ხუდონჰესის პროექტის შეფერხებით, ხელისუფლება ახალი ინვესტიციების შემოსვლას საფრთხეს უქმნის
"ხელისუფლების პასიური პოლიტიკა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საფრთხეს უქმნის" - ასეთი განცხადება გააკეთეს ექსპერტებმა ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ და გიორგი აბაშიშვილმა.
როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მთავრობის პასიური პოლიტიკა მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
ლევან კალანდაძე: "ორ პროექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ერთი არის ხუდონჰესი და მეორე - აჭარის წყალზე დაგეგმილი ჰესების კასკადი, რომელიც პრაქტიკულად, შეფერხებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის არაკოორდინირებული მუშაობის გამო. სამწუხაროდ, მაღალჩინოსნები კვლავ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და რეალურად, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტები სწორედ ამის გამო ფერხდება.
მოგახსენებთ, რომ როგორც ერთი, ისე მეორე პროექტის ინვესტორები ჩამოსულები იყვნენ და შეხვედრები ჰქონდათ ხელისუფლებასთან, სადაც დაისვა პრობლემური საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მიიღეს პასუხები ამა თუ იმ თემის დაჩქარებული ფორმატით გადაწყვეტის შესახებ, ხელისუფლების მხრიდან, ჯერჯერობით, ქმედითი ნაბიჯები მაინც არ გადადგმულა. ხუდონთან დაკავშირებით, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ფაქტობრივად, ყველა ფორმალური საკითხი, რაც დაკავშირებული იყო დოკუმენტაციის წარდგენასთან, ინვესტორის მხრიდან ვალდებულებების შესრულებასთან, მოგვარებულია. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, როდის იწყებს ამ პროექტის განხორციელებას“ .
ექსპერტების განცხადებით, ენერგეტიკის სფეროს სრული და ეფექტური ათვისება ქვეყანაში ძალიან ბევრ პრობლემას ხსნის. პირველი _ ეს დაკავშირებულია უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან, ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან, საექსპორტო სიმძლავრეების მატებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან და მეორე _ ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები.
ხუდონჰესთან დაკავშირებით, ექსპერტებმა ხელისუფლებას პროექტის ორ ფაზად განხორციელება შესთავაზეს:
" ხუდონჰესის მშენებლობა უნდა დაიყოს ორ ფაზად - საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების (მუხლი 53, პუნქტი 5) თანახმად გაიცეს მშენებლობის ნებართვა იმ პირობით, რომ ჰესის ოპერირების დაწყებამდე ხელისუფლება უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური პროცედურების განხორციელებას, ხოლო ინვესტორი გამოისყიდის კერძო საკუთრებაში არსებულ ზემოთ აღნიშნულ 155 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. მიმდინარე ეტაპზე, ეს ნაკვეთები და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები არ ექცევიან მშენებლობის არეალში და მათი განსახლება ჰესის ექსპლუატაციის დაწყებამდე გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ჰესის მშენებლობის სამუშაოებზე და 2020 წლამდე მიიღებს სტაბილურ და სოლიდურ ანაზღაურებას."
"დღეს ყველაზე დიდი ხვედრითი წილი საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებშია (22%) და შესაბამისად, ინვესტორების ყველაზე დიდი დაინტერესება სწორედ ენერგეტიკის სფეროზე და განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკაზე მოდის. ამას მოწმობს EBRD, IFC, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფების განაცხადები და მზადყოფნა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი ინვესტიციების თაობაზე. ეს არის საშუალება და ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის რომ, ერთის მხრივ, ქვეყანაში მოვიზიდოთ დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და ახალი საწარმოო სიმძლავრეები. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და გავაჩინოთ დამატებითი წყაროები ბიუჯეტის შესავსებად. მესამე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ საქართველოს ენერგოდამოკიდებულობის ხარისხი სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით რუსეთზე და ზამთრის თვეებში, როცა საქართველოს ენერგომოხმარება საგრძნობლად იზრდება და ენერგოსისტემა მკვეთრად დეფიციტური ხდება, უამრავი თანხა არ ვუხადოთ რუსეთს და სხვა ქვეყნებს" - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
კომენტარი