სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონსერვატიული პარტია შემოდგომაზე ოკუპანტისგან ფულად დახმარებას მიიღებს

რადიკალური ოპოზიციის თავზე შავმა ღრუბელმა დაისადგურა. არ არის მათი საქმე მთლად კარგად, მეტიც, თურმე თავიანთ ბედ-იღბალს უჩივიან კიდეც, არც ისე ბედნიერ ვარსკვლავზე ვყოფილვართ შობილნიო.

მოკლედ, შემოდგომაზე დაანონსებული აქციები დაიწყება, და მერე რა, შედეგი? სულ ტყუილად აქვთ ამ წყალწაღებულ ოპოზიციონერებს რამის იმედი, მათი აქტივისტების გარდა იმ აქციებზე კაციშვილი არ არის გამსვლელი. ნუ, ჰა, ჰა, ჰა, აქტივისტების ოჯახის წევრები და თითო-ოროლა ადამიანი, რომელსაც რუსეთის ყმობა მონატრებია, თუ მივა ამ აქციებზე.
მიტინგებმა, აქციებზე დროშების ქნევამ, შეძახილებმა: "მიშა გადადექი", "მიშა, გეშინოდეს, მოვდივარ!" კარგა ხანია თავისი დრო მოჭამა. მეთოდები დაგიძველდათ, ბატონებო, ახალი შეიმუშავეთ, თუმცა სადა აქვთ მაგათ იმდენი ტვინი, სად... მაგ ანკესზე ხალხს ვეღარ წამოაგებთ, თანაც 2009 წელთან შედარებით საპროტესტო მუხტიც არ არის საზოგადოებაში, წავიდა ეგ დრო, რომ გამოიყვანდით ხალხს და შემდეგ კუდამოძუებულებს შინ ისტუმრებდით ხოლმე, პატივცემულებო. თუმცაღა, სხვა რა დარჩენიათ რადიკალებს, კვლავ ამ გზას უნდა დაადგნენ, აბა სხვანაირად ვერ მოვლენ ქვეყნის სათავეში და თანაც მათი პატრონის, კრემლის გეგმაც ხომ ასეთია, არა.
მოკლედ, შემოდგომამდე ისვენებენ ბატონები, თანაც დაფინანსებას ელოდებიან, ყველაზე მთავარს, აბა, ფულის გარეშე ხომ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, ძალებსაც იკრებენ და შემოდგომიდან გააქტიურდებიან, დაიწყებენ კუნტრუშს. დიახ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგი პარტია სულს ღაფავს, ფულს ელოდება პატრონისგან, თურმე საწყლებს ჯიბის ფულიც აღარ ჰქონიათ და ლამის მხოლოდ ლიდერებიღა დარჩნენ პარტიაში, აქტივისტები გარბიან ერთმანეთის მიყოლებით. ეს ის პარტიაა, არჩევნებამდე, პარტიის ლიდერის თქმით, ,,უზააარმაზააარი” შედეგი რომ ჰქონდა. და ვინ თქვა, რომ შედეგი არა აქვთ, აი შედეგიც: აქტივისტები გაქცევიათ და თავიანთი "შეფისთვის", მოსკოვისთვის გაუგზავნიათ შეტყობინება, ფულის ამბავი დავაჩქაროთ, თორემ დავრჩით პარტიაში მხოლოდ ძიძიგური, კუკავა და გუჯაბიძეო, და ვიღას გამოვიყვანთ აქციებზე, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებაო.
"დრონი.ჯი"-ის ინფორმაციით, კონსერვატიული პარტია შემოდგომაზე ოკუპანტისგან ფულად დახმარებას მიიღებს. კონკრეტულად პუტინის მეგობარ, რუსეთში ქართველების ერთ-ერთი სათვისტომოს ხელმძღვანელისგან, ხუბუტიასგან ელოდებიან სოლიდურ თანხას. ეს ადამიანი პუტინის უახლოესი მეგობარია და რუსეთის სპეცსამსახურებთან რომ თანამშრომლობს, ალბათ, ყველას მოგეხსენებათ. აი, ამ ადამიანისგან მიიღებენ "კონსერვატორები" ფულს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ისინი პრორუსული ძალები არიან. სხვათა შორის, კუკავა-ძიძიგურის დუეტი ხუბუტიას ჯერ კიდევ 2008 წელს შეხვდა. კუკავა-ძიძიგური, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მაგ დროიდან იკვებებიან ხუბუტიას და იმის, ვინც დგას ხუბუტიას უკან, ანუ ამხანაგი პუტინის მილიონებით.
მოკლედ, ჯერ კიდევ 2008 წლიდან მეგობრობენ "კონსერვატორები" ხუბუტიასთან, "ფული ჯოჯოხეთს ანათებს" და რუსული ფული ხარბ "კონსერვატორებს" ვერ მოხიბლავდა? სქემა ასეთია: რადგან საქართველოში რუსეთიდან ფული ვერ შემოდის, და რუსული ფულის შემოდინება გამორიცხული ამბავია, გადაწყდა, რომ "კონსერვატორებმა" თბილისში შექმნან დემოკრატიული განვითარების ფონდის მსგავსი ორგანიზაცია. თანხები შემოვა ევროპიდან, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც კრემლს მრავლად აქვს გახსნილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგ: შვედეთში. და რეალურად კი, როგორც გითხარით, რუსული ფული გადმოირიცხება.
ფული კი მოხმარდება რას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, რა თქმა უნდა, არეულ-დარეულობას ქვეყანაში და თავად პარტიასაც, თორემ ხალხი პანტა-პუნტით აკლდებათ ბატონებს. აი, თურმე რატომ გარიცხეს ნოღაიდელი "ეროვნული საბჭოდან". ამ ინფორმაციის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა რატომაც შეელიენ "დაღლილი ვირის" მილიონებს, ზურიკომ ხომ თავის დროზე საკმაოდ დიდი ფული ჩაუჯიბა მათ. ზურიკო იმდენს ვერ გადაიხდიდა, რასაც "კკბ" ხუბუტიას ხელით გადაუხდის.
"კონსერვატორებმა" შემოდგომამდე უფულოდ ყოფნა არჩიეს, ნოღაიდელის გამოხდომების და დირექტორობის ატანას. თანაც ამ გეგმის თანახმად, დირექტორი ძიძიგურია და ასეთი გეგმა შემდგარა და გიჟია ნოღაიდელის უფროსობა აეტანა? რა თქმა უნდა, არა, ხოდა ამოკრეს კიდევაც პანღური ნოღაიდელს.
ამ საკითხზე კომენტარისთვის "დრონი.ჯი" "კონსერვატორ" კახა კუკავას დაუკავშირდა.
კახა კუკავა: "ფონდს ვქმნით? ჩვენ, "კონსერვატორები"? და ფინანსებს ხუბუტიასგან ველოდებით? რა სისულელეა. თქვენი გაზეთი იმასაც წერდა, რომ გასულ წელს 46 მილიონი გადმოგვირიცხა კრემლმა და იცით, ჯერ ეგ რუსული ფული ბოლომდე არ დაგვიხარჯავს, ასე რომ, ამ ეტაპზე ახალ დაფინანსებას არ ვსაჭიროებთ!“

პ.ს. ხუბუტიას ფულები, რუსეთში "ეროვნული საბჭოს" ოფისების გახსნა, მოკლედ, ამბიციურ ძიძიგურს და ხარბ კუკავას დიდი გეგმები აქვთ. ემანდ ფრთხილად იყავით, ფეხი არაფერს წამოკრათ და საბედისწეროდ არ დაამთავროთ თქვენი კარიერა, ბატონებო. "კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო", უთქვამთ ჩვენს წინაპრებს.
და კიდევ ერთი, იქნებ იურისტმა კუკავამ განგვიმარტოს უცხო ქვეყნისგან ფულის მიღება ხელისუფლების დასამხობად დასჯადი ქმედება არის თუ არა? და რას ეძახიან ასეთ ადამიანებს? პატრიოტებს არა, ყოველ შემთხვევაში. ასე რომ, მოღალატეებს, ჯაშუშებს, მოსყიდულებს და პრორუსულ ძალებს რომ ეძახიან "კონსერვატორებს", აღარ უნდა გიკვირდეთ და გწყინდეთ, ბატონო კახა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100