სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება დასრულდა

ვილნიუსში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება დასრულდა. პროცესი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

1000-გვერდიანი დოკუმენტის პარაფირება საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძესთან ერთად განახორციელა.

დავით ზალკალიანი დღევანდელ დღეს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს.

"ამ ხელშეკრულების გაფორმებით ევროპასთან ინტეგრაციის იურიდიულ ჩარჩოებში ვექცევით. ეს არ არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულებით საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება. მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ამ ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, რასაც ყველა ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია დეკლარაციიდან ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მუხლის ამოღების შესახებ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

"მსგავსი მუხლი დეკლარაციაში არ ყოფილა. ზოგიერთი მედიასაშუალება ამის უტლრირებას ახდენს. ევროკავშირთან ასოცირებაზე მოლაპარაკებისას წევრობაზე საუბარი არ ყოფილა. წევრობა შემდეგი ეტაპია, ეს ხელშეკრულება კი გულისხმობს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეტაპობრივ ინტეგრაციას", - აღნიშნა ზალკალიანმა.

ვილნიუსში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირების საზეიმო ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. პოლიტიკური ნაწილის პარაფირებას მაია ფანჯიკიძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი განახორციელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100