სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: „მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა“

12-14 ნოემბერს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა. ვიზიტის შედეგების თაობაზე ივანიშვილს სილვია შტობერი ესაუბრა.

Die Presse-ის ინტერვიუს ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს:

- თქვენი პირველი უცხოური ვიზიტი ბრუსელში შედგა. როგორ მიგიღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში?

- ეს გულითადი და სასიამოვნო შეხვედრები იყო. ევროპულ ოჯახში გაერთიანების სურვილი გაიზარდა, რადგან მე ევროპა ისეთი დამხვდა, როგორადაც წარმოდგენილი მყავდა.

- ეჭვებიც იქნა გამოთქმული. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოში შერჩევითი სამართლის გამო შეშფოთება გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ორი სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს.

- ბაროზომ გამოთქვა ეჭვები, მაგრამ არც თუ ისეთი დიდი. არც ჩემთვისაა ახალაიას დაპატიმრება სასიამოვნო. მე ბატონ ბაროზოს ავუხსენი, რომ არანაირი შერჩევითი სამართალი არ გვაქვს.

- ყოფილ მინისტრ ახალაიას წლებია, ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, მაგრამ გენერალური შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაკავება თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის ძალაუფლების გამო ბრძოლას ჰგავს. სააკაშვილი ნიშნავს გენშტაბის უფროსს, მაგრამ მედიის ინფორმაციით, თავდაცვის ახალ მინისტრს ამ პოსტზე თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა სურს.…

- პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არსებობს, მაგრამ გენერალურ პროკურორზე, რომელმაც წამოაყენა ბრალდება, ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ის პატიოსანი და აკურატული ადამიანია. ჩვენ ასევე ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი გვყავს. ორივე სამართლიანობის და პატიოსნების ნიმუშები არიან. მეც, ან თავად ღმერთსაც რომ მოეთხოვა კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედება, ისინი ამას არ ჩაიდენდნენ.

- არ არის პრობლემა ის, რომ გენპროკურორი ადრე თქვენი პირადი ადვოკატი იყო?

- ის იმდენად სწორხაზოვანი და პატიოსანი იყო, რომ მასზე არანაირი გავლენა არ არსებობდა. სწორედ იმიტომ დავნიშნე ის გენერალურ პროკურორად, რომ ასეთია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დამოუკიდებლად იმოქმედებს.

- საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ სააკაშვილს მძიმე ბრალდებები წაუყენეთ და გადადგომისკენ მოუწოდეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება შესაძლებელია?

- პირადად მე ამის სურვილი არ მაქვს. უპირველეს ყოვლისა, ამას ვერ გაიგებდნენ ევროპაში. ეს პოლიტიკური შურისძიების და არა სამართლებრივი პროცესის სახეს მიიღებდა. ჩვენ ვუძლებთ ამ ცდუნებას და ასეც გავაგრძელებთ, რათა ქვეყანამ სახე შეინარჩუნოს, მაგრამ მე არ შემიძლია იუსტიციის მუშაობა დავაბრკოლო.

- დღეს პრეზიდენტი მართლაც სუსტად გამოიყურება და ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად, სასამართლო სისტემა, არ არის ძლიერი და დამოუკიდებელი. იზიარებთ იმ წუხილს, რომ თქვენ, ისევე როგორც მანამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ძალაუფლება შეიძლება, მხოლოდ საკუთარ ხელში მოაქციოთ?

- ჩემი პოლიტიკა თვალთმაქცობა არ არის. საკაშვილის ხალხი მოვიდა, აკეთა საქმეები და გაძარცვა ქვეყანა. სამაგიეროდ მე 2 მილიარდი დავახარჯე ქვეყანას და ამას მომავალშიც გავაგრძლებ. მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა. ამიტომ ასეთი საფრთხე არ არსებობს.

- თქვენ სააკაშვილს ბრალს სდებთ, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ეკონომიკური სექტორი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს. თქვენ როგორ აპირებთ მოქმედებას?

- დიახ, საქართველოს ეკონომიკა მონოპოლიზებულია. მე ლიბერალური მიდგომის და მეწარმეებს შორის კონკურენციის მომხრე ვარ. ჩემი უმნიშვნელოვანესი გეგმა სამუშაო ადგილებისა და საწარმოების შექმნაა. ეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაშიც დაგვეხმარება.

- საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ მტრულად განწყობილ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბრობდით. სააკაშვილი მოსკოვთან კავშირში გდებდათ ბრალს იმის გამო, რომ ქონება რუსეთში დააგროვეთ. არჩევნების შემდეგ თქვენ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნეთ, თუმცა მოსკოვიდან ამას ენთუზიაზმით არავინ შეხვდა...

- ეს სამწუხაროა. მე იმედგაცრუებული ვარ. რუსებმა კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვეს. ჩვენ კონკრეტული არაფერი გვაქვს შესათავაზებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ამას გადახედავენ. ჩვენ ამისათვის მზად ვართ.

- სეპარატისტულ აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის თუ გეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს?

- ჩვენ ფსონს ვდებთ სახალხო დიპლომატიის კონცეფციაზე. ამის პარალელურად ვცდილობთ, ავაგოთ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გავაგრძელებთ ასევე 2008 წლის შემდეგ მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელშიც რუსეთი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მონაწილეობენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- თქვენი შემდეგი ვიზიტი უცხოეთში სად იქნება?

- სავარაუდოდ, ვაშინგტონში გავემგზავრები.

- ერთი წლის წინ, როდესაც პოლიტიკაში ჩაებით, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოგართვეს. გქონდათ ფრანგული პასპორტიც. ახლა რომელი პასპორტით მოგზაურობთ?

- მე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს და კანონის მიხედვით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო. მე თუ კვლავ საქართველოს მოქალაქე გავხდებოდი, ეს უკვე კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა და პრემიერობას ჩამომართმევდნენ. ასე გამოიყურება საქართველოს კონსტიტუცია. ეს სასაცილოა. ეს შეიცვლება, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100