სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რევაზ ძოძუაშვილი: ქართულ ფეხბურთს კიბო სჭირს...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი წარუმატებელი შესარჩევი ეტაპი ჩაატარა. საქართველომ ევროპირველობაზე გასვლა კვლავ ვერ მოახერხა. შესარჩევი ციკლის პირველი ტურების შემდეგ რეალური შანსი არსებობდა 2012 წელს, უკრაინა-პოლონეთის საგზურის მოსაპოვებლად.

ხორვატიასთან თბილისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი თემურ ქეცბაიას გუნდმა უკუსვლა დაიწყო, რაც ზედიზედ ოთხ მოუგებელ შეხვედრაში და შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსის დაკარგვაში აისახა. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ქართულ ფეხბურთზე და სხვა საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" ვეტერან ფეხბურთელსა და მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს ესაუბრა:

- ფეხბურთში და სპორტში მთავარი ბოლო ეტაპია. მთავარია ბოლოს როგორ ამთავრებ. ჩვენი საფეხბურთო მოღვაწეობა უნდა შეფასდეს ბოლო შესარჩევი ტურის შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ კარგად ვითამაშებდით და მოგვიგროვდება ის ქულები, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი იქნებოდა, მაშინ დადებითად შეფასდებოდა ნაკრების ასპარეზობა. მაგრამ, ის რაც ჩვენ დავინახეთ ბოლო შესარჩევზე, არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩვენ რამე საამაყო გვაქვს. რასაკვირველია, არის იმაზე საუბარი თუ რა გვაკლია და რატომ ვერ გავდივართ. პირველ რიგში ამ საქმეს სჭირდება ძალიან მკაცრი ხელი. მკაცრი ხელი უნდა იყოს სახელმწიფოდან.

სახელმწიფომ უნდა მოგვცეს კითხვაზე პასუხი თუ რისი მიღწევა უნდა ფეხბურთში. თუ ჩვენ მივისწრაფით აღმავლობისკენ და სიდიდისკენ და გვინდა, რომ ძლიერად ვიდგეთ ფეხბურთის სამყაროში ისევე როგორც აქამდე ვიდექით, ამას სჭირდება სწორი ანალიზის გაკეთება და საქმის სწორად წარმართვა. ყველას ჰგონია რომ ფეხბურთი იცის. დასაწყისში ჟურნალისტებთან ერთად ვზეიმობთ და იმდენად მაღლა აგვყავს ხოლმე პირველ შეხვედრაში გამარჯვება, რომ მერე ემართებათ ვარსკვლავური ავადმყოფობა და მემგონი ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ამ თამაშების წაგების სწორედ ეს იყო. ყველაზე დიდი ჩავარდნები იყო მაშინ, როდესაც ჩვენს სახელმწიფოში უცხოელი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ. მაგრამ ისიც არის, რომ რამდენიმე ქართველი მწვრთნელი ისე დანიშნეს საერთოდ ბურთისთვის ფეხი არ ჰქონდათ შეხებული. იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ძალიან მომთხოვნები და მკაცრები უნდა გავხდეთ. უნდა მოხდეს შეფასება და სწორი ანალიზი იმისა თუ ვის შეუძლია რეალურად საქმის კეთება. ახალგაზრდა თაობა, სტადიონზე მოდის, უყურებს და თანამონაწილე არის მოგება-წაგების.

ფეხბურთის მთელი საიდუმლოება სწორედ ეს არის. გულშემატკივარი, რომ მოდის საქართველო-ლატვიის თამაშზე, ისიც თამაშობს ქართველ ფეხბურთელებთან ერთად და ერთად უნდა მოხდეს მოგება. ნაკრებთან გაერთიანება დაკარგა გულშემატკივარმა, რამაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა ნაკრებში. ბოლო წლების განმავლობაში ქართველ გულშემატკივარს წარმატებას ვერ ვჩუქნით და ვერ ვაძლევთ სიამაყეს. ჩვენი სიამაყე ის იქნება, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ვითამაშებთ ისე, როგორც სხვა ქვეყნები თამაშობენ, ნაკრები მოხვდება ევროპაზე და მსოფლიოზე. იმ ხალხს ვისაც ძალუძს ეს გააკეთოს, არ იციან ვინ და რა ხალხი უნდა ჩააყენონ ამ პირამიდის ასაშენებლად, ვის უნდა ჰქონდეს სადავეები და ვინ უნდა იდგეს მატარებლის პირველ რიგში. ბოლო წლებში მუდმივად ეშლებოდათ ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს.

სიჭინავას მიაჩნია, რომ რადგანაც მაგის გვერდში არის გაბელია, ხურცილავა და ჩივაძე ეს სიმდიდრე ეყოფა საფეხბურთო მრგვალ მაგიდაზე სხვა ქვეყნებთან საბრძოლველად. ეს სამი გვარი ისეთი ჩამოვთვალე, რომ ერთ-ერთ უძლიერეს სპეციალისტებად შეიძლება ჩაითვალონ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს ჰყავს ასეთივე ასი. ასი-სამზე ცოტაა... კი ბატონო!, დღეს ხურცილავამ მოკიდა ხელი ფეხბურთს, მერე ჩივაძემ, მერე გაბელიამ, მაგრამ სადაა მანუჩარი? სადაა შენგელია? სადაა სულაქველიძე და რატომ არ უნდა კიდებდეს ხელს ფეხბურთს? ძალიან ბევრი გვყავს: ურუშაძე, ჯემალ ხერხაძე და სხვები. საქართველოში ბევრია დაუასაქმებელი სპეციალისტი, რომელთა აზრიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

- როგორ ფიქრობთ რატომ არ ჭირდება ფედერაციის ხელმძღვანელობას თქვენს მიერ ჩამოთვლილი სპეციალისტები?

- თქვენც გგონიათ, რომ ფეხბურთი უკვე იცით, ბევრ კარგ რამეს დამიმტკიცებთ, მაგრამ ყველაზე დიდ საიდუმლოებას ვერ მეტყვით. ეს ყველაზე დიდი საიდუმლოება არ შეგიძლია თქვენ იცოდეთ. ეს ყოველდღიურად, პრაქტიკულად, ცხოვრებისეულად მოდის. გუშინდელ თამაშში რაც კარგი იყო, დღევანდელში ახალი საიდუმლოებით ჩნდება. იმ ახალი საიდუმლოების წაკითხვის უნარი უნდა გქონდეს და ეს არ უნდა იკითხო წაგების მერე. ამ შემთხვევაში ყველაფერი დაკარგული გაქვს - გუნდი არ გყავს. ჩვენ მეოცე საუკუნეში შევქმენით ისეთი ახალგაზრდული გუნდი, რომელიც მთელმა ევროპამ და რუსეთმა 21-ე საუკუნის გუნდად აღიარა.

ეს არის არველაძეების და ქინქლაძის თაობა. არსებობს ისტორია, თუ რა შევქმენით და ახლა რა ხდება. ქართული ფეხბურთის სადავეებში მყოფი სპეციალისტების 70-80 პროცენტი ცხოვრობს დღევანდელი დღით და არ იციან ხვალე როგორ იმოქმედონ. ეს პიროვნებები ხვალინდელ დღეს ვერ კითხულობენ, რადგან რომ უთხრა ბურთი რომელიმე მიმართულებით გაუშვი, ვერ დაარტყავენ სწორად. მოვიდნენ ვიღაცის ძმაკაცობით, მეგობრობით, დასვეს და უთხრეს, რომ რა უნდა ფეხბურთის მოვლასო. როდესაც, ეროვნული ჩემპიონატის გუნდები, ყველა ნაკრებები, მკაცრად არ იქნებიან გაშიფრულები და ანალიზგაკეთებულები, იქნება ჩავარდნა. თუ იქნებიან სპეციალისტები, რომლებსაც ანალიზის კეთება არ შეუძლიათ, ფეხბურთი მუდამ დაღუპული იქნება. ფედერაციაში არიან ბიჭები, რომლებიც ხმას ვერ იღებენ, რადგან შეიძლება ეს სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდეთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდენცია წავიდა ესეთი - წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. ჩემთვის გაუგებარია რას ნიშნავს კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ. ადამიანები ვინც მაგას ლაპარაკობენ, თამაში და სპორტსმენობა არ იციიან. მე რომ თუნდაც ნარდში წავაგო, ამას დიდი ტანჯვით მივიღებ, რადგან მე სულიერად სპორტსმენი ვარ. დღეს ფეხბურთი ხელოვნება გახდა. გუნდები იარაღდებიან "ფეხბურთის ომის" საუკეთესო იარაღით. შენც ვალდებული ხარ შეიარაღდე. შენ შენი უფრო გაძლიერებული არსენალით უნდა დახვდე მეტოქეს.

- ბატონო რეზო, სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთს ექცევა თუ არა სათანადო ყურადღება?

- საქართველოში გამოჩნდა ახალი ყვითელი მიკრო-ავტობუსები, რომელიც კარგია და ლამაზია. თუ ამ მანქანებს მთავარი დისპეჩერი არ დაუყენე, რომელიც გააკონტროლებს მათ მარშრუტებს, ერთ-ორ თვეში დაიმტვრევიან და დაილეწებიან. სახელმწიფო აკეთებს სტადიონს აკეთებს მოედანს, მაგრამ მთავარი ის არის თუ ვინაა მთავარი დისპეჩერი.

- ამ შემთხვევაში ფედერაციის პრეზიდენტი?

- რასაკვირველია. სპორტის თავებიდან მკაცრი მოთხოვნა რომ იქნება, შენ ვალდებული ხარ ფეხბურთზე იზრუნო. შეიძლება კარგი მანქანა გყავდეს მაგრამ ტარება არ იცოდე. ისე გამოდის, რომ ჩვენ ისეთი მაგარი ქეცბაია გვყავს, ყველაფერს გააკეთებს. თვითონ კია ბიჭი მაგარი, მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ გააკეთებს. უნდა იყოს პიროვნება ისეთი, რომელიც ამ დიდ საქმეს ძლიერი ცოდნით უხელმძღვანელებს. სხვა სახელმწიფოებში,ძლიერი ფეხბურთელები მართვის სადავეებში იმყოფებიან. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბეკენბაუერს ეკითხება პირველი აზრს. ფედერაციაში მსხდომ 80%-ს ჰქონდა იმედი, რომ ლატვიას მოვუგებდით. ქეცბაიამ ლატვიასთან ცოტა ზედმეტი გარისკა - ახალგაზრდები გამოიყვანა სათამაშოდ, ადგილები შეუცვალა ცენტრფორვარდებს. ეს ყველაფერი მისაღებია, მაგრამ ამ რისკის შეფასება უნდა მოხდეს.

ქეცბაიას გვერდში უფრო მცოდნე მწვრთნელთა საბჭო რომ ჰყოლოდა, ადგებოდა რომელიმე და იტყოდა, რომ ჩვენ აქ ამ ფეხბურთელის დაყენების უფლება არ გვაქვს. მაგრად შეთამაშებული გუნდით უნდა გვეთამაშა, ისეთი როგორიც ხორვატიასთან იყო. ეს საუბარი უნდა იწყებოდეს პირველი პირის კაბინეტში. უნდა იყოს ისეთი მაგიდა, სადაც თამაშამდე გაირჩეოდა თამაში.

- თემურ ქეცბაიამ ლატვიასთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს საკმარისი კლასი არ აქვს. ეთანხმებით ქეცბაიას ამ მოსაზრებას?

- ყველაზე კარგი განაცხადა სიჭინავამ - ჩვენ სწორ გზაზე ვადგავართ და ამ სწორი გზით ვივლით. რასაკვარვიელია წარმატების უნდა გწამდეს, მაგრამ წაგების შემდეგ ამას არ ამბობენ. თამაშის შემდეგ ყველა ფეხბურთელი აკვირდება პრესას და ისმენს თუ რა განაჩენი გამოაქვს მისთვის ფეხბურთის მმართველს. წაგების შემდეგ, გამოდის პიროვნება და იძახის ამ სიტყვებს, ე.ი. წაგება ყოფილა სწორი და ასე გავაგრძელებთ.

- ანუ, ფეხბურთის ფედერაციის ესეთი მიდგომა ქართულ ფეხბურთს უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს?

- რა თქმა უნდა. თუ არ მიხვდა დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომ მეტი პროფესიონალები არიან საჭირო საფეხბურთო საქმიანობაში ჩასართველები, იქამდე ასე იქნება. დღეში ათას კითხვას უნდა გასცეს პასუხი თითო კლუბის ხელმძღვანელობამ. მითხარი, ახლა ვინაა ამ ათასი შეკითხვის გამცემი? სიჭინავა გენიალური სიტყვებით იმართლებს თავს: "მე მომეშვით, მე ვარ მშენებელი. მე ვაშენებ და ფეხბურთს მიხედოს ხურცილავამ, გაბელიამ და ჩივაძემ". თუ მშენებელი ხარ და წაგებული თამაშის მერე ამბობ, რომ სწორი გზით მიდიხარ, შენ რა უფლება გაქვს ფეხბურთთან? რა უფლება აქვს პირველ პირს რომ ეს სიტყვები თქვას?! ისიც არ იცის სად გააკეთოს პაუზა. მაგრამ როდესაც წაგებულ თამაშზე ამბობს, რომ კარგად ითამაშეს, დაფიქრებაა საჭირო, ღირს თუ არა ის ჩვენს რიგებში იყოს. ამით ის სპორტული ცხოვრების კანონებს შლის და შესაბამისად მან სპორტსმენობა არ იცის.

- ბოლო პერიოდის წარუმატებლობაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება ქეცბაიას? როგორ ფიქრობთ, გამართლებული იქნება თუ არა მისი პოსტზე დარჩენა?

- ქეცბაია ორჯერ გააგდეს გუნდიდან და ორივეჯერ დავაბრუნე. ურთიერთობა ბევრი გვქონდა ერთმანეთთან, რატომღაც ახლა არ მოისურვა. მანამდე სანამ ფეხბურთელი იყო, ძალიან ხშირად გვქონდა ერთად საუბარი. დღესდღეობით ყველამ უნდა იცოდეს, რომ მწვრთნელი ძლიერი მაშინ ხარ, როდესაც პასუხისმგებელი ხარ ფეხბურთელის ყველანაირ მოქმედებაზე და გუნდის ცხოვრებაზე.

უფროსი მწვრთნელი რასაც ამბობს, ის უნდა განახორციელოს გუნდმა მოედანზე და მოედნის გარეთაც. მან პასუხი უნდა აგოს ყველა მოქმედებაზე. შეიძლება, ბევრს ვერ ლაპარაკობს თემური, თუ რატომ დაემართა ასეთი სამთამაშიანი ჩავარდნა. ამაში ძალიან ბერვი ნიუანსია. ლატვიასთან თამაში უბრალო იყო და ძალიან არასასიამოვნოდ დამთავრდა.

ფეხბურთში ერთმა თამაშმა შეიძლება ბევრი კარგი თამაში გადახაზოს. მწვრთნელებმა განაჩენი საკუთარ თავებს თითონ უნდა გამოუტანონ. მიგაჩნია, რომ ქართველ ხალხს, ემსახურე ისე, რომ თავაწეული იარე და ხალხმა ტაში დაგიკრას? - მაშინ უნდა გააგრძელო მუშაობა. თუ მიგაჩნია, რომ ხალხის წინ ტყუილი გამოგივიდა - უნდა შეწყვიტო.

- ამ შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ დაუკრავს თუ არა ხალხი ტაშს ქეცბაიას?

- მთავარი ის არის, რომ სუფთა იყოს. ისე არ უნდა იყოს, რომ ათი ამხანაგური თამაში მოიგე, მაგრამ ოფიციალურ მატჩებში წარმატებას ვერ აღწევდე. ამ შესარჩევ ციკლში საქართველო 70-80 პროცენტით უნდა გასულიყო შემდეგ ეტაპზე. ახლა, მსოფლიო პირველობის შესარჩევზე ამბობენ რომ "სიკვდილის ჯგუფში" მოვხვდითო. აი ახლა, ვინც მაგას იტყვის, რომ "სიკვდილის ჯგუფში" მოვხვდით, საერთოდ უნდა მოკვეთო ფეხბურთიდან. ფედერაციის წარმომადგენელი როცა ამას იტყვის ის საერთოდ უნდა დაიჭირო და სპორტთან არ უნდა გააკარო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ეს ეტაპი გაიარონ ისევ ისე საზიზღრულად, ჩავარდნილად და უბედურად. მერე იტყვიან, რომ "სიკვდილის ჯგუფში" ვიყავით და არ მოვკვდით, წვეთოვანზე ვართო.

- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე სიჭინავას მოსვლის შემდეგ ფედერაციის მხრიდან მუდმივად არის საუბარი, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის პროგრესია. როგორ ფიქრობთ, რეალურად არის პროგრესი?

- მაგ შეკითხვასაც ფეხბურთის ფედერაციის "მრგვალი მაგიდა" უნდა სცემდეს პასუხს. ამბობენ, რომ ფეხბურთელებს ვზრდით- ვინ არიან ეს ფეხბურთელები? გაიზარდნენ ბავშვები და გადავიდნენ პროფესიონალებში, საკითხავია ვინ არიან ისინი და რას აკეთებენ? გაზრდილი ანანიძე ლატვიასთან საშუალო ფეხბურთელი იყო მოედანზე. ვარსკვლავი იყო გუშინ, დღეს არა. რატომ? ანანიძე კი არა, მეოცე საუკუნეში 21-ე საუკუნის 16 უძლიერესი ფეხბურთელი გავზარდეთ. ეს გუნდი დინამოს ბაზაზე ორ წელიწადში გაკეთდა.

16 ანანიძე გვყავდა მოედანზე. ვინც ეს შექმნა არცერთი არ მუშაობს დღეს ფეხბურთში. ბავშვები ისე ცუდად არიან გაზრდილები, რომ გარდატეხის პერიოდის შემდეგ 2 წლიანი წარმატება აქვთ, მერე კი რა გააკეთონ არ იციან. მთელი საიდუმლოება ბავშვის არის, რომ იმდენი ცოდნა ჩაუდო თავში, რაც მთელი ცხოვრება გაყვება. ყველაზე დიდხანს ქართულ ფეხბურთში ახლა თამაშობს იაშვილი, კობიაშვილი და ხიზანიშვილი. აბა შეეკითხეთ ვის ხელში არიან გაზრდილები და ის 2-3 წელი როცა ხელის შეხება გვქონდა მათზე, როგორ იზრდებოდნენ. ისინი ამ დრომდე იმიტომ თამაშობენ მაღალ დონეზე, რომ თავიდანვე ვუნერგავდით ყოველდღე ბევრი ეშრომათ.

ეს ვიტამინები, რასაც მათ ვაძლევდით, დღეს ბავშვებს აღარ აქვთ. მწვრთნელებს აქვთ ლიცენზია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მწვრთნელობა ის არის, როდესაც მათ მოთხოვენ ვინ გაზარდა და რამდენი. არ კითხულობენ, სად არიან გამზდელები კარგი ფეხბურთელების. იქნება კიდევ გაზარდონ? ხურცილავა დღეს იტანჯება კაბინეტში, რომ ზის. ხურცილავა რატომ არ უნდა იყოს გუნდებში ჩამჯდარი. საქართველო ავიღოთ როგორც კროსვორდი. ყველა უჯრედი უნდა იწყებოდეს დიდი ფეხბურთელიდან. თუ სადმე საფეხბურთო აკადემია იხსნება, იქ თავში ფეხბურთელი უნდა იყოს. ასე იყო 35-ე სკოლა და სხვა სკოლები და აკადემიები. სწორედ ამ აკადემიებიდან იწყებოდა ფეხბურთის აღორძინება და გუნდების ჩამოყალიბება.

- როგორ შეაფასებეთ ქართული კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლას?

- ვერ ვიტყვით, რომ კარგად გამოვიდნენ. დღეს გუნდები არიან, ორ და სამ ეტაპს არ თამაშობენ, ისე აწყობენ და გადიან. ხო ნახეთ რა ხდება თურქეთში? ხომ ნახეთ რა მოხდა საქართველოშიც? იმის მაგივრად, რომ ფეხბურთი ესწავლებინათ და ეთამაშათ, ის ასწავლეს სად მეტი კუთხური უნდა გააკეთონ და სად რამდენი ყვითელი უნდა მიიღონ. არ შეიძლება ორი-სამი ეტაპის გავლით ვკმაყოფილდებოდეთ. სამარცხვინო იყო როდესაც ფრანგები ჩამოვიდნენ და "ოლიმპი (2:5) გაანადგურეს. ფეხბურთის თავში მყოფები ანალიზს ვერ უკეთებენ, ჩვენი ჩემპიონატი და გუნდი რა დონეზეა მისული. სწორია ქეცბაია, რომ იძახის "მესი საიდან გავაჩინოო".

რატომ ავიწყდება, თვითონ როგორ გახდა მესისნაირი ფეხბურთელი. ისინი ვინც ქეცბაია გახადა ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელი, დღეს სამსახურის გარეშე არიან დარჩენილები. დარსაძის ლიცენზიებით არსებულ ვითომ მწვრთნელებს აძლევენ სადავეებს. სპორტულ არხებეზე უნდა გავარჩიოთ და ვნახოთ ვინ რას მიაღწია. ჭკუას არავის ვასწავლი, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. ამას ისე კი არ ვამბობ. თითოეულ თამაშზე საქართველოსა და ევროპაში, ვზივართ ხალხი და ანალიზს ვაკეთებთ 1974 წლიდან. ამ ანალიზით ველაპარაკებით ახალგაზრდა თაობას. უკრაინაში ჩავედი პრო-ლიცენზიის ასაღებად. საქართველოდან კი დარეკეს, ჩვენს დაუკითხავად რატომ აძლევთო ლიცენზიასო. იმიტომ მაძლევდნენ იმ ლიცენზიას, რომ მე ვუკითხავდი ლექციებს იმათ. მოვიდნენ და ისეთ ლექციას წავუკითხავთ, რომ შეიძლება ფეხბურთში ისინი გამოჩდნენ ქვის ხანის მოღვაწეებად. საბოლოოდ იმ შედეგებამდე მივალთ, რომ ესპანეთთან 7:2-ს თუ არა 1:0-ს უეჭველი წავაგებთ.

- ბატონო რეზო, რა კომენტარს გააკეთებდით გაბელიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ესპანეთთან ანგარიშით 2:7 მარცხი ფეხბურთელების მიერ მისი დავალებების შეუსრულებლობამ გამოიწვია?

- ბრაზილილიებს აქვთ გენიალური ნათქვამი: ფეხბურთში ჯობია თამაშამდე იფიქრო, ვიდრე თამაშის შემდეგ. გაბელიას ნიჭზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მწვრთნელი, რომელიც ვერ კითხულობს ფეხბურთელმა როგორ ითამაშოს და რას შეასრულებს, ჩამორჩენილია. მწვრთნელს ანალიზი უნდა ჰქონდეს გაკეთებული მისი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიაზე, სიძლიერეზე, ტაქტიკური მონახაზზე, მწვრთნელის მუშაობაზე. ფეხბურთის ხელოვნება იმდენად გამდიდრდა, რომ მწრვთნელი თავს ვერ გაიმართლებს, იმით რომ, ფეხბურთელმა დავალება ვერ შეასრულა. თუ შენ ვერ გისრულებს ფეხბურთელი დავალებას, ეგ წინასწარ უნდა იცოდე.

როგორ შეიძლება ანანიძე, ჭანტურია და სხვა ფეხბურთელები თამაშობდნენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბებში და მწვრთნელმა დავალება უთხრას და ვერ შეასრულონ. მაშინ არ უნდა მისცე დავალება, რომელსაც ვერ შეასრულებს. მე ვაძლევ დავალებას ერთ კონრეტულ ფეხბურთელსა და მთელ გუნდს რაც შეიძლება შეასრულონ. როდესაც ანგარიში კატასტროფულია იქ ანალიზი არა გაზეთიდან და ჟურნალიდან, არამედ ფეხბურთის ფედერაციისა და მწვრთნელთა გაერთიანებული საბჭოში უნდა ხდებოდეს.

იქ ყველაფერი ითქმება. ბოლო შეკრებაზე (ავტ. 3 მაისს გამართული შეხვედრა ვეტერან ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის "ქორთიარდ მარიოტში"), როდესაც შეკამათებაც იყო, სიჭინავას დავანახეთ, რომ ჩვენ დღესაც შეგვიძლია ბრძოლა - ოღონდ უნდა მოგვცენ საშუალება, რომ ამოვიყვანოთ ფეხბურთი ამ წუმპიდან. გაყიდულ თამაშებზე რომ ავიღოთ, დასაჭერი და დასასჯელი ის ბავშვები კი არ იყვნენ, რომლებმაც თამაშები გაყიდეს, არამედ ისინი ვინც ეს სცენარი დაწერა. ეს ერთ-ერთი უჯრედია სიმსივნის.

- როდესაც გია გეგუჩაძემ დატოვა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, ბევრმა ეს ღალატად შეაფასა და აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვანი მატჩის წინ მისი ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იყო. თქვენ როგორ შეაფასებთ მის გადაწყვეტილებას?

- 5-ჯერ გავიყვანე საქართველოს გუნდები ევროპირველობებზე მაგრამ არცერთხელ მომცეს საშუალება კიდევ გავყოლოდი. გეგუჩაძის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ არ ლაპარაკობს რატომ დატოვა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. "ოლიმპიდან" წავედი მაგრამ, საქვეყნოდ ვთქვი თუ რატომ მივდიოდი. შენ თუ პროფესიონალი ხარ, გული შეგტკივა ფეხბურთზე და იცი რომ შენი ცხოვრების არტერიაა, უნდა თქვა რატომ მიდიხარ. რომ არ ამბობს ამას მწვრთნელი, ის ყველაფრის ღირსია.

- ბატონო რეზო, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ქართული ფეხბურთის პროგრესისთვის?

- სანამ მანუჩარ მაჩაიძე, სულაქველიძე, შენგელია, ხურცილავა, ძოძუაშვილი, გუცაევი, ქინქლაძე, არველაძე არ შექმნიან ფეხბურთს, იქამდე ძნელია პროგრესი. ფეხბურთი როდესაც ჩაბარდება ფეხბურთელებს და ხელმძღვანელი ეყოლება ისეთი, რომელიც ამათ ჭკუას გამოიყენებს და გაანაწილებს მას საბავშო ბაღის, სკოლის სტუდენტობის, პროფესიონალების, მოყვარულთა ფეხბურთის ირგვლივ, მაშინ ეშველება ფეხბურთს. ფეხბურთი ავადმყოფურ მდგომარეობაშია, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ისეთი ექიმია საჭირო, რომელიც ზუსტად ამ "სასიკვდილო ჯგუფიდან" გაიყვანს საქართველოს მსოფლიოს პირველობაზე. ქართულ ფეხბურთს კიბო სჭირს.

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100