"სუხიშვილების" მოცეკვავეს გული წაუვიდა
"ფეისბუქში" გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ გაჰყავთ 26 მაისს აღლუმის ჩატარების ზონიდან დაცვის წევრებს სუხიშვილების მოცეკვავე. სწორედ ეს ფოტო გახდა მავანთა მიერ დასკვნის გამოტანის საბაბი, თითქოს სუხიშვილებმა ბოლო მომენტში თავად თქვეს უარი "ხორუმის" შესრულებაზე. ამ დასკვნის მიხედვით, ფოტოზე ერთ–ერთი მოცეკვავე იყო აღბეჭდილი, რომელმაც ცეკვაზე უარი თქვა 26 მაისს მიტინგის დაშლისადმი გამოხატული პროტესტის გამო.
"სუხიშვილების" პრესსამსახურმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ხატია ეკიზაშვილმა "ინტერპრესს" უთხრა, რომ მოცეკვავეს გული წაუვიდა და მას აღლუმიდან გასვლაში ეხმარებოდნენ. მისი განცხადებით, წინა ღამეს რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანის დაღუპვის გამო, სადღესასწაულო განწყობა აღარ იყო.
"გადაწყდა, რომ აღლუმზე დაგეგმილი ყველა ნომერი – ჩვენი ცეკვა თუ სხვა საკონცერტო ნომრები, აღარ შესრულდებოდა, რადგან მსხვერპლის გამო სადღესასწაულო განწყობა არ იყო. ეს იყო თავდაცვის სამინისტროსა და აღლუმის ოპრგანიზატორების გადაწყვეტილება, ასეთივე იყო ჩვენი პოზიცია და ამ შემთხვევაში ორგანიზატორებისა და ჩვენი აზრი დაემთხვა", - განაცახდა ხატია ეკიზაშვილმა.
მისივე თქმით, მოცეკვავე ლაშა ლობიანიძემ, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე პრეზიდენტის დაცვის წევრებს ხელკავით გაჰყავთ, გული წაუვიდა.
"ლაშა ლობიანიძეს გული წაუვიდა, რაც ძალიან სამწუხაროა, ლობჟანიძე 24 მაისს ჩამოვიდა ათენიდან, სადაც "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა და ურთულესი ფრენის შემდეგ გადაღლილი იყო. მას გული წაუვიდა, დაეცა, თავიც დაურტყია და ამის შემდეგ გაიყვანეს. ასე რომ, ყველაფერში უამრავი ვერსიის ძებნა დამღლელია. ჩვენ თავადაც ბევრი სისულელე გავიგეთ, რომ თითქოს, გაზი გაუშვეს, თავში ჩაარტყეს ვიღაცას", - განაცხადა ხატია ეკიზაშვილმა.
მისივე თქმით, "სუხიშვილები", როგორც სახელმწიფო ანსამბლი სადღესასწაულო ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობს და ეს არც ერთი პოლიტიკური ძალის წყენის მიზეზი არ უნდა გახდეს.
კომენტარი