როგორ ერთობიან რუსულ არმიაში: ეპიზოდი პირველი (VIDEO)
"თეთრ ბაირაღებში“ ჭეიშვილის მიერ ჩამოთვლილი მიზეზებისა არ იყოს („ბაღლინჯოები გვჭამენ, კვირაში ერთხელ გვაბანავებენ, ერთი ბრიტვით ცხრა კაცს გვპარსავენ“), რუსულ ჯარში, განსაკუთრებით იმ ნაწილებში, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებულნი, სავალალო უფრო მეტია, ვიდრე გასახარი.
გუშინ აგორებული სკანდალიდან შევიტყვეთ, რომ რუს ჯარისკაცებს საქონლის ხორცის კონსერვების ნაცვლად ძაღლების საკვებს აძლევენ. ამის შესახებ „დრონი.ჯი“–მ ქართველ მკითხველს ერთ–ერთმა პირველმა აცნობა. მანამდე ასეთი ფაქტები ღიად არ ხდებოდა, თუმცა, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები იხსენებენ, რუსები ძაღლებს მაინც ერჩოდნენ – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ერთ–ერთ ჯარისკაცს ისიც კი გაუმხელია, რომ ნაწილში მაწანწალა ძაღლებს კლავდნენ, ატყავებდნენ და შემწვარს მიირთმევდნენ, ამას კი იმით ხსნიდნენ, რომ ძაღლის ხორცი უებარი წამალია ჭლექისა და დიზენტერიის წინააღმდეგ.
ასეთი ყოფის მიუხედავად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროები არც მხიარული განწყობის დეფიციტს უჩივიან და არც ერთმანეთის დაცინვას თაკილობენ.
სახელგავარდნილი „დედოვშჩინა“ აქ არამარტო სასტიკ ჩაგვრაში, ყოველდღიურ დეტალებშიც ვლინდება. რუსი სამხედროები ზოგჯერ მხიარულ „ვეჩერინკებს“ მობილურით იღებენ და ინტერნეტში „შეგდებენ“ ხოლმე, მერე კი ბმულებს ახლობლებს უგზავნიან, თითქოსდა იმის დასამტკიცებლად, აი, რა უდარდელად ვცხოვრობთო...
„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ერთ–ერთ ასეთ ვიდეომასალას. დასკვნების გამოტანა მკითხველისა და მნახველისთვის მიგვინდია. რედაქცია მსგავსი, კურიოზული ხასიათის ფოტო და ვიდეომასალას კვლავაც მოიძიებს და პერიოდულად შემოგთავაზებთ.
კომენტარი