"საბას" მფლობელი არ გამორიცხავს, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი მიზანმიმართულად გაჩნდა
სავაჭრო ცენტრ "საბას" მფლობელი პაატა კაჭარავა არ გამორიცხავს, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი მიზანმიმართულად გაჩნდა . როგორც კაჭარავამ განაცხადა, ცეცხლი რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევით, მათ შორის მოკლე ჩართვით არ გაჩენილა.
"შვიდ საათამდე ელექტროენერგია მთელ სავაჭრო ცენტრში ითიშება. ასე მოხდა გუშინაც, ცეცხლი კი დაახლოებით ცხრის ნახევრისთვის გაჩნდა. არ ვიცი ვის უნდა გაეკეთებინა, ან დაზუსტებით როგორ გაჩნდა ცეცხლი, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად განვიხილავთ, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა", - განაცხადა კაჭარავამ.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ცენტრში აქამდე არ დაფიქსირებულა. ამასთან, "საბას" მფლობელის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაასრულეს მუშაობა ექსპერტებმა, რომლებმაც აიღეს ნიმუშები და მას უკვე ლაბორატორიულ შემოწმებას ჩაუტარებენ.
"საბაში" ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის პირველად ვერსიად მოკლე ჩართვა განიხილებოდა. სულ დამწვარია 6000-ზე კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. კაჭარავას თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ცენტრის დანარჩენ ნაწილში მოვაჭრეებმა მუშაობა განაახლონ.
კომენტარი