიახ, გია გაჩეჩილაძემ გაახმოვანა ჭექა-ქუხილის იდეა, მაგრამ რას ჩააცივდით ახლა ამ ჭექა-ქუხილს? შემდეგ ეს სხვებმაც გაიმეორეს.
რაც შეეხება პარლამენტში შეჭრას, შეიჭრან, თუ შეიჭრებიან. რა ვიცი, რევოლუციის გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არის მიღებული. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ხელისუფლების ცვლის სხვა გზა რაღაც არ მახსენდება. მადლობა ღმერთს-მეთქი - ვიტყვი, როდესაც ეს დამთავრდება, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს ადამიანები ცივილიზებულ ცხოვრებას არ აპირებენ. ხელისუფლება კვლავ არჩევნების გაყალბებით არის დაკავებული და რა ვქნათ ახლა, შევეგუოთ ამას? მე ამასთან შეგუებას არ ვაპირებ, ეტყობა, არც „უცნობი“ და სხვები აპირებენ და ვისაც იმის უნარი აქვს, რომ ამას შეეგუოს, კი ბატონო, შეეგუოს.
- ოპოზიცია წინასწარ ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება დაწყებულია, ეს ოპოზიციის კრიზისულ მდგომარეობაზე ხომ არ მიანიშნებს, სოციოლოგიური გამოკითხვებით და ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უგულავა ლიდერობს, კახა კუკავამაც აღნიშნა: თუ ვერ წარვადგენთ ერთიან კანდიდატს, არჩევნებს ხელისუფლება მოიგებსო.
- უგულავა ლიდერობსო? არ ვიცი, კახა კუკავამ რა თქვა, მას ჰკითხეთ, რას რაზე დაყრდნობით ამბობს. და რომელი ექსპერტი ამბობს, უგულავა ლიდერობსო, ვერ მეტყვით?
- თუნდაც რამაზ საყვარელიძე...
- არ ვიცი, რამაზ საყვარელიძე ამას რა მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს. მე ასეთი მონაცემები არა მაქვს, მეტსაც გეტყვით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის, რომელიც თავის თავს პატივს სცემს და საზოგადოებას უწოდებს, უგულავა ლიდერობდეს. ამ სოციოლოგიური გამოკითხვების კი არ მჯერა, რადგან ვიცი ეს გამოკითხვები რა პრინციპით ხორციელდება. ისე, ძალადობაში ნამდვილად უგულავა ლიდერობს, ისევე როგორც გია ჭანტურია.
რაც შეეხება ოპოზიციის კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნას, მე უფრო საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაზე შემიძლია ლაპარაკი, თუმცა, ბუნებრივია, რომ ამ საზოგადოების ნაწილია ის ოპოზიციაც და მთავრობაც. კრიზისული მდგომარეობა ნამდვილად არის ქვეყანაში. ჩვენ ვართ ფსიქიატრიულ კლინიკაში და ყველანი ვართ ამ კლინიკის პაციენტები. მთელი მსოფლიოც ასე გვიყურებს, როგორც ამ კლინიკის პაციენტებს.
- რა მიზანს ისახავს ქართული ოპოზიცია რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დამყარებით? ოპოზიცია ხომ რეალურად არაფერს წყვეტს, რატომ ჩადიან მოსკოვში და როგორ შეაფასებდით მათ ვოიაჟებს?
- ნოღაიდელი არის სააკაშვილის პროექტი, ხაზინის ქურდი და ეს არაერთხელ მითქვამს. ნოღაიდელი იმიტომ მონაწილეობს ამ პროცესში, რომ ბორშის სუნი დააყენოს და ოპოზიცია შუაში გახლიჩოს, რაც, სხვათა შორის, წარმატებითაც შეასრულა.
რაც შეეხება ბურჯანაძეს, იგი სულ სხვა პოლიტიკური კლასია და ნოღაიდელთან შედარებით გამოცდილებაც მეტი აქვს. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს. ისე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს ნაკლებად აქვთ რაიმე სახის ბერკეტი, რომ საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვითარება შეცვალონ.
რუსეთი აგრესორია, თუმცა მოსკოვი ცხრა საუკუნეა რაც აგრესორია, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართული სახელმწიფო მასთან ურთიერთობისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას პოულობდა. ხელისუფლების ფუნქციაც ამაში მდგომარეობს, თორემ ცეცხლის გაჩენას არაფერი უნდა. რაც შეეხება იმას, თუ რისთვის ჩადიან ოპოზიციონერები მოსკოვში, არ ვიცი, ეს მათ ჰკითხეთ.
ცხადია, რუსეთი საქართველოში დასაყრდენს ეძებს, მაგრამ რად უნდა რუსეთს ნოღაიდელზე დაყრდნობა? ნოღაიდელი იქით ეძებს დასაყრდენს რუსეთში, რომ იქნებ საქართველოში როგორმე პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდეს.
- თქვენ თქვით, რომ ნოღაიდელი სააკაშვილის პროექტია, თქვენგან განსხვავებით ოპოზიციური ძალები ამას ვერ მიხვდნენ და ნოღაიდელთან ალიანსიც კი შექმნეს, როგორ აფასებთ მათ პოლიტიკურ ქორწინებას ნოღაიდელთან?
- მათ ჰკითხეთ რატომ ვერ ხვდებიან, მე ამას ვხვდები და ვამბობ კიდეც. მათ ნაბიჯებს ვერ შევაფასებ, შემფასებლად არავის დავუნიშნივარ. ახლა ვის რა მიზნები აქვს და ვინ ვის გვერდით რატომ დადგა, ვერ გეტყვით.
- როგორ ფიქრობთ, აპირებს ლევან გაჩეჩილაძე არჩევნებში მონაწილეობას და უნდა დააყენოს თუ არა მან თავისი კანდიდატურა?
- ჩემი აზრით, ლევანი არ აპირებს არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას. დილას ერთად ვისაუზმეთ და არ აპირებდა და საბოლოოდ რას გადაწყვეტს, ვერ გეტყვით. მიმაჩნია, რომ ლევანმა არ უნდა დააყენოს თავისი კანდიდატურა, რადგან არ მჯერა, რომ საქართველოში შესაძლებელია არჩევნებით შედეგის მიღწევა. ჩვენ ეს ორჯერ ვცადეთ, ორივეჯერ წაგვართვეს მოგება და ახლა, მესამედ თავიდანვე წაგებულ თამაშში წასვლა, ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ნაბიჯი.
- ვრცელდება ხმები, რომ ნათელაშვილის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების დამხობის გეგმას განიხილავდა..
- ეს არის სრული სიცრუე. არ ვიცი, ეს ამბავი თქვენ ვინ მოგიტანათ, მაგრამ, ეტყობა, თქვენს წრეში და ინფორმატორებში მერაბიშვილის ბევრი თანამშრომელია. ეს წმინდა წყლის პროვოკაციული შეკითხვაა და ასეთ რამეს არ უნდა ლაპარაკობდეთ, რადგან ამით თქვენ სააკაშვილს და მერაბიშვილს უდანაშაულო ადამიანების დაჩაგვრაში ხელს უწყობთ. მე არ გირჩევთ თქვენ ამ საქმიანობის განხორციელებას.
- ბატონო გოგა, ჩვენი ინფორმაციით, მაგ შეხვედრაზე თქვენ ვიღაცამ დაგირეკათ და თქვენ რუსულად მოუყევით მას ამ შეხვედრის დეტალები, ვის ესაუბრებოდით და რატომ მაინცდამაინც რუსულად? ხომ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ თქვენ რომელიმე რუს მაღალჩინოსანს ესაუბრეთ?
- ეს ვინც დაგავალათ, იმას უთხარი, რომ მამამისთან მივიდეს და ამ თემებზე მამამისს ელაპარაკოს. ვინც ეს დაგავალა, უთხარი, რომ შენ ხარ სამარცხვინო ადამიანი-თქო და ასეთი რამეები მერაბიშვილთან კაბინეტში რომ იჯდები ან მის გარემოცვასთან, იქ ილაპარაკეთ-თქო. ასეთ კითხვებს იქ იგონებენ, ამიტომ ეს კითხვა უკან მიუტანე მას, ეს კითხვები მათ დაუსვი, გასაგებია?!
პ.ს: მკითხველს განვუმარტავთ, რომ როდესაც „მარიოტში~ ნათელაშვილის მიერ სახელდახელოდ შეკრებილი ოპოზიცია გულზე მჯიღს იცემდა, „დრონი.ჯი“-ს კორესპონდენტი შემთხვევით შეესწრო ხაინდრავას საუბარს. იგი დერეფანში განმარტოებით იდგა და რუსულად `აბარებდა აჩოტებს~ ჩვენთვის უცნობ ადამიანს.
„დიახ, დიახ, ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ, უნდა მოვიშოროთ ეს ნაძირლები და კარგი იქნება, დიახ, კარგი იქნება... კი ბატონო, გასაგებია. ეს ხელისუფლება გიჟია ცეცხლით ხელში და იქნებ რაღაც გავაკეთოთ“, - აი ფრაზები, რომელსაც ხაინდრავა იმეორებდა თავის რუს მოკავშირესთან სატელეფონო საუბრისას. ხოლო ვიდრე ამ ფრაზებს „დააბრეხვებდა“, მანამდე ხაინდრავამ ქართული პოლიტიკით დაინტერესებულ რუს პოლიტ-პარტნიორს ოპოზიციის შეხვედრის დეტალები მოუყვა... ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100