სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: „საქართველო შეიძლება იყოს ნატოშიც და, ამავდროულად, იმეგობროს რუსეთთან“

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს „ამერიკის ხმა“, რომელიც მილიარდერს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და „ქართული ოცნების გეგმებზე“ ესაუბრა. ნინო დალაქიშვილის ინტერვიუს ივანიშვილთან ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მასალის ბოლოს მითითებული წყაროს ბმულზე, მანამდე კი მოკლედ ვაყალიბებთ იმ თეზისებს, თუ რა უთხრა „ქართული ოცნების“ ლიდერმა „ამერიკის ხმას“:

ა) ტანკების შესყიდვა და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა უმეცრება იყო;

ბ) [ხელისუფლებამ] ავანტიურაში ჩართვით დაიწყო ომი 2008 წელს;

გ) სააკაშვილი რომ არა, რომელმაც თავისი ემოციურობით სრულიად გააფუჭა ურთიერთობა რუსეთთან, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა ის, რაც 2008 წელს მოხდა.

დ) უნდა დაველოდოთ დროს, როცა მოხდება ჩვენი ინტერესების თანხვედრა რუსეთთან.

ე) რუსეთისთვის არ არის საინტერესო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები;

ვ) სააკაშვილმა ნატო გამოიყენა რუსეთის გასაღიზიანებლად და იმით აბრაზებდა, რომ თითქოს ნატოში საქართველოს შესვლა მათთვის დამაქცევარი იქნებოდა.

ზ) ნატო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და სააკაშვილი ამაში ხელს უშლის. („სხვათა შორის, ეს სწორედ ახლა მომივიდა აზრად“, - ბიძინა ივანიშვილი)

თ) სააკაშვილი უფრიალებს ნატოს რუსეთს, როგორც ხარს უფრიალებენ წითელ ნაჭერს, თორემ ნატო საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის.

თ) გეოპოლიტიკაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ნატო და მასში შემავალი ქვეყნები დაალაგებენ ურთიერთობას რუსეთთან. „სადღაც აქ“ მოხდება საქართველოსა და რუსეთის ინტერესების თანხვედრაც.

ი) საქართველო შეიძლება იყოს ნატოშიც და, ამავდროულად, იმეგობროს რუსეთთან. რუსეთისთვის არ არის ეს ყველაფერი პრინციპული“.

ციტატები:

„კონკრეტულ შეფარდებებს ბიუჯეტში ახლა ვერ დავასახელებ, მაგრამ რაც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გააკეთა ამ კუთხით, უამრავი უმეცრება შეიძლება დავინახოთ. დაწყებული ტანკების შესყიდვიდან, შემდეგ იმ ავანტურაში ჩართვით, როგორც დაიწყეს ომი.“;

„როგორი დონის და რამხელა თავდაცვის სისტემა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, ამას მარტო მე ვერ გადავწყვეტ, გადავწყვეტთ გუნდურად და შევუთანხმებთ საქართველოს მოსახლეობას. რაც მთავარია, დავგეგმავთ სწორად.“;

„ ... არა ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა, თავისი ემოციურობით, როდესაც სრულიად გააფუჭა ურთიერთობა რუსეთთან. ჯერ ცივი ომის მდგომარეობაში გადაიყვანა თავისი რიტორიკით, რასაც 2008 წელი მოჰყვა. ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა სწორი ქმედებით. დღეს კიდევ ჩვენი ტერიტორიების 30 პროცენტი ოკუპირებულია. “;

„შევეცდებით დაველოდოთ დროს, რომ რუსეთთან ინტერესების თანხვედრით ვისარგებლოთ. რუსეთისთვის, ჩემი აზრით არ არის საინტერესო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები.“;

„სააკაშვილმა, თავის დროზე ნატო გამოიყენა რუსეთის გამაღიზიანებლად. ამით აბრაზებდა და აღიზიანებდა, თითქოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის იყო დამაქცევარი და კატასტროფა. რეალურად ეს ასე არაა. ნატო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ამის გართულებაში სააკაშვილს დიდი წვლილი აქვს, სხვათა შორის ეს სწორედ ახლა მომივიდა აზრად. რიტორიკით, გამომწვევი საუბრით, სააკაშვილი ნატოს რუსეთის წინაშე წარმოაჩენდა ისე, როგორც ხარს უფრიალებენ წითელ ნაჭერს. მე არ მგონია, რომ ნატო, საერთოდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის.“;

„მე თვალყურს ვადევნებ გლობალურ პოლიტიკას, გეოპოლიტიკას. იქაც არ ვიტყვი, რომ პროცესები ძალიან კარგად მიდის, მაგრამ არის მცდელობა, ნატოს მხრიდან, მასში შემავალი ქვეყნების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დალაგების.

დარწმუნებული ვარ, საღი აზრი გაიმარჯვებს და სადღაც აქ მოხდება ჩვენი ინტერესების თანხვედრაც, რასაც მე მუდამ ვიმეორებ. მე პროგრესისკენ ვიყურები და მიმაჩნია, რომ მომავალში ნატოსა და რუსეთის ურთიერთობები დალაგდება. საქართველო შეიძლება იყოს ნატოშიც და ამავდროულად, იმეგობროს რუსეთთანაც.

რუსეთისთვის არ არის ეს ყველაფერი პრინციპული. ამის კარგი მაგალითი ჩვენ გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნების სახით. ოდესღაც მათ ევროპასთან გაერთიანებას და ნატოში შესვლას რუსეთი დიდი აგრესიით შეხვდა. დღეს კი კარგი ურთიერთობებია მათ შორის.“

ინტერვიუ სრულად

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100