სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფინალს მიღმა დარჩენილი „ბარსელონა“ და ატირებული მესი & Co...

განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში „კამპ ნოუზე“ რომ სრული კატასტროფა ელოდათ, „ბარსელონას“ ფეხბურთელები ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან ჩელსის კაპიტანი გააძევა. პირველი ტაიმის ანგარიში მის მიწურულამდე კარგს არაფერს უქადდა „ჩელსის“ - არისტოკრატთა გუნდი 0:2 აგებდა.

მაგრამ დღეს ფორტუნა აშკარად „ჩელსის“ მხარეზე იყო. პირველად ეს მაშინ გახდა ცხადი, როცა ტაიმის მიწურულს ბრიტანელებმა ანგარიში გაათანაბრეს. დღევანდელ შეხვედრაში მოხდა ის, რაც ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს: ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა - ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

„ბარსელონა“ და „ჩელსი“ პირველი ტაიმის შემდეგ 2:1 ანგარიშზე გაიყარნენ. ტაიმის ბოლოს ბარსელონელებს რამდენიმე კარგი მომენტი კიდევ ჰქონდათ - ფაქტობრივად მთელი ტაიმის განმავლობაში, თუ პირველ წუთებს არ ჩავთვლით, „ჩელსი“ „ბარსელონას“ ნახევარზე არც გადასულა, თუმცა, როგორც ცნობილია, მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებს...

მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა სურათი: „ბარსელონა“ უტევდა და „ჩელსი“ თავს იცავდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრიტანელთა მეკარის, პიტერ ჩეხის უბადლო, თითქმის უშეცდომო თამაში. „ბარსელონას“ შეტევებმა მასობრივი ხასიათი განსაკუთრებით, ბოლო წუთებში მიიღო, მაგრამ ემოციებს აყოლილი ფეხბურთელები ბურთს ვეღარ აკონტროლებდნენ, რაც მოედანზე გამოსულმა ფერნანდო ტორესმა შესანიშნავად გამოიყენა კიდეც: მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და „ბარსელონას“ ოცნებას ფინალზე, როგორც იტყვიან, ბოლო მიწის ბელტი მიაყოლა...

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „ბარსელონას“ გულშემატკივრები ფეხზე მდგარნი ამხნევებდნენ აცრემლებულ მესის და ბიჭებს, თავადაც ცრემლმორეულნი მღეროდნენ და ტაშით აცილებდნენ „ჩელსის“ ფეხბურთელებს, რომლებმაც, რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და ფინალში გასვლაც ნამდვილად დაიმსახურეს...

შენიშვნა: მასალის ფოტო არ არის დღეს "კამპ ნოუზე" გადაღებული და ფოტოილუსტრაციის დანიშნულება აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100