საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა
19 ოქტომბერი, 2018 წელი - მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იყო არსებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები, ვაჭრობის დაფინანსების განვითარების პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ასევე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ვაჭრობის დაფინანსების უახლესი ტენდენციები, ინოვაციური პროდუქტები და საქართველოს როლი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია, როგორიცაა EBRD-ის მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი ვაჭრობის დაფინანსების სფეროში. ასეთი მასშტაბური ღონისძიება ვენის, ფრანკფურტის, ლონდონისა და სტამბოლის შემდეგ პირველად ჩატარდა საქართველოში. საქართველოს ბანკი და EBRD წარმატებულად თანამშრომლობენ ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წლიდან წარმატებით ვმონაწილეობთ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში (TFP) და სწორედ ამიტომ მრავალი წელია საქართველო მიიჩნევა ამ პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრ ქვეყანად, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტ-იმპორტის ხელმისაწვდომობას ეფექტიანი დაფინანსების მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა კარგ შესაძლებლობას, გაიმართოს დისკუსიები ბანკების მიერ განხორციელებული საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების, კომერციული საგადასახადო რისკების, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.
EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს ესწრებოდა 40 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი 100 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ემიტენტი, მიმღები და თანადამფინანსებელი ბანკების წარმომადგენლები, ასევე, ვაჭრობის დაფინანსების ასოციაციები.
კომენტარი