სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან კალანდაძე: „შაჰ-დენიზის პროექტი მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ ქვეყნის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრატეგიულ ინტერესს“

შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის დაწყების ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე გამოეხმაურა.

„შაჰ-დენიზის პროექტი ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტია საქართველოსთვის. და არა მხოლოდ თავისი მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ სოციალური დატვირთვით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში 5 წლის განმავლობაში განხორციელდება 700 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მილსადენის მშენებლობის ფაზაში შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, შესაძლებლობა მიეცემა ქვეყანას, რომ ახალი მილსადენით ტრანსპორტირებული 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირიდან საქართველომ 5% მნიშვნელოვნად შეღავათიანი ტარიფით შეიძინოს, მაქსიმალურად გამოყენებული და დატვირთული იქნეს საქართველოს პორტების და რკინიგზის სიმძლავრეები. ეს უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, შაჰ-დენიზის მილსადენი ეს არის უმნიშვნელოვანესი ტრანსნაციონალური პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს აზია-ევროპის დამაკავშირებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ენერგეტიკულ ქსელში, გახდეს ამ უდიდესი პროექტის მნიშვნელოვანი მონაწილე და მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ის გეოსტრატეგიული როლი და სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია, რაც საქართველოს ყოველთვის გააჩნდა, მაგრამ მის რაციონალურ და ეფექტურად გამოყენებას ვერასდროს ვახერხებდით.

პრაქტიკულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, სხვა მსგავსი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის პარალელურად, შაჰ-დენიზის პროექტმა კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების, და აქედან გამომდინარე, ზოგადად ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების დონე.

მიმდინარე ეტაპზე, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზრუნავსა და პრიორიტეტს სწორედ ის უნდა წარმოადგენდეს, რომ შაჰ-დენიზის მეორე ფაზის რეალიზაციის პროცესში, ეს პროექტი მაქსიმალურად იყოს მორგებული და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს როგორც ეკონომიკურ, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიულ ინტერესს“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100