ნანა ხიზანიშვილი: გაუგებარი პასუხების გაცემით ივანიშვილმა რეკორდი მოხსნა
საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ აშშ-ის სამედიცინო კოლეჯების ასოციაციის საინფორმაციო-ტექნიკური განყოფილების ანალიტიკოსთან, ფილოსოფიის დოქტორ ნანა ხიზანიშვილთან. „დრონი.ჯი“ ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
- ქალბატონო ნანა, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ალბათ, ყურადღებით ადევნებთ თვალს. შიდა პოლიტიკაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა თითქმის ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება. თქვენ როგორ აფასებთ აღნიშნულს?
- ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. თუმცა დღევანდელ ქართულ გეოპოლიტიკურ რეალობაში შიდა პოლიტიკა საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, ამდენად ბიზნესმენ ივანიშვილის გამოჩენა სრულიად კანონზომიერია, მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით.
- ბიზნესმენმა ქართულ პოლიტიკაში აქტიურობა თავისებური ტაქტიკით დაიწყო: ჯერ – წერილობითი ფორმით, შემდეგ - გარკვეულ მედიასაშუალებებთან კონტაქტით, 1 ნოემბერს კი პირველად ღია ეთერში პრესკონფერენცია გამართა. სანამ კონფერენციაზე დეტალურად ვისაუბრებდეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია პოლიტიკაში მსგავსი ტაქტიკით გამოჩენა?
- არაეფექტურია, მაგრამ პირდაპირ რომ დალაპარაკებოდა ხალხს, კიდევ უფრო არაეფექტური იქნებოდა და ამიტომ ეპისტოლარული ჟანრით არჩია ურთიერთობის აწყობა. მუქარანარევი კატეგორიულ-მენტორული მანერა რომ მიუღებელი და გაუგებარია, ეს მისთვის, როგორც ჩანს, უმნიშვნელო მომენტია. მისი ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მოიპოვოს ამომრჩევლის ხმა და მეთოდი გულუბრყვილობამდე უსუსური და არაპროფესიულია.
უფრო მეტსაც გეტყვით. ამ ადამიანს ეტყობა, რომ მისი ხასიათი გარკვეულ წრეში ჩამოყალიბდა და ფართო ქართულ აუდიტორიასთან ურთიერთობა ძალიან უჭირს, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონისთვის კი ეს დამღუპველია. ძალიან ბევრი ინტერვიუ მინახავს და მომისმენია პირდაპირ ეთერშიც, ჩანაწერითაც სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ასეთი უცნაური ტელემიმართვების მომსწრე პირველად გავხდი. ცხადია, რომ საქმე სრულიად ახალ მოვლენასთან გვაქვს და მართლაც გვაკვირვებს, ოღონდ რით – აი, ეს არის საკითხავი.
პირველი ინტერვიუ დაჭრილი კადრების კრებული იყო, რომელზეც ადამიანი მარიონეტის მოძრაობებით დაპირებებს იძლეოდა. ია ანთაძესთან ინტერვიუს უკვე ყველაფერზე ეტყობოდა კოლექტიური რედაქცია, თუმცა ის კვლავ სავსე იყო პოლიტიკური ლაფსუსებით. შემდეგ იყო ქალბატონ ჟიჟილაშვილთან ინტერვიუ, გათვლილი და ასჯერ აწონილი. არავითარი ორიგინალური აზრი, ბუნებრივი ემოცია, - ყველაფერი სარეკლამო რგოლივით იყო. კარგი, ბატონო, ნუ იქნება ციცერონი (თუმცა პოლიტიკოსისთვის მჭერმეტყველება აუცილებელია), მაგრამ მკაფიოდ ხომ უნდა ჩამოაყალიბოს აზრი და მითხრას, რას გააკეთებს?! და ეს არა ზოგადი ფრაზებით და დაუმთავრებელი წინადადებებით, არამედ კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.
ის, რომ მიშა ცუდია, გავიგეთ, მაგრამ ხომ უნდა მიგვახვედროს, ის რითი იქნება უკეთესი?! რასაც ივანიშვილი ამბობს, უკვე დიდი ხანია, სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან მესმის. თავად ივანიშვილის აზრი რაში მდგომარეობს? ჩემზე და ჩემისთანა მაყურებელზე შუშის სასახლე და კედლებზე თანამედროვე მხატვრობა შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მე ვიცი, რომ ის, რაც ბრჭყვიალებს, ყოველთვის ოქრო არ არის.
- რამდენად ადექვატურად მიგაჩნიათ ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის ფაქტის შეფასება და საპასუხო ნაბიჯები? ხელისუფლება ივანიშვილს რუსეთში დაგროვებულ კაპიტალზე აკეთებს აქცენტს და კრემლთან კავშირში სდებს ბრალს, თუმცა იგივე კაპიტალით ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არაერთი პროექტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანია დაუფინანსებია და მაშინ ეს კითხვები არავის დაუსვამს...
- პრეზიდენტის კამპანიის დაფინანსების შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ეს ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ის, რომ რუსეთში შემთხვევით ასეთ კაპიტალს ვერავინ დააგროვებს, სავსებით ცხადია, თუკი ოდნავ მაინც ვიცით რუსეთის დღევანდელი რეალობა. მეც ვიცი და სულ მესმოდა ივანიშვილის ქველმოქმედების ამბავი, ახლა კი ვფიქრობ, ნეტავ, ისევ ისე ჩუმად ყოფილიყო, ლეგენდასავით.
- თუმცა 1 ნოემბერს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგივე ხელისუფლებაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში მუშაობდა. ანალოგიური აზრი გამოითქვა კახა ბენდუქიძეზე და აღინიშნა, რომ ამ ლოგიკით, ისინიც კრემლის მიერ არის მართული...
- კითხვა ასე უნდა დაისვას: ვინ როგორ იშოვა ფული რუსეთში? ანუ, რამდენად დამოუკიდებლები არიან ეს ადამიანები დღეს და რამდენად თავისუფალნი რუსული პოლიტიკური წნეხისგან? პასუხი სამივეს დღევანდელ მოქმედებებშია. ვაშაძე დღეს პროქართულ პოლიტიკას ატარებს, ბენდუქიძე საინტერესო მოვლენაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ უაღრესად ნიჭიერი პროფესიონალია. მე აქ ერთ რუსს ვიცნობდი წლების წინ. ურალიდან იყო. მეუბნებოდა, ერთმა ქართველმა "ურალმაში" გადაარჩინაო.
მაშინ გავიგე პირველად კახა ბენდუქიძის შესახებ. ქართულ ეკონომიკაში ბენდუქიძის სახელი რეფორმებს და წინსვლას უკავშირდება. ბატონი ივანიშვილი 1 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ეკონომიკის საკითხში, შეიძლება, ითქვას, "ჩაიჭრა", - ერთი საწარმო არ მიყიდიაო და არც მომავალში ვაპირებო. თუმცა სანატრელი ფრაზები სამუშაო ადგილების შესახებ მაშინვე საქმეში გაუშვა. სად არის მომავლის ხედვა? პოლიტიკოსის ალღო? რა გამოდის, მთელი ეს ქველმოქმედება ამდენი წლის მანძილზე ფულის გათეთრება იყო და მეტი არაფერი?! კახა ბენდუქიძის (რომელიც რუსეთშიც კახა იყო და სახელი არ შეუცვლია) გარშემო კითხვები არ ჩნდება, ივანიშვილის ფულის გარშემო კი გაჩნდა.
ამოტივტივდა ბანდიტების სახელები, გვარები, ჯალათის გვარიც... რაც მთავარია, 1 ნოემბრის პრესკონფერენციაზე მისი ქცევის მიხედვით ნათელი გახდა, რომ პოლიტიკაში შემოგვიგდეს "ჟულიკი", რომელიც, მისივე სიტყვები რომ ვიხმარო, თვალებში შეგხედავს და სიმართლეს არ გეტყვის. მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ის ქართულ საქმეს გააკეთებს. ამის საბაბს ის პასუხები და მინიშნებები მაძლევს, რაც ყურადღებით მოსმენისას ჩავინიშნე.
2008 წლის ომის ქართული მხარისთვის დაბრალება მარტო სააკაშვილის სიძულვილით ნაკარნახევი არ არის, არამედ კრემლის პროპაგანდის გახმოვანებაა. რუსეთი საერთაშორისო დამკვირვებლებს სულ ითხოვდაო. ასეთ ტყუილს როგორ კადრულობს ამხელა კაცი?! რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ "ქველმოქმედთან" მიმართებაში, ის მენტალობით ქართველი მოღვაწე არ არის.
- ივანიშვილის გუნდზეც მინდა, გკითხოთ. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მის გუნდში ადვოკატ ეკა ბესელიას გამოჩენა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო,- ოქრუაშვილის მიმართ "რესპუბლიკელების" [რომელთანაც ივანიშვილი ასევე თანამშრომლობს] პოზიცია ხომ ყველასათვის ცნობილი იყო?... გარდა ამისა, ერთობის შენარჩუნება ჯერ - ალიანსის, შემდეგ კი პოლიტიკური "ექსვიანის" ფარგლებში თავის დროზე ვერც ირაკლი ალასანიამ და "რესპუბლიკელებმა" შეძლეს. რამდენად რეალურია, ივანიშვილი ამ "ჭრელი" პოლიტიკური სპექტრის რეალურად გამაერთიანებელი გახდეს?
- ბატონი ივანიშვილის მოვლინება ქართულ პოლიტიკაში სწორედ ბრინჯივით გაბნეული "პოლიტიკოსების" შესაგროვებლად იყო საჭირო. მისი ანტურაჟი პირველივე დღეებიდან იწვევდა გაოცებას ბევრი მიზეზის გამო. თუმცა რაც მეტად ვეცნობი ბატონ ივანიშვილს, მისი ეს არჩევანი სრულიად კანონზომიერად მეჩვენება. ვხედავ, რა პროფესიული თვისებებით შეირჩა მისი უახლოესი გარემოცვა და ის პოლიტიკური პარტიები, რომელთანაც თანამშრომლობას აპირებს. ჯერ ამას დავაკვირდეთ.
თავად მას არ აქვს არც სამოქმედო პროგრამა, არც ეკონომიკური ხედვა. ჯერ მხოლოდ ემოცია და "ქართული ოცნებაა". ნიშანდობლივია ისიც, რომ იგივე 1 ნოემბერს პრესკონფერენციაზე თავად ივანიშვილი ხშირად ახსენებდა სიტყვა "პროფესიონალიზმს". შიშით ველი, რომ მალე ამ ცნებასაც ელის დევალვაცია, რადგან რასაც ჯერჯერობით მის ირგვლივ ვხედავთ. ძალიან შორს არის პროფესიონალიზმისგან. ეს პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა.
ეს იყო გამაოგნებელი სანახაობა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დარბაზი ვერ დაიმორჩილეს (!), არამედ იმიტომ, რომ მიუხედავად შელამაზების დიდი მცდელობისა, მისთვის მიუღებელი არხების ჟურნალისტებთან ურთიერთობისას წარმოჩინდა ბატონი ივანიშვილის ხასიათის ბევრი უარყოფითი თვისება: ქედმაღლურ-დამცინავი, უაღრესად ავტორიტარული და ყალბი. განსაკუთრებით დამთრგუნა ჩემთვის სრულიად მიუღებელი ილეთის გამოყენებამ - სხვაზე გადაბრალება მისივე საკუთარი ემოციებისა - "ნუ ღელავთ", "დამშვიდდით"... რეალურად ის თავად ღელავდა და ეს შესამჩნევი იყო. საოცარია პირდაპირ, რუსეთში გამოწვრთნილი კაცი რომ ასე ღელავს. ქართველებს "ვერ აჭმევს" და ეს იცოდა, გაუგებარი პასუხების გაცემით კი, მე მგონი, რეკორდი მოხსნა.
- როგორ ეხმაურებიან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენას აშშ-ში მცხოვრები ქართველები, ადგილობრივი მედია, პოლიტიკოსები და ექსპეტთა წრეების წარმომადგენლები?
- ქართველები აშშ-ში, ისევე, როგორც საქართველოში, სხვადასხვანაირად ეხმაურებიან. ვისაც საქართველოს პროდასავლური კურსი ახარებს, ცხადია, ბატონ ივანიშვილში საქართველოს ინტერესებისთვის საფრთხეს ხედავს. ადგილობრივი მედია, პოლიტიკოსები, რამდენადაც მე დავინახე, შიდა პრობლემებით არიან დაკავებულები და სულ არ ადარდებთ ივანიშვილი. რეალურადაც ჯერ არც არაფერი ხდება. კაცმა რომ თქვას, რა მოხდა? ეგერ, ერთმა რუსმა მილიარდერმა წყნარ ოკეანეში კუნძული იყიდაო, ეს კაცი კი პრეტენზიას ისტორიულ სამშობლოზე აცხადებს. დიდი ამბავი! თუმცა, რა თქმა უნდა, აკვირდებიან და ეს თვითონაც იცის. მის ზოგიერთ პასუხს ეტყობოდა, რომ როცა ახსენდებოდა, პოლიტკორექტული იყო, ხოლო გულში რას ფიქრობდა, მარტო მან იცის.
- და ბოლოს, ექპერტთა ნაწილის შეფასებით, ივანიშვილის გამოჩენამ შიდაპოლიტიკური ამინდი შეცვალა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო შექმნა. ივანიშვილის გამოჩენის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები საქართველოში?
- გარემო უდავოდ შეიცვალა. მასას ისევ გაუჩნდა ჯადოსნური ჯოხის იმედი. მით უფრო, როცა ეს ჯოხი მითიური ივანიშვილის ხელშია. აი, რამდენად კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნა, ვერ გეტყვით. მე პირადად გაოგნებული ვარ ასეთი პოლიტიკური უმწიფრობით და მე ვიტყოდი, გულუბრყვილო თავხედობით. მარტო იმის ძახილი, რომ "ჩვენ უმრავლესობით მოვალთ", საქმეს არ უშველის. არ მჭირდება ვინმეს მიერ გაფრთხილება, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია, - ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ამას ვერც თავად მალავს. იმ ქვეყანაში, სადაც ძლიერი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მუხტი იყო მუდამ, ერთი გააზნაურებული მდაბიო ვითარებას ვერ შეცვლის და პროცესებს უკან ვერ დააბრუნებს, თუმცა არევას შეეცდება. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისევ ისეა. სამწუხარო კი ისაა, რომ ჯანსაღი, კონსტრუქციული, საქართველოს ერთგული, საქმის მცოდნე ოპოზიციური ძალა ისევ არ ჩანს.
კომენტარი