სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენი მიწა-წყლიდან განგვდევნეს და ბოდიში ვის უნდა მოვუხადო? - დევნილები ომის კოშმარულ დღეებს იხსენებენ

გმირთა მემორიალთან, დილიდან ამ დრომდე, მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება - სოხუმის დაცემიდან 31 წლის თავზე, დევნილობაში მცხოვრები მოქალაქეები იმ კოშმარულ დღეებს იხსენებენ, რომელიც მათ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი.

ადამიანები, რომლებსაც გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავზე მისვლა და სანთელის ანთებაც არ შეუძლიათ, ამბობენ, რომ მათ ბოდიში მოსახდელი არავისთვის აქვთ, რადგან ისინი საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნეს.

ჩვენ, ჩვენი მიწა-წყალიდან განგვდევნეს და ბოდიში ვის უნდა მოვუხადო? - ამბობს ქალი, რომლის დაც, მისი თქმით, 1992 წელს, გუმისთის მისადგომებთან დაცხრილეს.

ჩემი და , ნონა მურღულიანი, 1992 წლის 16 მარტს დაცხრილეს. ვიცი, დავბრუნდები და იქაც დავუნთებ სანეთელს ისე, როგორც აქ ვანთებ. ჩვენ, ჩვენი მიწა-წყლიდან განგვდევნეს და ბოდიში ვის უნდა მოვუხადო?

მემორიალთან მისულები გენოციდზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სვანეთის გზაზე მომხდარი ტრაგედია, სწორედ ამისი მაჩვენებლი იყო.

გენოციდი იყო , აბა რა იყო, ნახევარი საქართველო სვანეთის გზაზე გაწყდა, ამაზე მეტი გენოციდი რა უნდა იყოს“,- ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

მემორიალთან მისულებს შორის მრავლად არიან შვილმკვდარი დედები, რომლებსაც საკუთარ ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ.

შვილი დავკარგე და სასაფლაოზეც არ შემიძლია წავიდე, ესაა ცხოვრება? 12 ნათესავი დავკარგეთ ამ ომში. დიდი ტრაგედია გვაქვს და არ შემიძლია ყველაფერი გითხრათ, - ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის დედა.

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100