სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის ანალიზებში სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა - რას ამბობს ადვოკატი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ღამით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა და რეანიმატოლოგის დახმარება გახდა საჭირო. იგი აღნიშნავს, რომ შიმშილობის ფონზე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება, დამძიმდეს.

"გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და საჭიროი გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა. შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება", - ამბობს საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

სააკაშვილის ადვოკატები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100