სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე დანიშნა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

„მე დავამტკიცე გვენეტაძის კანდიდატურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და მე მიმაჩნია რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ნამდვილად გამოადგება საქართველოს ეროვნულ ბანკს და იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, -განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კობა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურა შეირჩა სრულიად დემოკრატიული, ღია პროცესის შედეგად, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ხელმძღვანელობდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მმართველ კოალიციასთან აქტიური თანამშრომლობით კობა გვენეტაძემ მოიპოვა ხმები პარლამენტში, ბოლოს კი იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ეროვნული ბანკის საბჭომ წარმოადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

კობა გვენეტაძემ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ფაქტორები, ისეთები, როგორიც არის ზომიერი და სტაბილური ინფლაცია და ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს.

კობა გვენეტაძემ მედიასთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100