სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ივანიშვილის, კალაძისა და საფეტ ალტიკის ინტერესები ნარკოტრაფიკში იკვეთება!“

გაზეთი „ვერსია“ ბეჭდავს სკანდალურ ინტერვიუს რუსეთიდან გამოძევებულ ჟურნალისტ გიგა ლიპარტელიანთან, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის წარსულისა და აწმყოს გაუხმაურებელ დეტალებზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა გიგა ლიპარტელიანმა დააფუძნა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,რეპუტაცია“, ასევე აპირებს გამოსცეს წიგნები, სადაც სააგენტოს მიერ მოძიებულ ფაქტებს თავს მოუყრის და საზოგადოებას გააცნობს. გიგა ლიპარტელიანი ცალსახად მიანიშნებს, ვინ დგას ბიძინა ივანიშვილის გაყიდული აქციების უკან.

„ვერსიასთან“ ინტერვიუში ლიპარტელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს:

,, ბიძინა ივანიშვილი დამნაშავეა!- მას კავშირი აქვს ნარკოტრაფიკის შუააზიურ კრიმინალურ კლანთან. ეს კლანი იცავს დღეს რუსეთს. მის უკან დგანან ყაზახეთიდან ვასილ ანისიმოვი, უზბეკეთიდან ალიშერ უსმანოვი. ისინი მართავენ პუტინის ოლიგარქულ იმპერიას. მათთან ერთად დაიწყო ივანიშვილმა აღზევება, აქციებსაც მათი დახმარებით ასხვისებს. თავის დროზე ანისიმოვი იყო ბიძინას ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ამ კლანის წევრია ცნობილი მაფიოზი გაფარაც. პრაქტიკულად, ეს არის უზბეკეთის უცვლელი პრეზიდენტის, ამ ქვეყანაში ისლამური რევოლუციის მომწყობის, ისლამ კარიმოვის ნარკოტიკული კლანი. ამერიკელებმა დიდი ფული დახარჯეს, მაგრამ მასთან ვერაფერს გახდნენ. ეს კლანი ამარაგებს ევროპის ქვეყნებს ნარკოტიკით“.

ლიპარტელიანის მტკიცებით, ,,ნარკოტრაფიკში ივანიშვილის, საფეტ ალტიკისა (იტალიელი ნარკოდილერი, რომელთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, მათ შორის კახი კალაძესთან, უკვე გამოქვეყნდა) და კალაძის ინტერესები იკვეთება. ამ ყველაფერს აკონტროლებს შუააზიური კლანის წევრი, კანონიერი ქურდი, დაჯგუფება ,,სოლნცევოს“ ხელმძღვანელი ჯემალ ხაჩიძე, რომელიც ,,როსიისკი კრედიტში“ ივანიშვილს ,,კრიშავდა“. ის არის ალტიკის ,,კრიშაც“. ხაჩიძე ანისიმოვისა და უსმანოვის ახლობელია. ივანიშვილი ამ ნარკომაფიასთანაა დაკავშირებული, თანაც ზოგ ქვეყანაში ყველაფერი ხელისუფლების დონეზეა აყვანილი.

ასე იყო იტალიაში. ალტიკი-კალაძის დიალოგებს წლების განმავლობაში იწერდნენ, მაგრამ კალაძე ძალიან უყვარდა ბერლუსკონის, მაფიის ,,ნათლიმამას“. კალაძე დღეს ივანიშვილთან არის და ეს არ არის ოპოზიცია...

თუ სააკაშვილს ებრძვი პასტუხოვისა და პრიმაკოვის მოცემული ფულით, ეს არაა ნორმალური. იცით, ამ ყველაფრის ფინალი რა იქნება? - გამოვა ლავროვი გაერო-ს სხდომებზე და იტყვის, გინდათ ირანში ნავთობი და გჭირდებათ საქართველო? კი, ბატონო. მაშინ მე არ ავიღებ ვეტოს სირიაზე“.

ლიპარტელიანის აზრით, რუსეთს აქვს ორი გეგმა - ან უნდა ააოხროს საქართველო, ან სააკაშვილი აქციოს დიქტატორად. მისი თქმით კალაძე და ივანიშვილი:

,,ეს არის მეგობრების, პუტინისა და ბერლუსკონის, ორი სახელმწიფო დონის ნაძირალას, ყველაფერზე წამსვლელი კაცის გამოჩეკილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი, რომელიც ჩასვეს 30-მილიონიან შუშის სასახლეში და ასულელებენ ხალხს, დადგება დრო, ისტორია იტყვის, რომ ივანიშვილის დონის პოლიტიკური ავანტიურისტი საქართველოს შეიძლება არც ჰყოლია. არჩევანი მასზე იმიტომ გააკეთეს, რომ დელიკატური პიროვნებაა. არ არის გამომწვევი და მაფიოზური გარეგნობის. გაწონასწორებული კაცია. სხვათა შორის, ეს მისი დიდი პლუსია. ცდილობს ემოციები დაფაროს, არ იწვევს ცუდ რეაქციას ხალხში.“

სხვათა შორის, ქართულ პრესაში ეს ამ თემაზე ლიპარტელიანის პირველი სკანდალური ინტერვიუ არ გახლავთ. ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში ჟურნალისტმა ინტერვიუ მისცა გაზეთ „ქრონიკას“, სადაც ასევე ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი შედის იმ კრიმინალურ დაჯგუფებებში, რომელიც რუსეთში მოქმედებს და ეს კავშირები მას დღესაც აქვს. ამის დასამტკიცებლად მან ფაქტები მოიყვანა და აცხადებდა, რომ ივანიშვილმა ლებედის საარჩევნო კამპანია დააფინანსა და მაშინ რუსეთში თავისი სურვილით ალენ დელონიც კი ჩამოვიდა, თუმცა ეს ივანიშვილის ფულით გაკეთდა.

ივანიშვილმა დააფინანსა ლებედის კრასნოიარსკის გუბერნატორის არჩევნები და არა მისი საპრეზიდენტო არჩევნები. კრასნოიარსკის ოლქი მდიდარია ალუმინისა და ნავთობის საბადოებით და არჩევნებში გამარჯვებული ლებედი, უკვე გუბერნატორი, ჟურნალისტის თქმით, იწყებს ალუმინის მაგნატების დაპატიმრებას, რათა მოხდეს ივანიშვილით მათი ჩანაცვლება. ალუმინის მაგნატად წოდებული ანატოლი ბიკოვი დააკავეს და ბრალად სტრუგანოვის მკვლელობის შეკვეთა წაუყენეს. მისი პატიმრობიდან რაღაცა პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ ეს უკანასკნელი ცოცხალია და ბიკოვი მკვლელი არ ყოფილა.

"ბიკოვის აქციები სწორედ მან შეისყიდა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ასეთ პროცესებს რუსეთში არეგულირებდა ბიძინა ივანიშვილი. ასეთი კაცი რომ მანეთს არ მისცემს არავის, იქ მისი ინტერესი თუ არ დევს, ალბათ, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს", - აცხადებდა გაზეთთან საუბრისას ჟურნალისტი.

"მეცოდება ჩვენი ხალხი, ასე გულუბრყვილოდ რომ ენდობა ყველას. ამიტომ მინდა თქვენი გაზეთიდან გაიგონ, რომ ამ ფორმით ხელში ჩაგდებული კრასნოიარსკის საბადოებით, იქ ჩატარებული სიბინძურეებით იშოვა მილიარდები ივანიშვილმა, რომელსაც უყოფდა ლებედს", - თქვა მაშინ გიგა ლიპარტელიანმა. ლებედის საეჭვო სიკვდილის შემდეგ, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ბიზნესმენი ყიდის ალუმინში დაბანდებულ აქციებს და აარსებს სააფთიაქო ქსელს. რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილი რუსეთში აქციებს ყიდის, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, იგი ყოველთვის ყიდულობდა და ყიდდა აქციებს, ივანიშვილს წილი "გაზპრომში", "ლუკოილსა" და "რაოესშიც" აქვს. გიგა ლიპარტელიანი ოპოზიციური ძალების დაფინანსებაზეც ესაუბრა გამოცემას და დასძინა, რომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკოსი პიროვნებებს და პოლიტიკურ პარტიებს არ აფინანსებს და ვისაც იგი ამ ფულს აძლევს, მათ გვარებსა და სახელებს რუსეთიდან უკვეთავენ. "მან დააბანდა ფული, სიები მოსკოვიდან მიიღო და შეპირდნენ, ეს ხალხი გვერდით დაიყენე, გადაურიცხე ფულები და თუ რამე პრობლემა გექნება, ჩაჯექი თვითმფრინავში და პარიზისკენო... თავადაც ხომ ამბობს, პოლიტიკა არის დაცვა. მას მართლა არავინ არ დაიჭერს და პირდაპირ პარიზში გადავა, მაგრამ ამ ხალხს აქ არავინ არ გაახარებს. აი, ამას უკეთებს რუსეთი ქართულ ოპოზიციას", - განაცხადა "ქრონიკასთან" საუბარში გიგა ლიპარტელიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100