სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ ესწრებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურებას და რა თქვა ღარიბაშვილმა?

მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები გაანადგურეს. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით, აპარატ "შრედერის" მეშვეობით 110 დისკი გაანადგურეს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა.

კომისიის წევრების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაახლოებით 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობისაა. პროცესი დოკუმენტურად ვიდეოგადაღების გზით დადასტურებულია. განადგურებამდე დისკები სპეციალურ დალუქულ კონტეინერში იყო მოთავსებული, რომელზეც ლუქი საჯაროდ მოიხსნა. პროცედურის დასრულების შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა. პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაქუცმაცებული დისკების ნარჩენებიც აჩვენეს.

მასალების განადგურების პროცესს ესწრებოდნენ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ასლები არსებობდეს. როგორც ღარიბაშვილმა "მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ განაცხადა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ შსს-ს არქივში დაცული მასალის ასლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ.

"სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, მასალების უმრავლესობა კოპირებულია. არსებობს დიდი ალბათობა, რომ იმ მასალის ასლები, რომელიც შსს-ს არქივში დაგვხვდა და რომელიც მოვიპოვეთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდბლობა გამკაცრდება.

"კანონი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ინფორმაცია პირადი ცხოვრების შესახებ დაცული იყოს, გამკაცრდება", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100